Accessibility links

ავტორი: ირინა გურული

საქართველოს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მარჯვენასაჭიანი მანქანებისა და არაეკოლოგიური - მაგალითად, უკატალიზატორო - მანქანების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. ამას გარდა, სადაზღვევო სფეროს, სავალდებულო დაზღვევის შემოღების წყალობით, ახალი „შემოსავალი“ შეემატება; კვლავ მომგებიანი გახდება ტექდათვალიერების ბიზნესიც.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. მანქანების რაოდენობა ბოლო ორი წლის მანძილზე, დაახლოებით, 200 ათასით გაიზარდა. შსს-ს ცნობით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი 50 %-ს გაუტოლდა. რაც ნიშნავს, რომ იმპორტირებული მანქანების ნახევარი მარჯვენასაჭიანია.

ხელისუფლება აზუსტებს, რომ მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე დამატებითი გადასახადებისა და ახალი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. ცვლილებები არც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს. მფლობელებზე, რომლებსაც მსგავსი ავტომანქანები უკვე რეგისტრირებული აქვთ, შეზღუდვა არ გავრცელდება. აკრძალვა ასევე არ ეხება ტრანზიტს, დროებითი შემოყვანის რეჟიმს, რეექსპორტსა და იმპორტს, მაგრამ აიკრძალება მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრირება. ინფორმაციაში არ დაზუსტებულა, საუბარი მხოლოდ პირველადრეგისტრაციაზეა თუ მეორადზეც, ანუ გადაფორმებაზე. თუ აკრძალვა მეორად რეგისტრაციასაც შეეხო, ეს მარჯვენასაჭიანი მანქანების მფლობელებს რეალურად მოძრავი ჯართის მფლობელებად აქცევს, რადგან ვერც მანქანის რეალიზებას შეძლებენ და, შესაბამისად, ვერც ოჯახის ავტოპარკს განაახლებენ.

გარდა ამის, ხელისუფლება „უკატალიზატორო“ მანქანების წინააღმდეგაც ილაშქრებს. ამასთან დაკავშირებით განმარტება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა: "შესაძლოა კომპანიას, რომელიც კატალიზატორებს შემოიტანს, მათი განვადებით გაცემა ეთხოვოს, შემდეგ კი დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება შემოვა. ამას, რა თქმა უნდა, დროში გავწერთ. ჩვენ არ მოვთხოვთ მოსახლეობას, რომ ეს ერთიანად გაკეთდეს. ამას სჭირდება გეგმის შემუშავება, რასაც უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ საზოგადოებას“.

ამ განცხადებებს, ცხადია, ძირითადად ეკოლოგიური საფუძველი აქვს, თუმცა რეალურად ეს სერიოზული ეკონომიკური შედეგების მატარებელი ინიციატივებიცაა.

მაგალითად, პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით აპირებს მთავრობა კერძო ბიზნესს „განვადებით გაცემის შესახებ“ თხოვნით მიმართოს; საუბარია სახელმწიფო შესყიდვაზე თუ რომელიმე ერთი კომპანიის არაკონკურენტულ გარემოში ჩაყენებაზე და ა.შ. ფაქტია, რომ, საქართველოს ავტოპარკის სიძველიდან გამომდინარე, მანქანების 50 პროცენტზე მეტს, დიდი ალბათობით, დასჭირდება ე. წ. კატალიზატორების განახლება, რაც თითოეულ მფლობელს რამდენიმე ასეული ლარი დაუჯდება. ამასთან, ეს ხარჯი ძირითადად დაბალშემოსავლიან მოსახლეობას შეეხება, რასაც, უდავოდ, ექნება სოციალური შედეგებიც.

იგივე შეიძლება ითქვას სავალდებულო დაზღვევასა და ტექდათვალიერებაზე. ოფიციალურ ფასად ტექდათავლიერებისთვის 60-70 ლარის დადების შემთხევვაშც კი (რაც მინიმალური ფასი შეიძლება იყოს), ტექდათვალიერების ბიზნესს წელიწადში 60-70 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი ექნება - ისევ და ისევ ავტომფლობელთა ხარჯზე. აღდგება თუ არა პარალელურად ის პრაქტიკა, რომელმაც თავის დროზე ტექდათვალიერების გაუქმება გამოიწვია, ანუ კორუფციული სქემები, ამას მომავალი გვაჩვენებს.

სავალდებულო დაზღვევა ბოლოს საქართველოში ასევე 2004 წლამდე იყო, როცა ამ დაზღვევის გაწევის პრივილეგია ერთ კომპანიას ჰქონდა. საინტერესოა, ამჯერად რა სქემებზეა საუბარი, თუმცა თუ ერთმილიონიან ავტოპარკს გავითვალისწინებთ, დაზღვევის ბიზნესი, სავარაუდოდ, ნაწილობრივად შეძლებს იმ დანაკლისის ანაზღაურებას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვამ გამოიწვია.

უფრო დეტალური კალკულაციების გაკეთება, ცხადია, მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ინიციატივების დეტალები გახდება ცნობილი. მანამდე კი შეიძლება ითქვას, რომ ავტომფლობელობა საქართველოში საკმაოდ ძვირი ფუფუნება ხდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG