Accessibility links

საგარეო სავაჭრო ბრუნვა მცირდება


ავტომობილების საბაჟო ტერმინალი ფოთში

ავტომობილების საბაჟო ტერმინალი ფოთში

ავტორი: ირინა გურული

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემებს აქვეყნებს. 2015 წლის იანვარ–ივლისის მდგომარეობით, სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 573 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, გასულ წელთან შედარებით, 14 პროცენტით ნაკლებია. 24- პროცენტიანი კლება აღინიშნა ექსპორტში, ხოლო 11-პროცენტიანი - იმპორტში. გაღრმავდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი – 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი - შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ასეთი დაბალი მაჩვენებელი – სულ, მილიარდ 269 მლნ აშშ დოლარი - ბოლო ხუთი წლის რეკორდია.

ექსპორტი შემცირებულია როგორც ევროკავშირის, ასევე დსთ–ს ქვეყნების მიმართულებით, თუმცა, რეგიონში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო, ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 44 პროცენტით არის შემცირებული, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით თითქმის უცვლელია – მხოლოდ 0,4 პროცენტით ნაკლები. დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს ევროკავშირის ქვეყნების წილის ზრდა მთლიან ექსპორტში: ამ ქვეყნების წილმა მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 31 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში 27, ხოლო იმპორტში 32.

უცვლელია სამი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი – თურქეთი, აზერბაიჯანი და ჩინეთი. თურქეთში საექსპორტოდ ტრიკოტაჟის ნაწარმი, რკინისა და ფოლადის ნახევარფაბრიკატები და ელექტროენერგია გავიდა, ხოლო თურქეთიდან ძირითადად სამკურნალო საშუალებების, პლასტმასის მილებისა და სხვა სანიტარულ–ჰიგიენური ნაწარმის იმპორტი განხორციელდა. აზერბაიჯანში საექსპორტოდ მსუბუქი ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები და ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა. აზერბაიჯანიდან განხორციელდა უმეტესად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი. ჩინეთში, რომელიც საექსპორტო პოტენციალის მხრივ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ათვისებული, ექსპორტზე გავიდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სპილენძის ჯართი და ყურძნის ნატურალური ღვინოები.

შეცვლილია უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფები: ავტომობილების რეექსპორტმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა და მთელი ექსპორტის 9 პროცენტი შეადგინა (გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში 20 პროცენტი იყო). საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა - 149 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 130 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა. 146 პროცენტით გაიზარდა თხილის და სხვა კაკლის ექსპორტი და მთლიანი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა. 6 პროცენტიდან 3,8 პროცენტამდე შემცირდა ყურძნის ნატურალური ღვინოების წილი მთლიან ექსპორტში.

შეცვლილია უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებიც: პირველ ადგილზე სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 406 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9 პროცენტი შეადგინა (გასულ წელს 3,7 პროცენტი იყო). მეორე ადგილზე აღმოჩნდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი, 371 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტს შეადგენდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა, 280 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი).

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ექსპორტის მხრივ არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა, თუმცა იმედისმომცემია ბაზრების დივერსიფიკაციის ტენდენციები, ამასთან, რეექსპორტის შემცირება და ადგილზე ნაწარმოები პროდუქციის ექსპორტის გაზრდა, რაც საქართველოს ეკონომიკაში მეტი დამატებითი ღირებულის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG