Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში მგზავრობის ახალი შესაძლებლობები


ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მოლოდინთან ერთად საზოგადოებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია, თუ რა გზებით მოახერხებენ ისინი ევროპასთან დაკავშირებას და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ეს მათთვის.

დღეს საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტია, რომელთაგან ორი - თბილისი და ბათუმი - ძირითადად საშუალო და მაღალშემოსავლიან მგზავრებზეა გათვლილი. სტუდენტებისა და მათთვის, ვისაც ევროპაში ჩასვლა ნაკლები კომფორტით, მაგრამ ნაკლებ ფასად ურჩევნიათ და, ამასთან, საკუთარი ვიზიტის ადრიანად დაგეგმვაც შეუძლიათ, საუკეთესო არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია.

აეროპორტი დაბალფასიან ფრენებს ემსახურება, რაც ნაკლებ უსაფრთხოს არა, მაგრამ ნაკლებად კომფორტულ მგზავრობას კი ნიშნავს. ბილეთის ფასში მხოლოდ პატარა ზურგჩანთის წაღებას და გზაში კვების გარეშე მგზავრობას შეძლებთ, ევროპულ ქვეყანაში კი არა ქვეყნის მთავარ აეროდრომზე, არამედ მეორე რანგისაზე მოხვდებით, თუმცა სულ 4-5 საათი და ე.წ. გადაჯდომის გარეშე უკვე ევროპის რომელიმე ქალაქში ხართ.

დღემდე საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე კარგად ათვისებული მიმართულება თბილისი-ბუდაპეშტი გახლდათ, თუმცა გასული კვირის მიწურულს გახსნილმა ახალმა რეისებმა იაფი მგზავრობის მოყვარულთათვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა.

ადრიანად დაჯავშნის შემთხვევაში, ფრენების ფასი გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, ბულგარეთისა და კვიპროსის მიმართულებით 9.99 ევრო-დან იწყება.

უკვე 23 სექტემბერს ბერლინის რეისზე ქუთაისიდან 161 ადამიანი გაფრინდა, ხოლო 133 ჩამოფრინდა, მიუნხენის რეისზე კი გაფრინდა 139 და ჩამოფრინდა 141 ადამიანი.

დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ქუთაისის აეროპორტიდან შემდეგი ახალი მიმართულებებით შეასრულებს: ბერლინი, დორტმუნდი, მიუნხენი, ლარნაკა, მილანი, სოფია და სალონიკი. აქედან, ბერლინსა და მიუნხენში, მემინგენის აეროპორტში ფრენები 23 სექტემბრიდან დაიწყო, სალონიკში, ლარნაკასა და სოფიაში - 24 სექტემბრიდან, ხოლო მილანსა და დორტმუნდში 25 სექტემბრიდან.

რაც შეეხება მგზავრობის საფასურს, ბილეთის ფასი ბერლინის მიმართულებით - 24.99 ევროდან, დორტმუნდში - 14.99 ევროდან, ლარნაკაში - 9.99 ევროდან, მილანში - 14.99 ევროდან, მიუნხენში - 19.99 ევროდან, სოფიაში - 9.99 ევროდან, ხოლო სალონიკის მიმართულებით 14.99 ევროდან დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ამ ფასად „ვიზეარი“ უკვე ახორციელებდა ფრენებს ევროპის ოთხი მიმართულებით: კატოვიცე (პოლონეთი), ვილნიუსი (ლიტვა), ბუდაპეშტი (უნგრეთი) და ვარშავა (პოლონეთი).
აღნიშნული მიმართულებით შესრულებული რეისებით 2014 წელს ვილნიუსში - 22 198 ადამიანმა, კატოვიცეში - 21 047-მა, ბუდაპეშტში - 6 948-მა, ხოლო ვარშავაში 32 840 ადამიანმა იმგზავრა. 2015 წელს კი ვილნიუსში - 27 671 ადამიანი, კატოვიცეში - 16 842, ბუდაპეშტში - 31 024 , ხოლო ვარშავაში 24 927ადამიანი გაფრინდა.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადს, ასე გამოყურება: 2011 წელი - 4 527 მგზავრი; 2012 - 12 974; 2013 - 187 939; 2014 -218 003 მგზავრი; 2015 - 182 954, ხოლო 2016 წელს, იანვარ-ივნისის მონაცემებით, 94 644 ადამიანმა იმგზავრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG