Accessibility links

logo-print

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის გაზაფხულზე ლარის კურსმა გამყარება დაიწყო, რასაც, წესით, დოლარში კრედიტის ამღებებისთვის ეკონომიკური წნეხი უნდა შეემცირებინა და ოფიციალურად გაცხადებულ ეკონომიკურ ზრდასაც უნდა წახმარებოდა, სესხის ვერგადამხდელთა რაოდენობა მაინც იზრდება.

როგორც ეროვნული ბანკის ანგარიში იუწყება,ვადაგადაცილებული სესხები მაისში 6.1 მლნ ლარით გაიზარდა და 361.3 მლნ ლარს გაუტოლდა. ამას გარდა, შემცირდა სესხის ამღებთა რაოდენობაც, კერძოდ, როგორც ”თვის მიმოხილვაშია” აღნიშნული, 2016 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 280.1 მლნ ლარით შემცირდა და 14.83 მლრდ ლარს გაუტოლდა, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 2.34 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 7.3 პროცენტი იყო.

სებ-ის ინფორმაციით, საკრედიტო პორტფელის კლება გამოწვეულია უცხოური ვალუტით გამოსახული სესხების კლებით, ანუ აქ კლება განპირობებულია ლარის გაცვლითი კურსის გამყარების შედეგად უცხოური ვალუტის სესხების გადაფასებით.

მაისის ბოლოსთვის საკრედიტო პორტფელის 79.5 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა. რომლის 69.0 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 41.9 პროცენტს შეადგენდა.

საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 23.2 მლნ ლარით (0.4 პროცენტით) გაიზარდა და 5.43 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა მაისში 41.0 მლნ აშშ დოლარით (0.9 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.52 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 60.0 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 83.8 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას ეჭირა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა ძირითადად გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

ამ პროცესის ფონზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იზრდება ვადაგადაცილებული სესხების ოდენობაც:

მაისში ვადაგადაცილებული სესხები 6.1 მლნ ლარით გაიზარდა და 361.3 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.4 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 42.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 63.0 პროცენტს გაუტოლდა.

ეს მონაცემები ნათელყოფს, რომ, გარდა სავალუტო ბაზარზე არსებული არასტაბილური ვითარებისა, მსესხებელთა მიერ სესხის გადახდის გართულებას ხშირად ის უწყობს ხელს, რომ როგორც მსესხებელს, ისე ბანკს არასათანადოდ აქვს დათვლილი კრედიტის აღებასთან დაკავშირებული რისკები. აქ ერთგვარი დილემაა: რისკების შეფასების მაჩვენებლის ზრდა სესხის გაძვირებას და/ან მისი მიღების გაძნელებას გამოიწვევს, რაც ასევე საკმაოდ უარყოფითი ეკონომიკური პროცესია და არანაკლებ საშიში, ვიდრე ვადაგადაცილებულ სესხთა ზრდა. ალბათ, შეფასების საგანი ის უნდა იყოს, მიღწეულია თუ არა საქართველოში ამ თვალსაზრისით სასურველი წონასწორობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG