Accessibility links

logo-print

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ 4,32 ქულით 59-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის.

2015-2016 წლების ანგარიშთან შედარებით, საქართველომ პოზიციები 7 საფეხურით გაიუმჯობესა. „ევრაზიის რეგიონის კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები, ზოგადად, სტაბილურია, თუმცა რეგიონის ქვეყნების უმრავლესობა აწყდება სიძნელეებს, რაც საქონელზე ფასების ვარდნას, ვალუტის მერყევ კურსს, რუსეთსა და უკრაინაში რეცესიას, ასევე ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას უკავშირდება. ამ შოკებმა გავლენა მოახდინა კონკურენტუნარიანობაზე ორი ძირითადი მიმართულებით: ევრაზიის რეგიონის ყველა ქვეყნის ეკონომიკამ, საქართველოს გარდა, ექსპორტის მოცულობის ვარდნა დააფიქსირა, რამაც მათი ბაზრის საერთო მოცულობა შეამცირა“, - ნათქვამია ანგარიშში.

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის თანახმად, ევრაზიის რეგიონში ყველაზე მეტად პოზიციები საქართველომ და ტაჯიკეთმა გაიუმჯობესეს. “ორივე ქვეყნის მშპ 2,5 %-ზე მეტით გაიზარდა. ეს არის ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალოზე უფრო დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ უფრო მაღალია ევრაზიის სხვა ქვეყნებთან შედარებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის თანახმად, საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე პრობლემატურ ფაქტორებს შორის პირველი ადგილი უკავია არაკვალიფიციურ მუშახელს, მეორე - წვდომას ფინანსებთან, მესამე -ინფლაციას, მეოთხე - არაეფექტურ სახელმწიფო ბიუროკრატიას, მეხუთე კი - ინფრასტრუქტურის არასაკმარის მიწოდებას. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სომხეთმა გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 79-ე, აზერბაიჯანმა 37-ე, თურქეთმა 55-ე, რუსეთმა 43-ე, უკრაინამ 85-ე, მოლდოვამ მე-100 ადგილი დაიკავა. რეიტინგში პირველ ადგილზე მოხვდა შვეიცარია, მეორეზე სინგაპური, მესამეზე კი აშშ. პირველ ხუთეულში მოხვდნენ, ასევე, ნიდერლანდები და გერმანია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის შვეიცარიული არაკომერციული ფონდი, რომელიც 1979 წლიდან ყოველწლიურ ანგარიშებს აქვეყნებს. ანგარიშში ასახულია მსოფლიოს ქვეყნების კონკურენტუნარიანობა და ბიზნესგარემოს ანალიზი. თითოეული წლის რეიტინგი წინა წლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით არის შედგენილი. მაგალითად, 2015-2016 წლების ანგარიში 2014 წლის შეფასებას ემყარება. აღნიშნული ორგანიზაციის მეთოდოლოგიით, თითოეული ქვეყანა 119 კრიტერიუმით ფასდება. კრიტერიუმების ნაწილი მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა. ისეთი კრიტერიუმებისთვის, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, კრიმინალის და განათლების დონე და სხვა, ინფორმაციის წყარო მცირე, საშუალო და დიდ საწარმოთა გამოკითხვაა. მხოლოდ საქართველოდან გამოკითხვაში მონაწილეობას 200-მდე საწარმო იღებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG