Accessibility links

logo-print

მეწარმეობა საქართველოში და მისი შეფასება


საქართველოს ბიზნესასოციაციის შეხვედრა

საქართველოს ბიზნესასოციაციის შეხვედრა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა საქართველოში მეწარმეობის პოტენციალი შეისწავლა და საინტერესო შედეგები გამოაქვეყნა.

საქართველოში თვითდასაქმებულთა შესახებ მაინცდამაინც ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი უმეტესად სოფლად ცხოვრობენ და დე ფაქტო მიკრომეწარმეები არიან. ამის მიუხედავად, თვითდასაქმებულები დასაქმებულთა 2/3-ს შეადგენენ და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 20 პროცენტს ქმნიან. მწირი ინფორმაცია მოიპოვება ქვეყანაში მოქმედ მიკრო და მცირე ბიზნესებზეც.

გასაკვირი არ არის, რომ გამოკითხულ თვითდასაქმებულთა 60 პროცენტი სოფლის მეურნეობის სექტორში საქმიანობს. ეს სურათი საგრძნობლად იცვლება მიკრო და მცირე ბიზნესის შემთხვევაში. კერძოდ: გამოკითხულთა 20 პროცენტი საქმიანობს მრეწველობის სექტორში, 38 - ვაჭრობაში და 40 პროცენტი - მომსახურების სფეროში, რომელიც მოიცავს ტრანსპორტსა და კომუნიკაციას, განათლებას, შინამეურნეობებს.

თვითდასაქმებულთა უმრავლესობა ე. წ. „საჭიროებით მოტივირებული მეწარმეები“ არიან. ასაკობრივ ჯგუფებში შეინიშნება სხვაობა მოტივაციის და რისკებთან დამოკიდებულების მხრივ: 39 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 57 პროცენტი მზად არის გასწიოს ფინანსური რისკი, რათა მეტი აწარმოოს, მაშინ როდესაც 60 წლის და ზევით ასაკობრივ კატეგორიაში ფინანსურ რისკზე მხოლოდ 14 პროცენტი წავიდოდა. თვითდასაქმებულთა 74 პროცენტი (39 წლის ქვევით ასაკობრივ კატეგორიაში) მზადყოფნას გამოთქვამს ბიზნესის გასაუმჯობესებლად ტრენინგკურსები გაიაროს, მაშინ როდესაც 60 წლის და ზევით თვითდასაქმებულთა მხოლოდ 20 პროცენტი იტყოდა თანხმობას ასეთ შესაძლებლობაზე.

კვლევის შერჩეული მეთოდი გულისხმობდა ერთი და იმავე თვითდასაქმებულებისა და მიკრო და მცირე მეწარმეების გამოკითხვას 6 თვეში ერთხელ (სულ 650 რესპონდენტი). ეს მეთოდი საშუალებას იძლევა თვალი მივადევნოთ გამოკითხულთა ბიზნესაქტივობებში მომხდარ ცვლილებებს, მათ მიერ ბიზნესგარემოს აღქმას 2 წლის განმავლობაში.

2013 წლის ზაფხულში ჩატარებული პირველი რაუნდის შედეგების შედარება 2015 წლის ზაფხულში ჩატარებულ მეოთხე რაუნდთან აჩვენებს, რომ მეწარმეთა განწყობა მაკროეკონომიკურ და ბიზნესგარემოსთან მიმართებით დღეს ნაკლებად ოპტიმისტურია. თვითდასაქმებულთა შორის შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მათი შემოსავალი სტაბილურია. გამოკითხულთა 60 პროცენტი (პირველი რაუნდის 43 პროცენტთან შედარებით) ამბობს, რომ მათი ბიზნესაქტივობა სტაგნაციაშია. გამოკითხულ თვითდასაქმებულთა 71 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი მდგომარეობა ბოლო 6 თვის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა. მიკრო და მცირე მეწარმეთა მხოლოდ 13 პროცენტს მიაჩნია, რომ ბიზნესის კეთების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდება უახლოეს მომავალში, მაშინ როდესაც პირველი რაუნდის დროს გამოკითხულთა 43 პროცენტი უყურებდა ოპტიმისტურად სამომავლო პერსპექტივას. 10 პროცენტით შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც ეთანხმებოდნენ აზრს, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გასაგები და პროგნოზირებადია.

რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, როგორიცაა ბიზნესის ფორმალიზაცია, ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა, რისკების მიმართ დამოკიდებულება და მატერიალური მდგომარეობა, კვლევას უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ცვლილებები არ გამოუვლენია. გამოკითხულთა 70 პროცენტს არ აქვს საბანკო ანგარიში და მათი 90 პროცენტი ბიზნესსაქმიანობას ეწევა ყოველგვარი წერილობითი კონტრაქტების გარეშე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG