Accessibility links

სახაზინო ვალდებულებების აუქციონში ჩართვის წესები და პერსპექტივა მოქალაქეებისთვის


ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტრო

10 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. აუქციონში მონაწილეობა ცხრა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 129, 5 მილიონი ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6,560 პროცენტით, მაქსიმალური 6,670 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6,613 პროცენტით განისაზღვრა.

გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაინტერესებული პირებისთვის განმარტა, თუ როგორ უნდა შეიძინონ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. განმარტების თანახმად, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, ისევე როგორც ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტი, ფიზიკურ და იურიდულ პირს შეუძლია შეიძინოს კომერციული ბანკის მეშვეობით პირველად ან მეორად ბაზარზე.

პირველად აუქციონებზე მონაწილეობა შეუძლია ყველას. ამისათვის საჭიროა დაინტერესებულმა პირებმა მიმართონ კომერციულ ბანკებს ან საბროკერო კომპანიებს. კომერციული ბანკები კლიენტების სახელით წარადგენენ განაცხადებს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე, განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი ფასიანი ქაღალდი პირდაპირ ჩაირიცხება კლიენტის პირად ანგარიშზე.

პირს შეუძლია იყიდოს მინიმუმ ერთი ფასიანი ქაღალდი, რომლის ნომინალური ღირებულება 1 000 ლარს შეადგენს. ამ შემთხვევაში კლიენტმა უნდა წარადგინოს არაკონკურენტული განაცხადი, რომელიც ძირითადად განკუთვნილია წვრილი ინვესტორებისთვის და ასეთი განაცხადით ისინი ფასიან ქაღალდებს ყიდულობენ აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასით. აუქციონის დასრულებისას არაკონკურენტული განაცხადები პირველ რიგში კმაყოფილდება, ანუ მათ, კონკურენტულთან შედარებით, პრიორიტეტი აქვთ მინიჭებული. მათთვის "დაჯავშნილია" მთლიანი ემისიის მეოთხედი (25 %), რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ წვრილი ინვესტორების განაცხადები პირველ რიგში და პრაქტიკულად გარანტირებულად დაკმაყოფილდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს კონკურენტული განაცხადით სურს მონაწილეობა, მაშინ მისი მინიმალური მოცულობა 50 000 ლარია. კონკურენტული განაცხადები არის მსხვილი ინვესტორებისთვის, რომლებიც უკეთ არიან გათვითცნობიერებული ბაზრის კონიუნქტურაში და შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, რა ფასით შეიძლება გაიმარჯვონ აუქციონზე, თუმცა ამ შემთხვევაში განაცხადის დაუკმაყოფილებლობის რისკი გაცილებით დიდია.

ბანკებს ეკრძალებათ თავიანთი კლიენტების განაცხადების ინფორმაცია გამოიყენონ აუქციონზე საკუთარი განაცხადის გაკეთების პროცესში. ბანკმა შიდა პროცედურებით უნდა უზრუნველყოს თავისი კლიენტების განაცხადების დამუშავება ისე, რომ ეს ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული ბანკის მიერ აუქციონზე საკუთარი სახელით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვაზე გადაწყვეტილების მიღებისას. ეს უზრუნველყოფილია ასევე ტექნიკურად, სისტემის მეშვეობით. ბლუმბერგის აუქციონის სისტემაში ბანკის კლიენტი და ბანკი საკუთარ განაცხადებს წარადგენს ცალ-ცალკე. ბანკის თანამშრომელი, რომელიც საკუთარ განაცხადებს გზავნის, ვერ ხედავს კლიენტის განაცხადებს და პირიქით. აღსანიშნავია, რომ დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, ბანკის განაცხადის გამარჯვების ხარჯზე კლიენტის განაცხადი არ დაკმაყოფილებულიყოს.

დაბოლოს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მეორად ბაზარზე ძირითადი აქტივობა ფიქსირდება რეპო ოპერაციებზე. ინფორმაციისთვის:2015 წელს რეპო ბაზარზე წლიურმა ბრუნვამ, დაახლოებით, 4,5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2,6-ჯერ აღემატება ფასიანი ქაღალდების საერთო მოცულობას (1,7 მილიარდი ლარი). ეს კი ნიშნავს, რომ მეორად ბაზარზე ვაჭრობა საკმაოდ სარფიანი საქმეა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG