Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო ვალი იზრდება


წელიწადს, როგორც წესი, ცუდი ამბებით არ იწყებენ ხოლმე, თუმცა ინფორმაცია ვალის შესახებ, რომელიც საკმაოდ შემაშფოთებელია, ვფიქრობთ, ქვეყანას ნებისმიერ დროს უნდა ახსოვდეს. საგარეო ვალის ზრდის ტენდენციები, რაც ბოლო წლების განმავლობაში გამოიკვეთა შემცირებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, სერიოზული დასკვნების საფუძველს იძლევა.

2015 წლის მიწურულს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 14.4 მლრდ აშშ დოლარი (34.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 97.2 პროცენტია. 2015 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 114.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ვალი, ოპერაციული ცვლილებების გამო, 145.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
თავად ვალის სტრუქტურის მიხედვით, სიტუაცია ასეთია:
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი (14.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 39.8 პროცენტია. ამ ვალიდან უდიდეს ნაწილს შეადგენს სამთავრობო სექტორის ვალი -4.3 მლრდ აშშ დოლარი (10.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 28.9 პროცენტი); ეროვნული ბანკის ვალდებულებები 225.9 მლნ აშშ დოლარია (538.0 მლნ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად - 769.2 მლნ აშშ დოლარი (მშპ-ს 5.2 პროცენტი) და 615.7 მლნ აშშ დოლარი (მშპ-ს 4.2 პროცენტი).

საბანკო სექტორს, რომელიც საკრედიტო და საინვესტიციო რესურსებს, როგორც წესი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოიზიდავს ხოლმე, ასევე საკმაოდ სერიოზული ვალი აქვს - საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.8 მლრდ აშშ დოლარი (6.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.1 მლრდ აშშ დოლარი (9.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.8 პროცენტი) და კომპანიათაშორისმა ვალმა - 3.0 მლრდ აშშ დოლარი (7.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.1 პროცენტი).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი საგარეო ვალის 95.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ვალის მომსახურება, ლარის კურსის ვარდნასთან ერთად, მუდმივად უძვირდება ქართულ ვალუტაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 9.1 მლრდ აშშ დოლარი (21.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 61.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.4 მლრდ აშშ დოლარია (8.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 22.9 პროცენტია.

აქვე, ეროვნული ბანკი იუწყება, რომ 2015 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 7.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 6.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2015 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 225.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 202.1 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და, პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

თუმცა, ზოგადად, ვალი ვალია და მისი დაფარვის ვალდებულება სხვადასხვა ეტაპზე დგება ხოლმე. დღეისთვის, ანუ 2016 წელს, საქართველოს ბიუჯეტს ვალის მომსახურება, წინასწარი პროგნოზით, 900 მილიონი ლარი დაუჯდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG