Accessibility links

logo-print

ამ დღებში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმა მთავრობას მიმართავს რეკომენდაციით, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის, „ბორჯომის“, იმპორტი.

როგორც რუსული მედია იტყობინება, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც დაგმობს საქართველოსა და კიდევ ხუთ ქვეყანას იმის გამო, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.

როგორც კომიტეტის წევრმა იან ზელინსკიმ გამოცემა „ლენტას“ განუცხადა, კომიტეტი რუსეთის მთავრობას მიმართავს რეკომენდაციით, შესაბამისი ზომები მიიღოს. „ვალდებული ვართ რეაგირება მოვახდინოთ“, - განმარტა რუსმა დეპუტატმა.

მისი აზრით, ამ ქვეყნებმა „სისულელე“ ჩაიდინეს, რადგან საპასუხო რუსული ზომებისგან გაცილებით უფრო მეტად დაზარალდებიან.
როგორც მიმდინარე კვირას გახდა ცნობილი, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაახანგრძლივოს სანქციები ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2017 წლის 23 ივნისამდე.
საქართველოსთან ერთად ევროკავშირის საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა.

ევროკავშირის საბჭომ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება 17 ივნისს გადაწყვიტა. სანქციები ყირიმსა და სევასტოპოლის წინააღმდეგ პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა.

რუსეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯების მოლოდინი საქართველოში მუდმივად არსებობს. დღეს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ მუქარის ასრულებას რეალობაში არ ელიან.

იმის პროგნოზირება, თუ რამდენად პრობლემური შეიძლება იყოს მუქარის შესრულება ქართული ეკონომიკისთვის, არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, არც ისე რთულია.

როგორც გახსოვთ, 2006 წელს რუსეთმა საქართველოს მსხვილმასშტაბიანი ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა, რის შემდეგაც ქვეყანამ ბაზრების დივერსფიცირება მოახდინა და რუსეთზე ეკონომიკურად ნაკლებად დამოკიდებული გახდა. თუმცა 2012 წლის შემდეგ, რუსეთთან ე. წ. დათბობის პოლიტიკის შედეგად, სწორედ დასახელებული პროდუქტების („ბორჯომი“ და ღვინო) თვალსაზრისით, რუსეთი საქართველოსთვის კვლავ უმსხვილეს ბაზრად იქცა. გადავხედოთ ღვინის ექსპორტის ბოლოდროინდელ სტატისტიკას.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 10 198 085 ბოთლი; უკრაინა - 2 286 977 ბოთლი, ჩინეთი - 1 884 665 ბოთლი, ყაზახეთი- 1 764 286 ბოთლი, პოლონეთი -1 070 454 ბოთლი. 2016 წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი - 148 % (1 884 665), უკრაინა - 82 % (2 286 977), რუსეთი - 56 % (10 198 085), ბელარუსი - 96 % (462 547), ლიტვა - 31 % (260 064), პოლონეთი - 34 % (1 070 454), ესტონეთი - 64 % (331 884), ყირგიზეთი - 89 % (149 666), გერმანია - 55 % (166 636), კანადა - 16 % (96 300), დიდი ბრიტანეთი - 43 % (58 366) და სხვა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დღეს ნომერ პირველი ექსპორტიორია, ბაზრების დივერსიფიცირება მოწმობს, რომ მუქარის ასრულება ქართული წარმოებისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება და კიდევ ერთი საფუძველი იმისა, რომ ქვეყანამ ბაზრების დივერსიფიცირებისთვის ზრუნვა გააგრძელოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG