Accessibility links

logo-print

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 7,5 პროცენტამდე ზრდის


ავტორი: ირინა გურული

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5 პროცენტს შეადგენს. ბოლოს მსგავსი მაჩვენებელი 2011 წლის აგვისტოში დაფიქსირდა.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის პარალელურად, ლარში დენომინირებული სესხები ფიზიკური და იურიდიული პირების ნაწილს გაუძვირდა. მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებსა და, ზოგადად, ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე.

მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2016 წლის დასაწყისში ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებლის მაღლა შენარჩუნდება, შემდეგ დაიწყებს შემცირებას და 5-პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს 2016 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს. ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.8 % შეადგინა. ინფლაციის ზრდის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია, კერძოდ, გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ელექტროენერგიის გადასახადის ერთჯერად მატებას. ინფლაციის ზრდას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავს.

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მესამე კვარტალში პროგნოზირებულთან შესაბამისი იყო. წინასწარი მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2.7 % შეადგინა. ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორია საგარეო სექტორი, რომელიც, რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ნეგატიურ ასახვას პოვებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე. წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ძირითადად შიდა მოთხოვნით იყო განპირობებული. ამავე დროს, შიდა მოთხოვნაზე უარყოფითად მოქმედებს ფულადი გზავნილების შემცირება და უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე, ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსის უკვე ცვლილების შედეგად, მომსახურების ტვირთის ზრდა.

პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ. შემცირებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ დააჩქარა იმპორტის კორექტირების პროცესი. წლის დასაწყისიდან იმპორტის კლებამ 14 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული საგარეო შოკის ეფექტი კურსზე ამოწურულია. სხვა თანაბარ პირობებში, აღნიშნული საგარეო შოკიდან კურსზე დამატებითი ზეწოლა მოსალოდნელი არ არის.

მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 16 დეკემბერს გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG