Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღრმაწყლოვანი პორტების პერსპექტივა საქართველოში


ანაკლია
ანაკლია

საქართველოს სახელმწიფო 2 წელზე მეტხანს ეძებდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორს, რომელიც სულ ერთი თვის წინ გამოვლინდა. 2016 წლის 5 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ ანაკლიის პორტს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ააშენებს, რომელიც თიბისი ჰოლდინგისა და ამერიკული კონტი ინტერნეიშენალის მიერ მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიაა. გადაწყვეტილებიდან სულ ერთი თვის თავზე ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობის განზრახვის შესახებ მოულოდნელად აცხადებს ფოთის პორტის მფლობელი კომპანია და არც მალავს, რომ მისი მთავარი კონკურენტი ანაკლიის პორტია.

ამჟამად საქართველოში მოქმედებს ოთხი ნავსადგური: ბათუმი (ოპერირებას ახორციელებს ყაზახური კომპანია იჯარის საფუძველზე. ნავსადგური ძირითადად ამუშავებს თხევად ტვირთს, ასევე, მშრალ ნაყარ ტვირთებსა და კონტეინერებს); სუფსის ნავთობტერმინალი, რომელიც BP-ის საკუთრებაა; ფოთის პორტი, რომელიც ამჟმად დანიური “Maersk Group”-ის დამოუკიდებელი ბიზნესსუბიექტის - „APM Terminals“-ის - საკუთრებაა (ნავსადგური ძირითადად ამუშავებს მშრალ ნაყარ ტვირთებსა და კონტეინერებს); საქართველოში ფუნქციონირებს ასევე ყულევის ნავსადგური, რომელიც SOCAR-ის საკუთრებაა და უმეტესად თხევად ტვირთებს ამუშავებს.

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ არსებული ნავსადგურების სიღრმე არ არის საკმარისად დიდი მოცულობის, კერძოდ, PANAMAX ან VLC ტიპის გემების მისაღებად. შესაბამისად, საქართველოში დადგა საჭიროება აშენდეს შავი ზღვის ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგური, ანაკლიის ნავსადგური, რომელსაც ექნება სტრატეგიული ადგილმდებარეობა და პოტენციალი გაუმკლავდეს ევროპასა და აზიას შორის, ასევე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ტვირთბრუნვას. სწორედ ეს მოცემულობა ქმნის მოთხოვნას ახალ ღრმაწყლოვან პორტზე, რომლისთვისაც არანაკლებად საინტერესო სტრატეგიული არგუმენტია სიახლოვე აფხაზეთთთან.

დღეს მედიით ფოთის პორტის მფლობელები თავიანთი ახალი გეგმების შესახებ აკეთებენ განცხადებას და არცთუ ორაზროვნად მიანიშნებენ, რომ კონკურენციის გაწევას სწორედ ანაკლიის პორტისთვის გეგმავენ. მეტიც, მედიასთან საუბარში "ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი აცხადებს, რომ მათი კომპანიის განზრახვის გაჟღერება შეტყობინება უნდა იყოს ანაკლიის პორტის პოტენციური ინვესტორებისთვის.

მედიაში "ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილმა განაცხადა, რომ ფოთის პორტის მფლობელი კომპანია APM Terminals-ი ფოთში ახალი ნავსადგურის აშენებას აპირებს.კომპანიამ უკვე დაასრულა ახალი ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებელობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესწავლა. მათივე განმარტებით, გაფართოების გეგმა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი, რომელიც, სავარაუდოდ, 2018 წელს დასრულდება, მოიცავს ორი ახალი ღრმაწყლიანი ნავმისადგომის მშენებლობას, სადაც წლიური გამტარუნარიანობა იქნება ერთი მილიონი TEU, ხოლო ნავმისადგომზე შესაძლებელი იქნება 9,000 TEU სიმძლავრის გემების მიღება.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდგომ ფოთის მეგა-პორტის წლიური ტვირთბრუნვის სიმძლავრე იქნება 50 მილიონი ტონა და 2 მილიონი TEU კონტეინერი. ფოთის მეგა-პორტში, რომლის სიღრმე იქნება 16 მეტრამდე, შესაძლებელი გახდება შავ ზღვაში მოძრავი ყველაზე დიდი გემების შემოსვლა.

პირველ ეტაპზე იგეგმება 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია. როგორც APM Terminals-ში აცხადებენ, კომპანია გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის დაცვით უახლოეს მომავალში ტენდერსაც გამოაცხადებს.

შესაბამისად, ფოთის პორტი ოფიციალურად აცხადებს, რომ კონკურენციაში შედის ანაკლიის პორტთან. რა შედეგებით დამთავრდება ეს კონკურენცია და რამდენად რეალისტურია ქვეყანაში ორი ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა, - რაც მთავარია, მათთვის ტვირთების მოზიდვა, - ამას, ალბათ, მომავალი და რეალური ინვესტიციების მასშტაბი ცხადყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG