Accessibility links

logo-print

საქართველოს ინტერნეტბაზარზე ორი ყველაზე მსხვილი მოთამაშე -“სილქნეტი” და “კავკასუს ონლაინი” - ერთიანდება. სს “სილქნეტისა” და შპს “კავკასუს ონლაინის” შერწყმის გამოკვლევის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას კომუნიკაციების ეროვნული კომისია 11 აგვისტოს განიხილავს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშიკომპანია „სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განაცხადი ორი კომპანიის გაერთიანების ინიციატივის თაობაზე 27 ივლისს შევიდა.

ამ ორი კომპანიის შერწყმით საქართველოში უკვე ოფიციალურად იქმნება მონოპოლისტი ინტერნეტპროვაიდერი, რომელიც დღეისთვის არა მხოლოდ ინტერნეტის, არამედ, მაგალითად, ისეთი სერვისის, როგორიც ტელევიზიების ე.წ. „გადახვევის“ მომსახურებაა, ერთადერთი მიმწოდებელი იქნება.

ბოლო პერიოდში ამ ორმა კომპანიამ, პრაქტიკულად უნისონში, უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა ინტერნეტ და სატელევიზიო მომსახურების ფასი. ნაკლებად სავარაუდოა, კომპანიების გაერთიანება მომხმარებლის ინტერესების დაცვას მოემსახუროს და ფასების შემცირებაზე დადებითად აისახოს. არადა, მაშინ, როცა მსოფლიო ტენდენცია ინტერნეტის ფასის შემცირებასა და თავისუფალი ინტერნეტზონების გამრავლებისკენ მიდის, საქართველოში ეს პროცესი დღეს ახალი კითხვების საფუძველი ხდება.

რაც შეეხება თავად კომპანიებს, კომპანიების მიერ თავიანთ შესახებვე გავრცელებული ინფორმაცია ასეთია: "კავკასუს ონლაინი" სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტტექნოლოგიებზე დაფუძნებული მომსახურებების სრულ სპექტრს სთავაზობს. ტექნოლოგიური ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე ბაზარზე მოქმედი მთავარი მოთამაშეები Sanet და Georgia Online (dial up ტექნოლოგია), Caucasus Network (dsl ტექნოლოგია) და Telenet (fixed wireless ტექნოლოგია) 2008 წელს "კავკასუს ონლაინის" ბრენდის ქვეშ გაერთიანდნენ.

"კავკასუს ონლაინმა" საქართველო ევროპასთან დააკავშირა საკუთარი 1200- კილომეტრიანი ოპტიკურბოჭკოვანი კაბელით. კაბელი 2008 წელს შავი ზღვის ფსკერზე ჩაიდო და მას შემდეგ კომპანია მომხმარებელს ინტერნეტს ევროპიდან პირდაპირი, უმოკლესი გზით საკუთარი მაგისტრალური კაბელით აწვდის.

დღესდღეობით "კავკასუს ონლაინი" - როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონალური მასშტაბით - სატელეკომუნიკაციო ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელსაც, მთლიანობაში, ევროპიდან, კასპიის რეგიონის ჩათვლით, 3 000 კმ-ზე მეტი საკუთარი ოპტიკურბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა აქვს, ასევე რამდენიმე ფიზიკური და ვირტუალური დაშვების წერტილი (POP) ევროპაში: ფრანკფურტში, ლონდონში, ბუდაპეშტში, ამსტერდამში, სოფიაში, კიევში.

კომპანია ოპერირებს არა მარტო საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. როგორც მათ საიტზეა აღნიშნული, სომხეთში "კავკასუს ონლაინი" ინტერნეტის მიწოდების 85 % –ს, აზერბაიჯანში – 50 %–ს, ხოლო საქართველოში 55 %-ს უზრუნველყოფს.

„სილქნეტი“ კი საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ახალი კომპანიაა, რომელიც 2010 წლის 12 მარტს დაარსდა. „სილქნეტი“ არის ერთადერთი სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის სრულ საკომუნიკაციო სერვისს ქვეყნის მასშტაბით (ტელეფონი, ინტერნეტი, ტელევიზია). ის პრაქტიკულად მთელ საქართველოს ფარავს.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების სფერო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირებას ექვემდებარება. საზოგადოებასა და ექსპერტებში უკვე გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ეს მონოპოლიური გაერთიანება ბაზარზე და რამდენად შეძლებს მასზე ზეგავლენის მოხდენას კომისია ან ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელსაც ასევე მომხმარებლის დაცვა ავალია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG