Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და თურქეთი-თანამშრომლობის დეტალები


საქართველო-თურქეთის საზღვარი, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
საქართველო-თურქეთის საზღვარი, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

საქართველოში საზოგადოებას ხშირად საკმარისი ინფორმაცია არა აქვს მეზობელი ქვეყნების, მათი ეკონომიკის, თანამშრომლობის დღევანდელი დღისა და სამომავლო გეგმების და შესაძლებლობების შესახებ. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პუბლიკაციები “საქართველო და მეზობლები“ ამ თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო რესურსია. გუშინ ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, თურქეთისა და აშშ-ის ელჩებმა საქართველოში საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის შესახებ მომზადებული ანგარიში მოისმინეს და ამ თემაზე საინტერესო დისკუსია გამართეს.

დისკუსიის მონაწილეები ეთანხმებიან აზრს, რომ თურქეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკაა. მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის, მთლიანი შიდა პროდუქტის (მიმდინარე ფასებში) მიხედვით, ის მე-18, ხოლო ნომინალური მშპ-ის მიხედვით, მე-17 ადგილს იკავებს. შესაბამისად, როგორც დიდი ქვეყანა, დიდი ეკონომიკითა და დიდი სამხედრო ძალით შავი ზღვის რეგიონსა და ევროპაში, თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია საქართველოსთვის. თურქეთის ევროპული იდენტობა, აზიური ტრადიციები და გეოპოლიტიკური მდებარეობა მას, როგორც პარტნიორს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ანგარიშში, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა წარმოადგინა, აღნიშნულია, რომ დღეისათვის საქართველოსა და თურქეთს შორის 76 ხელშეკრულება და შეთანხმებაა გაფორმებული, რომელიც პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავს. მათ შორის აღსანიშნავია ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებები, ასევე სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის მოგზაურობა უკიდურესად გამარტივებულია და საზღვრის გადასაკვეთად საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. ამჟამადსაქართველოში 3 200-ზე მეტი თურქულ-ქართული ერთობლივი კომპანია ოპერირებს.

თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. 2016 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, თურქეთი, ექსპორტის მიხედვით, ჩინეთის შემდეგ საქართველოს მეორე ყველაზე მსხვილი პარტნიორია - მისი წილი მთლიან ექსპორტში 10.5 % -ია. თურქეთი ასევე მეორე პოზიციას იკავებს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის იმპორტის მიხედვით - მთლიანი იმპორტის 15.3 % ( იმპორტის მიხედვით, პირველ ადგილსიკავებს კანადა - მთლიანი იმპორტის 15.7%, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმპორტის ეს მაჩვენებელი ძირითადად კანადიდან დიდი რაოდენობით იმპორტირებულმა C ჰეპატიტის მედიკამენტებმა განაპირობა).

1996 წლიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებში თურქული პირდაპირი ინვესტიციების წილი მხოლოდ 7.6 %-ს შეადგენდა. 2012 წლის დასაწყისში თურქული პირდაპირი ინვესტიციები 320,8 მლნ აშშ დოლარი და მთლიანი მოცულობის6.01 % იყო. იმ ხანებში ინვესტიციები თურქეთიდანძირითადად ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (108.3 მილიონი აშშ დოლარი - სექტორში განხორციელებული მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 7.5 %), მშენებლობის (57.3 მლნ აშშ დოლარი - 10.3 %), გადამამუშავებელი მრეწველობის (42.3 მლნ აშშ დოლარი -7.5 % ), სასტუმროებისა და რესტორნების (24.1 მლნ აშშ დოლარი - 11.5% ) მიმართულებით განხორციელდა.

ბოლო წლების განმავლობაში, თურქეთიდან შემოსულიფულადი გზავნილების მოცულობამზარდი ტენდენციით ხასიათდება და, 2016 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, მთლიანი გზავნილების 7.4 %-ს შეადგენს.

ყოველწლიურად საქართველოს თურქეთიდან, საშუალოდ, 2,7 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს. ცხადია, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თანამშრომლობის სფეროა ენერგეტიკა, გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირება. ამჟამად თურქეთსა და საქართველოს ორი ძირითადი მილსადენი აკავშირებს - სამხრეთ კავკასიის ბუნებრივი გაზის მილსადენი (ასევე ცნობილი როგორც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი ან შაჰ-დენიზის გაზსადენი) და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. ეს თანამშრომლობა საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების სუბიექტად აქცევს. ყველაფერი ზემოთქმული კი მოწმობს, რომ ეს თანამშრომლობა ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის - ცხადია, ისევე როგორც თურქეთისთვის - უდავოდ მეტად საინტერესო გახლავთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG