Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეღავათები მაღალმთიანი რეგიონებისთვის


1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება შეღავათების ნაწილი, რომელიც პარლამენტმა მაღალმთიანი რეგიონებისთვის დააწესა. კერძოდ, საუბარია პენსიის და სხვა ტიპის დახმარებების ზრდაზე. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერებს პენსია 20%-ით გაეზრდებათ და 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ. სოციალური შეღავათების ძალაში შესვლის შედეგად, ასევე, 20%-ით გაიზრდება მთაში მუდმივად მცხოვრები სოციალური პაკეტის მიმღები პირების ფულადი გასაცემელი.

როგორხ ხელისუფლებაში აცხადებენ, „მათ შორის არიან მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები და პოლიტრეპრესირებულები“.

მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ. შესაბამისად, 20 %-ით გაიზრდება სხვა სოციალური პაკეტების დანამატიც და მნიშვნელოვნად გამოხატული პირების, მარჩენალდაკარგულებისა და პოლიტრეპრესირებულების თანხა 100 ლარის ნაცვლად 120 ლარი გახდება.

როგორც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროშ აცხადებენ, მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთაში მუდმივად მცხოვრებ პირთა შორის 52 000-მდე ასაკით პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებია. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხოლოდ ამ დანამატებისათვის ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან მომდევნო თვეს 1 მლნ 800 ათასი ლარი გამოიყოფა. ყოველთვიური დანამატი მაღალმთიან დასახლებაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალსაც მიეცემა.

მათ შორის, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 500-მდე ექიმი და ექთანი, რომლებიც მაღალმთიან რაიონებს ემსახურებიან, ყოველთვიურ დანამატს მიიღებენ. ექიმებისთვის ეს თანხა 360, ხოლო ექთნებისთვის - 180 ლარით განისაზღვრება. დანამატი გაიცემა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკების მედპერსონალისთვის - ჯამში 350 ადამიანისთვის. ლენტეხში, ყაზბეგში, გუდაურში, წალკაში, თიანეთში, თეთრიწყაროში, ბაკურიანში, ცაგერში, ონსა და ამბროლაურში, ასევე, შპს ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოში, მანგლისის საავადმყოფო-პოლიკლინიკასა და აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში. დანამატს ასევე მიიღებენ მაღალმთიან სოფელში მომუშავე 950-მდე სოფლის ექიმი და ექთანი, რომელიც სახელმწიფო ჩართულია პროგრამაში – „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“. ექიმის დანამატი პენსიის ორმაგი ოდენობით - 360 ლარით, ხოლო ექთნის დანამატი - 180 ლარით განისაზღვრება. ამჟამად სოფლის ექიმის მომსახურების ანაზღაურება 650 ლარს, ხოლო ექთნის - 455 ლარს შეადგენს.

მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დასადგენად მათ უნდა მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG