Accessibility links

logo-print

ხელისუფლება აგრარულ სექტორში განხორციელებული პოლიტიკის 3 წლის შედეგებს აჯამებს. ამ პოლიტიკამ ბოლო სამი წლის განმავლობაში აგრარული სექტორის წილი მშპ-ში ვერ გაზარდა და, მაგალითად, 2014 წლისთვის კვლავ 8,2 პროცენტის ფარგლებში იყო, თუმცა თავად დარგის შიგნით ციფრობრივი ზრდა შეიმჩნევა. იმაზე, თუ რა თანხები დაიხარჯა ხელისუფლების მიერ ამ „სტაბილური“ მდგომარეობის შესანარჩუნებლად, წარმოდგენას მოგვცემს შემდეგი დეტალები:

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე სულ 642, 6 მილიონი ლარი და 163 მილიონი აშშ დოლარი გაიცა. ოფიციალური ინფორმაციით, იმისათვის, რომ მეწარმეებისა და ფერმერებისთვის იაფი ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომი ყოფილიყო, დღეის მდგომარეობით, სულ 25 200 შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა.

უწყების განმარტებით, სულ დაფინანსებულია 139 ახალი საწარმოს შექმნა და 665 საწარმოს გაფართოება. "ახალ საწარმოებში შეიქმნა (სეზონურობის ჩათვლით) 3 500 სამუშაო ადგილი", - განმარტავენ უწყებაში. რაც შეეხება პროექტს "აწარმოე საქართველოში", მის ფარგლებში გაცემულია 18 029 298 მლნ აშშ დოლარის შეღავათიანი სესხი. დაფინანსებული დარგებია: რძის გადამუშავება, ჩაის წარმოება, ცხოველის საკვების წარმოება, ხილის გადამუშავება, მეფრინველეობა, სასათბურე მეურნეობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამწლიან ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც დღესსაგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" გაიმართა, ნათქვამია, რომ 2014-2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამით, ჯამში, 27 000 პოლისია გაცემული. ოფიციალური ინფორმაციით, დაზღვეულია 180 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. "დაზღვეულია 23 132 ჰა მიწის ფართობი. სააგენტოს მიერ გადასახდელი სუბსიდირების თანხა შეადგენს 13 545 034 ლარს", - აცხადებენ სამინისტროში.

როგორც ცნობილია, აგროსექტორში, სადაზღვევო ბაზრის განვითარების მიზნით, 2014 წლის სექტემბრიდან აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა დაიწყო. რაც შეეხება გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს, რომელიც ასევე 2014 წლიდან დაიწყო, მის ფარგლებში დამტკიცებულია 28 პროექტი. "დამტკიცებული პროექტების ჯამური თანხა შეადგენს 18 335 406 აშშ დოლარს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს7 199 004 აშშ დოლარს. პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 11 ახალი საწარმო. თანადაფინანსების სახით გაცემულია 3 300 352 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში", - აღნიშნავენ უწყებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელდა მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის სამწლიანი პროექტი. "2013 წლიდან ყოველწლიურად დახმარებას იღებს800 000-მდე გლეხი და 220 ათას ჰექტარზე მეტი მიწა მუშავდება", - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. რაც შეეხება 2015 წლის 6 მარტიდან დაწყებულ პროექტს "დანერგე მომავალი", ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში (ბაღების გაშენების კომპონენტში) დამტკიცებულია 52 პროექტი. გაშენებულია 89.63 ჰა ინტენსიური ტიპის ბაღი. "მიმდინარეობს 322 ჰა ბაღის გაშენება. თანადაფინანსების სახით გაცემულია 575 890 ლარი. დამტკიცებული პროექტების ფარგლებში გასაცემია 1 101 301 ლარი", - განმარტავენ უწყებაში.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, 2013-2015 წლებში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 87 სარეაბილიტაციო პროექტი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 62 000 000 მლნ ლარი შეადგინა. "შედეგად, დღეისთვის წყალუზრუნველყოფილია 97 000 ჰექტარი მიწის ფართობი, ხოლო დაშრობილია 28 375 ჰექტარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 420 კმ სადრენაჟე არხს, 721 კმ საირიგაციო არხს და 11 ერთეულ სატუმბ სადგურს. "საქართველოს მელიორაციაში" 2015 წელს შეიქმნა მობილური მელიორაციის სამსახური. მობილური სატუმბების მეშვეობით მოირწყა 200 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი", - ნათქვამია უწყების ანგარიშში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ პროექტებმა მშპ-ში აგრარული სექტორის წილი ვერ გაზარდა, თუმცა თავად სექტორის ზრდა 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, 11 პროცენტის ფარგლებში იყო, რაც ამ დარგისადმი ყურადღების კონცენტრირების ერთჯერადი ეფექტი გახლდათ. ცხადია, აგრარული სექტორის ინვესტიციები მაინც გრძელვადიან ეფექტზეა გათვლილი და მოიტანს თუ არა დღეს „დანერგილი მომავალი“ სამომავლოდ ნაყოფს, ამას, ტრადიციულად, დანერგვიდან 3-5 წელიწადში ვნახავთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG