Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბიუჯეტო ხარჯების პრიორიტეტები 2016 წელს


საქართველოს ხელისუფლება დღეს 2017 წლის ბიუჯეტის საბოლოო პარამეტრებს აზუსტებს. თუმცა, სანამ ახალი ბიუჯეტი საბოლოოდ დამტკიცდება, ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს 2016 წლის ბიუჯეტის ანალიზი. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა მოამზადა ექვსი თვის შედეგები, რომელთაგან შემდეგ ტენდენციებს ვთვლით ყურადსაღებად:

ექვსი თვის დაზუსტებული შედეგებით, სახელმწიფო ხარჯების უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა სოციალური უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები – 37.4%, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები მთლიანი მოცულობის 17.7%-ს შეადგენდა, ხოლო საქონელსა და მომსახურებაზე – 12.6%-ს. აღსანიშნავია, რომ, ხარჯების უმეტესი ნაწილისგან განსხვავებით, სოციალური უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები, თითქმის ყველა კატეგორიის შემთხვევაში, დაგეგმილის 100%-ს შეადგენდა, გარდა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის კატეგორიებისა, სადაც შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ 94.6% იყო. აღსანიშნავია, რომ სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად (12.1%-ით) გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

შრომის ანაზღაურების კუთხით აღინიშნება ზრდა, როგორც პროცენტულ, ისე აბსოლუტურ მაჩვენებლებში. თუკი 2015 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების წლიური მაჩვენებელი 1 მილიარდ 376 მილიონი ლარი იყო, 2016 წლის ბიუჯეტში ეს მაჩვენებელი 4.8%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 443 მილიონი ლარი შეადგინა. გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა, აგრეთვე, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები – წლის პირველ ნახევარში 6%-ით, 669.8 მილიონი ლარიდან 710 მილიონ ლარამდე, რაც 6 თვის გეგმის 97.9%-ია.

საშემოსავლო გადასახადების შესრულების შემცირების ფონზე, ეს ცალსახად მიუთითებს შრომის ანაზღაურების ხარჯების მნიშვნელოვან კლებაზე კერძო სექტორში და ამ ფონზე სახელმწიფო სექტორში სახელფასო ხარჯების დისპროპორციულ ზრდაზე (რაც შეიძლება აიხსნას დასაქმებულთა რაოდენობის, ხელფასების, პრემიების ან დანამატების ზრდით). ნაკლებად სავარაუდოა, რომ შრომის ანაზღაურების ხარჯების ამგვარი მატება უკავშირდებოდეს ბიუჯეტიდან პროგრამულად დაფინანსებულ ორგანიზაციებს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებიდან დაფინანსებულ სტრუქტურებს, რადგან მათზე გაწეული ხარჯები შედარებით მცირეა და, გარდა ამისა, არსებობს რიგი შეზღუდვებისა, რომლებიც ლიმიტს ადებს ამ ორგანიზაციების მიერ გაწეულ სახელფასო დანახარჯებს. შესაბამისად, იმის ფონზე, როდესაც ეკონომიკის ზრდა ქვეყანაში შენელებულია და ეს მკვეთრად აისახება გადასახადების შეგროვებაზე, სახელმწიფო სახელფასო ხარჯების ზრდა, სულ მცირე, კითხვებს ბადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG