Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურას განიხილავს


საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში კანდიდატურად წარდგენილ კობა გვენეტაძეს პარლამენტში მოუსმინეს და მისი საკითხის განხილვას მხარიც დაუჭირეს. კერძოდ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარულ კენჭისყრაზე კითხვას, უჭერთ თუ არა მხარს გვენეტაძის კანდიდატურის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას, 8 დეპუტატმა 9-დან დადებითად უპასუხა.

ფარულ კენჭისყრამდე კომიტეტმა კობა გვენეტაძეს მოუსმინა. მთავარი კითხვა, რომელიც კანდიდატს დაუსვეს, ცხადია, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების მიზეზებს ეხებოდა.

მან დაადასტურა, რომ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ლარის კურსზე ზეგავლენა საგარეო ფაქტორებმაც მოახდინა. როგორც მან აღნიშნა,ძალიან ბევრ ქვეყანაში ეკონომიკა დასუსტდა, რაც საქართველოს ექსპორტ-იმპორტზე აისახა და სავალუტო შემოდინებები შემცირდა.

"ნამდვილად იყო ასეთი ფაქტორები. მოხდა ძალიან დიდი ფასების ვარდნა ნავთობზე. მოგეხსენებათ, რომ ის შემოსავლები, სავალუტო დინებები, რომელიც ქვეყანაში შემოდის, აუცილებელია იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტა იკვებებოდეს და მისი შედარებით სტაბილურობა იქნეს შენარჩუნებული. ბევრ ქვეყანაში მოხდა ეკონომიკის შემცირება, რაც აისახა ქართული ექსპორტ-იმპორტის შემცირებაზე. შეუძლებელი იყო, რომ რაიმე ცვლილება არ მომხდარიყო და რამენაირად ეს არ ასახულიყო საქართველოს სავაჭრო და საგადასახო ბალანსზე", - განაცხადა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა.

მისი თქმით, მაგალითად, ნავთობის ფასის შემცირება, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რადგან უფრო ნაკლები ვალუტის გადახდა გვჭირდება, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც რუსეთში მცირდება ნავთობიდან მიღებული სახსრები, იქ დასაქმებულ ქართულ მოსახლეობას გადმორიცხვების საშუალება არ აქვს.

ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტის ერთ-ერთ მთავარ მიზნად კობა გვენეტაძემ დაასახელა ეკონომიკის დედოლარიზაციის, ანუ ლარიზაციის გაზრდის, პროცესის გაგრძელება.

"რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? – როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არის პატარა ღია ეკონომიკა, სადაც არის მცოცავი გაცვლითი კურსი. იგი არ არის და არ შეიძლება იყოს დაცული იმ გლობალური ეკონომიკური მოვლენებისაგან, რომელიც მის გარშემო ხდება. აქედან გამომდინარე, მცოცავი კურსი არის ის მექანიზმი, რომლითაც შეიძლება მოხდეს შთანთქმა ამ ნეგატიური შოკების. როდესაც მოხდება ლარიზაციის ამაღლება,მსოფლიო ეკონომიკის მტკივნეული პრობლემების გადატანა ქვეყნის ეკონომიკისთვის უფრო ადვილი იქნება“, - განმარტა მან.

აქვე კობა გვენეტაძემ დასძინა, რომ ეს არ არის ერთ და ორ დღეში მოსაგვარებელი ამბავი, საკმაოდ ბევრ მიმართულებას მოიცავს და იმისათვის, რომ ეს განხორციელდეს, საამისო წინაპირობები უნდა შეიქმნას.

შეგახსენებთ, რომ კობა გვენეტაძის კანდიდატურა პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა წარუდგინა. მისი კანდიდატურის ირგვლივ უმრავლესობაში არაერთგვაროვანი პოზიციაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG