Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციზის გადასახადი ისევ იზრდება


გასულ კვირას საქართველოს მთავრობის სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს, რომელიც2016 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მატებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიღების მიზანია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაცია.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან დაგეგმილია აქციზის ფიქსირებული განაკვეთის გაზრდა:

ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით და 1,1 ლარს მიაღწევს; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით და 0.3 ლარს მიაღწევს; სიგარებსა (ერთ ღერზე) და სიგარალებზე (20 ღერზე) - 0.4 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე (1 კგ-ზე) - 5 ლარით; ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5- დან 10 პროცენტამდე.

ასევე 2016 წლის 1 იანვრიდან ვისკიზე, რომსა და ტაფიაზე, ჯინისა და ღვინის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებსა და ეთილის სპირტზე (გარდაყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა) აქციზის განაკვეთი გაიზრდება 8-დან 10 ლარამდე.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება.

ექსპერტების ვარაუდით, სიგარეტის ფასი, სავარაუდოდ, 50 თეთრით გაიზრდება. აქციზის გაზრდა 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს 90 მილიონი ლარით გაზრდის. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება 2024 წლამდე აქციზის განაკვეთი თამბაქოზე, 1000 ღერზე, 90 ევრომდე გაზარდოს. შესაბამისად, ფასის მატება ეტაპობრივად ათი წლის განმავლობაში იგეგმება.

აქციზის განაკვეთი გაიზარდა გასულ წელსაც, როდესაც დამატებით ადვალორული გადასახადი იქნა შემოღებული. თამბაქოს კომპანიის წარმომადგენლების თქმით, საქართველოში ძნელია ბიზნესის გრძელვადიანი დაგეგმვა, რადგან მთავრობას კომპანიებისთვის არ მიუწოდებია სამომავლოდ დაგეგმილი რეგულაციების, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, ბიზნესს ფუნქციონირება არაპროგნოზირებად გარემოში უწევს, რაც შესაბამისად აისახება ინვესტიციების ოდენობაზეც.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG