Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური დაპირისპირება რუსეთ-თურქეთს შორის


რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები ავიამოიერიშის ჩამოგდების შემდეგ ახალ - ეკონომიკური დაპირისპირების ფაზაში შედის. უკვე გუშინ რუსეთის ტურიზმის ფედერალურმა სააგენტომ ტუროპერატორებს თურქეთში ტურები აუკრძალა. აკრძალვის მიზეზად ტერორიზმის საფრთხე დასახელდა.

“თურქეთში განვითარებული მოვლენები ვერ უზრუნველყოფს რუსეთის მოქალაქეების დაცვას ან მათ მფარველობას რუსეთის მხრიდან. აღნიშნული გარემოებები კვალიფიცირდება როგორც მუქარა ტურისტების უსაფრთხოებისადმი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყება თავის გვერდზე ავრცელებს.

“როსტური” ეყრდნობა ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელმაც თურქეთში ტერორიზმის საფრთხეებზე ისაუბრა.

„ყოველივე აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში ტურისტების მომსახურება თურქეთის მიმართულებით, “როსტურის” აზრით, არის რუსეთის კანონმდებლობის დარღვევა, რომელიც ისჯება კანონით და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას. “როსტურიზმი” მოუწოდებს რუსეთის ტუროპერატორებს, ტურისტულ სააგენტოებს შეაჩერონ პროცესი, ასევე ცალკეული ტურმომსახურება თურქეთში, მათ შორის, მესამე ქვეყნის გავლით”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეკონომიკურ ბრძოლაში, ტრადიციისამებრ, პირველივე დღეს ჩაერთო „როსსელხოზნადზორი“, რომელმაცუმსხვილესი იმპორტიორის, თურქული კომპანია Standart Gida Sanayi-ის მიერ წარმოებული ხორცის პროდუქტის იმპორტზე შეზღუდვა დააწესა.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება ზემოხსენებული თურქული კომპანიის მიერ წარმოებულ ქათმის ხორცს, რომელშიც, რუსული უწყების განცხადებით, ლისტერიის ბაქტერია აღმოჩნდა. შეზღუდვა 2015 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდება.

კომპანიის წარმოებული ხორცპროდუქტების რუსეთის ტერიტორიაზე დაშვება 1 დეკემბრიდან მხოლოდ ლაბორატორიული კონტროლის ჩატარების შემდეგ გადაწყდება.

ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ კრიზისი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში ერთობლივ ბიზნესპროექტებზე აისახება. მათი აზრით, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება "თურქული ნაკადი", თურქეთში ატომური ელექტროსადგურის, "აკუიუს", მშენებლობა და შავი ზღვის სრუტეების გავლით რუსული ხომალდების გავლის საკითხი.

გაზეთი „კომერსანტი“ აღნიშნავს, რომ თურქეთი გერმანიის შემდეგ რუსული გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია. "ანკარა რუსეთიდან გაზის, დაახლოებით, 60 %-ს იღებს, ასეთი მასშტაბის ალტერნატიული წყარო მას არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ "კომერსანტის" მოსაუბრემ თურქეთში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტა უარყო, ერთი წლის წინ "გაზპრომმა" უკრაინის სატრანზიტო კორიდორით გაზის მიწოდება შეამცირა, რის გამოც თურქეთიც დაზარალდა", - წერს "კომერსანტი".
განცხადებები ოფიციალურ დონეზეც გაკეთდა. მაგალითად, რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი ნიკოლაი ლევიჩევი თურქეთიდან რუსი ტურისტების ევაკუაციას მოითხოვს. მისი განცხადებით, აუცილებელია თურქეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტა და უნდა გაუქმდეს თურქეთთან უვიზო რეჟიმი. ასევე, უნდა გაიყინოს ერთობლივი ეკონომიკური პროექტები თუკი, მისი თქმით, თურქეთი ოფიციალურად არ მოიხდის ბოდიშს "სუ-24"-ის ინციდენტთან დაკავშირებით.

ზოგადად, სასწორზე წელიწადში 30 მლრდ. დოლარის ვაჭრობა და 2 მლრდ. დოლარზე მეტი დაგროვილი ინვესტიცია დევს. თურქეთი რუსეთის სიდიდით მეხუთე სავაჭრო პარტნიორია - რუსეთის საგარეო ვაჭრობის 4,6 % თურქეთზე მოდის. რუსეთსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2014 წელს 31 მლრდ. დოლარი შეადგინა. შესაბამისად, ეკონომიკური პრობლემები ორივე ქვეყანაზე მნიშვნელოვნად აისახება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG