Accessibility links

მთავრობა ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით ბიზნესს წაახალისებს, თუმცა კერძო სექტორს ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამას ნარჩენების მართვის სტრატეგია ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა.

როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, დღესდღეობით ნარჩენები ძალიან ქაოსურად იყრება, რაც გარემოს სერიოზულად აზიანებს.

გარემოს დაცვის მინისტრის ინფორმაციით, „დღეს რეგისტრირებული და არარეგისტრირებული, უკანონო სახერხებიდანნარჩენი, როგორცწესი, უკონტროლოდ იყრება ამა თუ იმ ადგილზე, აბინძურებს გარემოს, იყრება მდინარეების ხევებში და იქ ფაუნას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად სამინისტრო ცდილობს მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით შექმნას შემდეგი მოდელი:ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებლობას იღებს ის სუბიექტი, რომელიც ნარჩენს წარმოქმნის. თუ წარმოქმნის ბიზნესი, მისი ვალდებულება ხდება იფიქროს ნარჩენის მართვაზე. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ნარჩენს განიხილავს არა როგორც გადასაყრელს, არამედ როგორც რესურსს. ამ რესურსის გადამუშავების ხელშეწყობისთვის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით უნდა შეიქმნას ადგილები, სადაც ეს ნარჩენების დასაწყობდება. ბიზნესის ვალდებულება იქნება ეს ნარჩენი მიიტანოს ამ კონკრეტულ ადგილზე და სადმე მდინარეში არ ჩაყაროს. იქ დაგროვილზე უკვე წავახალისებთ ინტერესთა გამოხატვის მეშვეობით, რომ ეს ნახერხი აიღოს და გადაამუშაოს“.

ზოგადად, მყარი ნარჩენების მართვის ბაზარზე დღეს საკმაოდ რთული სიტუაციაა. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის სისტემა უკონტროლო ადგილობრივი პოლიგონების, მრავალი არაოფიციალური ნაგავსაყრელის, ძალზე ცოტა რეციკლირების საშუალებებისგან შედგება, რომელთა ადმინისტრირება ნარჩენების მართვის არასაკმარისი ინფრასტრუქტურით ხდება. შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია რეგიონალურ, კონტროლირებად პოლიგონებზე გადასვლას ორ რეგიონში საპილოტე პროექტების განხორციელების გზით აპირებს. ეს პროექტები ისეთ საკითხებსაც შეეხება, როგორიცაა პოლიგონებიდან მეთანის ემისია, სხვა ბუნებრივი რესურსების დაბინძურება, ცნობიერების ამაღლების კამპანიები და სატარიფო პროგრამების შეფასება.

დღეისათვის საქართველოში 56 მუნიციპალური პოლიგონი არსებობს. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე უკონტროლო ადგილობრივი პოლიგონი. მუნიციპალური მყარი ნარჩენების პოლიგონების მოვლა-პატრონობა და მართვა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის პასუხისმგებლობაში შედის. კომპანიის მიზანია ევროკავშირის სტანდარტებთან ეტაპობრივად დაახლოება, არსებული პოლიგონების დახურვა და ისეთი ახალი პოლიგონების აგება, რომლებიც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. კომპანია მართავს 51 პოლიგონს და აპირებს სამართავად აიღოს ორი დამატებითი პოლიგონი, რომლებიც რუსთავსა და ბორჯომში მდებარეობს. კომპანიას 9 რეგიონალური მომსახურების ცენტრი აქვს და თითოეულ პოლიგონს თითო ოპერატორი აკონტროლებს. დაგეგმილია სულ 8 ახალი, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, პოლიგონის აშენება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG