Accessibility links

სახელმწიფო, სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობის სხვა პროგრამებთან ერთად,მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება ამჟამადაც მიმდინარეობს. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მეფუტკრეობის დარგში დასაქმებულ კოოპერატივებს, რომლებიც სხვა პირობებთან ერთად შემდეგსაც უნდა აკმაყოფილებდნენ: იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, კოოპერატივის წევრი არ უნდა იყოს 5-ზენაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 11-ზე ნაკლები. ამასთან, ამ კოოპერატივებს მთიან სოფლებში საკუთრებაში უნდა ჰქონდეთ (ბალანსზე აყვანილი) არანაკლებ 30 სკა, ფუტკრის ოჯახით, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ კოოპერატივებს - არანაკლებ 60 სკა, ფუტკრის ოჯახით.

ასეთი კოოპერატივებისთვის გათვალისწინებულია ტექნიკური მხარდაჭერა და კაპიტალური ინვესტირება. კოოპერატივების მხარდაჭერა თითქმის ერთადერთი გამოსავალია სიტუაციაში, როცა თაფლის მწარმოებლებს ახალი სტანდარტების დაკმაყოფილების მოთხოვნები აქვთ წარდგენილი.

2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა „თაფლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს ნატურალური თაფლის მიმართ წარმოების, გადამუშავების, ეტიკეტირების, ჰიგიენის და დისტრიბუციის მოთხოვნებს. მცირე ფერმერებზე მიმართულ რეგულაციებს ტექნიკური რეგლამენტის მეექვსე და მეშვიდე მუხლები განსაზღვრავს და არეგულირებს თაფლის შემადგენლობას (ფერმენტები, ნახშირწყლები, ანტიბიოტიკები და ა.შ.).

მცირე ფერმერთათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ის, რომ 2015 წლის სექტემბრამდე საქართველოში თაფლის სრულფასოვანი ანალიზის განხორციელება შეუძლებელი იყო (150-მდე პარამეტრზე მოწმდება, თუმცა ზოგიერთ პარამეტრზე - მაგალითად, ანტიბიოტიკის გარკვეული ჯგუფებზე - ვერა). ბოლო გამოკვლევებით, ნიმუშების, დაახლოებით, 30 პროცენტზე მეტი პრობლემური იყო (ანტიბიოტიკების მაღალ მაჩვენებელს შეიცავდა).

ანტიბიოტიკების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად მეფუტკრეთა დიდი ნაწილი თაფლს ალუმინის ან თუთიის ცენტრიფუგებში წურავს, რასაც ევროკავშირი კატეგორიულად კრძალავს. მეწარმეებს არც შესაბამისი სტანდარტის შესანახი ჭურჭელი აქვთ. თაფლი, როგორც წესი, მცირე რაოდენობებით იყიდება, რაც მეწარმეებს შემოსავლის შეგროვების საშუალებას არ აძლევს.

მეფუტკრეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული თაფლის ევროპაში შეტანას ხელი, შესაძლოა, მისმა სიძვირემაც შეუშალოს. ამჟამად საქართველოში წარმოებული კილოგრამი თაფლი ადგილობრივ ბაზარზე 10-25 ლარად იყიდება. ევროკავშირში 1 კგ არგენტინული თაფლი, დაახლოებით, 3 ევრო ღირს და ის ქართულ თაფლზე გაცილებით იაფი გამოდის. იგივე ფასი აქვს მექსიკურ და ავსტრალიურ თაფლს. კიდევ უფრო იაფია - დაახლოებით, 2 ევრო ღირს - ჩინური თაფლი. ეს პრობლემა, ექსპერტთა აზრით, შესაძლოა ქართული თაფლის მაღალმა ხარისხმა დაარეგულიროს და ეს თაფლი მაღალი კლასის სეგმენტში შევიდეს, თუმცა ამისთვის სტანდარტების დაკმაყოფილებაა აუცილებელი.

შესაბამისად, როგორც აღვნიშნეთ, აუცილებელია მწარმოებელთა გამსხვილება. ამას კი ბევრი ფაქტი - მათ შორის, კოოპერატივებისადმი მეწარმეთა უნდობლობაც -უშლის ხელს. სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირისა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მხარდაჭერის პროგრამები შეიძლება გახდეს ამ თვალსაზრისით მასტიმულირებელი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG