Accessibility links

logo-print

საგარეო ვაჭრობის ტენდენციები საქართველოში


აზერბაიჯანის საბაჟო გამშვები პუნქტი. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი.

აზერბაიჯანის საბაჟო გამშვები პუნქტი. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი.

ავტორი: ირინა გურული

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიმდინარე წლის ორი თვის საგარეო სავაჭრო ბრუნვის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. ჯამურმა ბრუნვამ 1,413 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია. განსაკუთრებული კლება აღინიშნება ექსპორტში - 13 პროცენტი. უფრო მეტიც, 2014 წელთან შედარებით, ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ 36 პროცენტით იკლო. ექსპორტისგან განსხვავებით, იმპორტის მოცულობა შედარებით სტაბილურობით გამოირჩევა და, შესაბამისად, იანვარ-თებერვლის მდგომარეობით, სავაჭრო სალდო რეკორდულად უარყოფითია და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 60 პროცენტს შეადგენს.

ქვეყნების ჯგუფების მიხედვით თუ განვიხილავთ, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 532 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 38 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 77 მლნ. აშშ დოლარი იყო (28 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 454 მლნ. აშშ დოლარი (63 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 38 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში 28 პროცენტი და იმპორტში 40 პროცენტი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმპორტის სტატისტიკის მკვეთრი ცვლილება უკავშირდება C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამის ფარგლებში საქათველოში დიდი რაოდენობით მედიკამენტის შემოსვლას. ეს მედიკამენტები ქვეყანაში გრანტის ფარგლებში შემოდის და, შესაბამისად, ლარის კურსზე იმპორტის მკვეთრი ზრდა უარყოფით ეფექტს არ მოახდენს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მედიკამენტების ქარხანა აშშ-ში მდებარეობს, თუმცა მისი იმპორტი ირლანდიიდან ხორციელდება. შესაბამისად, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ირლანდია და, ზოგადად, ევროკავშირის ჯგუფის ქვეყნები დაწინაურდნენ. იმავე მიზეზით, სამკურნალო საშუალებები მთლიანი იმპორტის 20,7 პროცენტს შეადგენს, ხოლო ნავთობპროდუქტების იმპორტმა მეორე ადგილას გადაინაცვლა და 7,7 პროცენტი შეადგინა. მთლიანი იმპორტის 5,5 პროცენტი უკავია მსუბუქ ავტომობილებს და სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს.

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-თებერვალში 353 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წელთან შედარებით, 18 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 74 მლნ. აშშ დოლარი (33 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 279 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი შემცირდა 25 პროცენტამდე, მათ შორის, ექსპორტში 26 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი.

2016 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 57 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 20 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 23 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე თხილის და სხვა კაკლის ჯგუფი იყო. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 21 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა.

ექსპორტის მხრივ, უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნებია: ჩინეთი (მთლიანი ექსპორტის 13 პროცენტი), თურქეთი (11 პროცენტი), ბულგარეთი (9 პროცენტი), რუსეთი (8 პროცენტი), სომხეთი (5.5).

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG