Accessibility links

დეკემბრის თვეში საქართველოში, წესით, აქტიური ზამთრის სეზონი იწყება. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში მთიან კურორტებზე თოვლი მხოლოდ პირველი იანვრისთვის მოვიდა, ოფიციალური სტატისტიკა, გასულ წელთან შედარებით, გარკვეულ ზრდას მოწმობს, კერძოდ:

შინაგან საქმეთა სამინისტრო დეკემბრის თვეში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2015 წლის დეკემბრის თვე თითქმის ნახევარი მილიონი - 465 ათას 962 - ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 7 %-ით მეტია.
ამასთან, ვიზიტორები, ვიზიტების მიზნის მიხედვით, შემდეგ კატეგორებად დაიყო: ტურისტი - დაახლოებით155 ათასი ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,3 % - მატება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 6,2 %); ტრანზიტი - 89 141 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,1 % - მატება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2,2 %); გ); სხვა - 221 773 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 47,6 % - მატება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 9,6 %).

2015 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+3,8 %), თურქეთიდან (+1,8 %), აზერბაიჯანიდან (+4,6 %), რუსეთიდან (+13,3 %) და უკრაინიდან (+10,3 %) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ასევე ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერშიც გამოირჩნენ იტალია, ლიტვა, ლატვია და გერმანია (შესაბამისად, 15 %, 13 %, 13 %, და 10 %-იანი ზრდით), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (29 %-იანი ზრდა), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსი (51%-იანი ზრდა), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (40 %-ით გაიზარდა), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები - 675 % და საუდის არაბეთი - 80 %-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.

საერთაშორისო ტურიზმის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი, ცხადია, არის ის საერთაშორისო სარეკლამო კამპანია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებები ბოლო წლების მანძილებზე მუდმივად ეწევიან.

საინტერესოა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია CNN-მა საქართველო იმ 16 ქვეყანას შორის დაასახელა, სადაც მოგზაურობას ურჩევს საკუთარ მაყურებელს 2016 წელს.
საქართველოსთან ერთად, 2016 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის ამერიკულმა ტელეკომპანიამ დაასახელა ასევე მონღოლეთი, პაპუა, ახალი გვინეა, ისლანდია, ნორვეგია, მადაგასკარი, გაბონი, ირანი, რუმინეთი, ტაივანი და ინდოეთი.
ტელეკომპანია CNN-მა რეიტინგი დარგის ექსპერტების გამოკითხვის შედეგად შეადგინა.

ტურიზმის თვალსაზრისით ოპტიმისტურ მოლოდინებს ქმნის უვიზო რეჟიმის პერსპექტივა, რომელსაც 2016 წელს ელოდება საქართველო, და იაფი საჰაერო მიმოსვლის გაძლიერება, რასაც წინასწარ, დამტკიცების წინ, დაჰპირდა საზოგადებას საქართველოს ახალი პრემიერი და რაზეც ჩვენ უფრო დეტალურად უკვე ვისაუბრეთ.

თუმცა ამ ოპტიმისტურ მოლოდინებს აუცილებელია დახვდეს შესაბამისი იაფი ტურისტული ინფრასტრუქტურა, წინააღმდეგ შემთხვევაში გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბარი საკმაოდ გაძნელდება.

ჯერჯერობით კი ტურიზმის ზრდა, მართლია, შედარებით ნაკლები ტემპით, მაგრამ მაინც სტატისტიკური ფაქტია - შსს ანალიტიკური სამსხაურის მონაცემებით, იანვარ-დეკემბრის ინტერვალში ქვეყანაში 5 მილიონ 897 ათასზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, რაც 7 %-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG