Accessibility links

logo-print

სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება. ინვესტორი ქართულ-ირანული კომპანია GEOPARS-ია, რომელსაც პროექტის განსახორციელებლად, შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, სოფელ სუფსაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა. პრივატიზაციის ხელშეკრულება GEOPARS-სა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა.

პროექტი შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან - ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს, პეტროქიმიის საწარმოსა და ლოგისტიკური ცენტისგან.

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, სუფსაში დაგეგმილი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი ჩაანაცვლებს იმპორტს და ექსპორტის პოტენციალს გაზრდის.

შეგახსენებთ, რომ სუფსაში ნავთობის ტერმინალი უკვე 1999 წლიდან არსებობს. მშენებლობა დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენისა, რომელიც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სახელითაა ცნობილი, საერთაშორისო ნავთობ-კონსორციუმის მიერ საქართველოში განხორციელებული პირველი ინვესტიციაა და 1999 წლიდან ფუნქციონირებს. დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, დიამეტრი - 530 მმ. მისი საშუალებით ხორციელდება აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოდან მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სუფსის ტერმინალში.

მილსადენის მშენებლობის ფარგლებში აშენდა, ასევე, სუფსის ტერმინალი. სუფსის ტერმინალის ტევადობა 120 000 ტონაა. WREP-ის მეშვეობით სანგაჩალის ტერმინალიდან ნავთობი 1998 წლის დეკემბერში გამოუშვეს, 1999 წლის ზაფხულში კი სუფსის ტერმინალში პირველი ტანკერი დაიტვირთა.

დღეისთვის საქართველოში ნავთობის ტრანსპორტირება ორი ნავთობსადენით - ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენით (BTC) და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP) - ხორცილედება.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს აზერბაიჯანში აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოზე მოპოვებული ნავთობი თურქეთში, ჯეიჰანის პორტში გადააქვს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მსოფლიოში სიგრძით მეორე მილსადენია. მისი სიგრძეა 1768 კმ. აქედან 229 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. მილსადენს აქვს 8 სატუმბო სადგური, მათ შორის, ორი საქართველოში. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 2005 წელს დაიწყო.

ყველაზე დიდი ისტორია საქართველოში ბათუმის ნავთობტერმინალს აქვს. დღეისთვის ტერმინალი ახორციელებს ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვას. 2008 წლის თებერვალში ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, "ყაზმუნიაგაზის", შვილობილმა კომპანია სს "ყაზტრანსოილმა"შეისყიდა ბათუმის ნავთობტერმინალი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვა ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, საქართველოდან და კასპიის რეგიონის სხვა ქვეყნებიდან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG