Accessibility links

logo-print

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შესყიდვაზე. მინისტრის განცხადებით, ივლისში დადეს პირობა, რომ წლის ბოლომდე ქართულ ჯარს თანდათანობით სრულად გადაიყვანდნენ ქართულ კვებაზე. მინისტრის ინფორმაციით, მარტო მიმდინარე წელს ხორცზე დახარჯულია 6 მილიონი ლარი და ამ პროდუქტს მთლიანად უცხო ქვეყნებისგან შეისყიდიდნენ. ძირითადი მომწოდებელი იყო ინდოეთი, მაგრამ იყო ასევე სხვა ქვეყნებიც. 2014 წელს ქართულმა ჯარმა 460 ტონა ხორცი მოიხმარა.

„ჩვენი ამ ინიციატივის ფარგლებში, ამოცანა არის ძალიან მარტივი - ერთი მხრივ, ქართულ ბიზნესს დავეხმაროთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს და მეწარმეებს, ვინც ქვეყანაში ამ ბიზნესით არის დაკავებული და, ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ქართველ მწარმოებლებს. ყველას მინდა ვთხოვო, გამოიჩინონ მაქსიმალური აქტივობა. ამწუთას ტენდერი ცხადდება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა მომავალი წლიდან ის უკვე მთელ საქართველოს დაფარავს. ჩვენ თანდათანობით, წლის ბოლომდე, სხვა დანარჩენ პროდუქტებზეც, რომელიც იწარმოება საქართველოში, ასევე გამოვაცხადებთ ტენდერს მხოლოდ ქართველი მეწარმეებისთვის", განაცხადა ხიდაშელმა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტენდერი ცხადდება საქართველოში ნაწარმოებ ხორცზე და არა ქართველი მეწარმეების მიერ შემოტანილზე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გამოაქვეყნა საქართველოში არსებული სასაკლაოების შესახებ კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც 2014 წელს საქართველოში 77 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 20.8 % მდებარეობს იმერეთში, 18,2 % - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 16,9 % - კახეთში, 13,0 % - შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 31,2 % - სხვა რეგიონებშია განთავსებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 12 192ერთეული პირუტყვის დაკვლაა შესაძლებელი.

2014წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 240 438სული პირუტყვი,

მათ შორის, 77.0 % - მსხვილფეხა, ხოლო 23.0 % - წვრილფეხა. სასაკლაოების მიერ გასული წლის განმავლობაში 15 990,6ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც უდიდესი ნაწილი (94.0 %)მსხვილფეხა პირუტყვის ხორცზე მოდიოდა.

2014 წლის განმავლობაში დაკლული პირუტყვიდან 18.9 %შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ. მომსახურების ღირებულებამ 5,0მლნ ლარი შეადგინა, მომსახურება გაეწია 28 792 პირს, საიდანაც 48.6 % შინამეურნეობებს წარმოადგენდნენ.

სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ 513 კაცი შეადგინა. შესაბამისად, გასულ წელს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოხმარებული ხორცის რაოდენობა მთლიანად საქართველოში წარმოებული რაოდენობის საკმაოდ მცირე ნაწილია. ამ ფონზე, ძნელი სათქმელია თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა ქართული საქონლის ხორცის წარმოების მასშტაბზე რადიკალურად აისახება თუ არა. თუმცა მოთხოვნის გარკვეულ ნაწილს ნამდვილად შეავსებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG