Accessibility links

logo-print

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს მდგომარეობა ერთი საფეხურით გაუარესდა


ინდექსის რუკა

ინდექსის რუკა

2016 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს მდგომარეობა ერთი საფეხურით გაუარესდა. Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებულ ინდექსში, რომელსაც ორგანიზაცია The Wall Street Journal-თან ერთად აქვეყნებს, საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის, 72,6 ქულით, 23-ე პოზიციას იკავებს. შარშანდელი მონაცემების მიხედვით, საქართველო, 73 ქულით, 22-ე პოზიციაზე იმყოფებოდა. რეიტინგის გაუარესების ერთადერთი და მთავარი მიზეზი სასამართლოს მიმართულებით არსებული პრობლემებია.

2016 წლის ინდექსში საქართველო ევროპის რეგიონში მე-12 ადგილს იკავებს. ინდექსის თანახმად, ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, საქართველო მეტწილად თავისუფალ ქვეყნებს შორის დასახელდა.
„საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სამთავრობო ხარჯების მენეჯმენტის, ღია ბაზრებისა და მარეგულირებელი ეფექტურობის კუთხით, თუმცა კვლავ შეშფოთებას იწვევს კანონის უზენაესობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

2016 წლის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა, ქულების მხრივ, 10-დან 3 კომპონენტში - კორუფციისგან თავისუფლება, სამთავრობო ხარჯები და ფისკალური თავისუფლება - გაუმჯობესდა; 3 კომპონენტში - ბიზნესის თავისუფლება, შრომითი თავისუფლება და მონეტარული თავისუფლება - გაუარესდა; ქულები უცვლელი დარჩა ოთხ კომპონენტში - საკუთრების უფლებები, ვაჭრობის თავისუფლება, საინვესტიციო თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება.

ანგარიშში შეფასებულია ბოლო წლებში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებიც და, კეროდ, ნათქვამია, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ეკონომიკური რეფორმების კუთხით პირველმა საქართველომ შეამცირა რეგულაციები, გადასახადები და კორუფცია. „რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა და განაგრძობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაციას. საქართველო რუსეთში ეკონომიკური დაღმასვლისa და ნავთობზე დაბალი ფასების შედეგად დაზარალდა. მისმა ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში 2014 წლის ნოემბრის შემდეგ 30-პროცენტიანი დევალვაცია განიცადა. სოფლის მეურნეობაsa და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიის სფეროებში სამუშაო ძალის ნახევარია დასაქმებული. საქართველომ 2014 წლის ივნისში ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და იმედოვნებს, რომ შეუერთდება ნატოს", - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებს თანაბარი უფლებები აქვთ კანონით, საბანკო სექტორი იზრდება და ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა საფონდო ბირჟა კვლავ მცირე და სუსტად განვითარებულია.
გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესის დასაწყებად მინიმალური კაპიტალი და მხოლოდ ორი პროცედურაა საკმარისი.

ინდექსში პირველ სამეულში ჰონგ კონგი, სინგაპური და ახალი ზელანდია აღმოჩნდნენ, ბოლო საფეხურებს კი ვენესუელა, კუბა და ჩრდილოეთ კორეა იკავებენ. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი მიმდინარე წლის ინდექსში 153-ე პოზიციაზეა, უკრაინა - 162-ე, აზერბაიჯანი - 91-ე, ხოლო სომხეთი 54-ე საფეხურს იკავებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG