Accessibility links

logo-print

მშპ-ს ზრდას სახელმწიფო ინვესტიციები უზრუნველყოფს


გზის მშენებლობა

გზის მშენებლობა

ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკის ბოლო სამი კვარტალის ანალიზი ცხადყოფს, რომ მშპ-ს შექმნაში უდიდესი წვლილი შეაქვსსახელმწიფო ინვესტიციებს. ანალიზი გვიჩვენებს აგრეთვე, რომ თაბაქოსა და ლუდზე აქციზის გასაზრდელად განხორციელებულ დაჩქარებულ საგადასახადო ცვლილებებს შედეგად უკვე მოჰყვა ამ მიმართულებით წარმოების შემცირება. გასული წლის დაზუსტებული მაჩვენებლების გადახედვა კი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მშპ-ს უდიდესი ნაწილი თბილისში იქმნება და ის არა წარმოების, არამედ ვაჭრობის სფეროზე მოდის.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 მილიონ 239 ათასი ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,5 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 6,3 პროცენტით.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,4 პროცენტი) და ვაჭრობა (17,3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,0 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,4 პროცენტი), მშენებლობა (8,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,6 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,0 პროცენტი).

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (24,1 პროცენტი), მშენებლობა (15,4 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,3 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლის მომსახურება (6,1 პროცენტი), კავშირგაბმულობა (5,7 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (4,4 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება (4,3 პროცენტი). კლება დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობასა (-6,7 პროცენტი) და ტრანსპორტში (-1.0 პროცენტი).

როგორც სტატისტიკის სამსახური განმარტავს, 2015 წლის III კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასქტრუქტურული პროექტებისა და ახალი გაზსადენის მშენებლობით, დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში დამატებული ღირებულების შემცირება კი ძირითადად განპირობებულია უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების შემცირებით.

2014 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებლების რეგიონალურ ჭრილში გადახედვა ცხადყოფს, რომ 2014 წელს საქართველოს მშპ-ს 56.2 % თბილისში შეიქმნა, ჯამში, - 14.1 მილიარდი ლარის საქონელი და მომსახურება. მეორე ადგილზეა იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, 12.4 %-ით, ხოლო მესამეზეა ქვემო ქართლი, 10 %-ით.

თბილისის ეკონომიკაში ყველაზე მსხვილი დარგი ვაჭრობაა. 2014 წელს ვაჭრობაზე მოდიოდა თბილისის ეკონომიკის (მშპ-ს) 28 % (3.4 მილიარდი ლარი). სიდიდით მეორეა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა ,17.4 %-ით (2.1 მილიარდი ლარი), ხოლო მესამეზეა მრეწველობა, 12.1 %-ით (1.5 მილიარდი ლარი).

ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ, სამწუხაროდ, მშპ-ს ზრდაში უდიდესი წვლილი კვლავ სახელმწიფოს შეაქვს და, არსებითად, სხვა ალტერნატივა არ ჩანს. ამიტომ, აზრი, რომ სახელმწიფომ არ უნდა შეამციროს ინფრასტრუქტურული ხარჯები, - სოციალური ხარჯების დასაფინანსებლად, - რადგან სწორედ ეს ხარჯები ამოძრავებს ეკონომიკას, ლეგიტიმურად რჩება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG