Accessibility links

საქართველოში საკმაოდ უცნაური ეკონომიკური სიტუაციაა შექმნილი- მაშინ როცა ლარი ისტორიულ მაქსიმუმებს იპყრობს და ერთ დოლართან ეროვნული ვალუტის კურსი 2,48 ნიშნულს აღწევს, საქართველოს სტატისტიკის სამსახური გვაუწყებს, რომ ქვეყანაში დეფლაციაა, კერძოდ:

„საქსტატის“ მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ცვლილებამ მინუს 0.2 % შეადგინა. 2013 წლის სექტემბრის შემდეგ ეს საქართველოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ინფლაცია დეფლაციამ შეცვალა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაცია ყველაზე მაღალი,- 6.3 %,2015 წლის ნოემბერში იყო. მაშინ ინფლაციის მიზეზი ლარის მკვეთრი გაუფასურება გახლდათ, წელს კი, მიუხედავად ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა, ინფლაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ფასების 6,7-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -0,79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-16,1 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზეც (-8,8 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - ამ ჯგუფში ფასები 3,9 პროცენტით არის შემცირებული, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობის, მაცივრების და სხვა საყოფაცხოვრებო საგნების ქვეჯგუფზე (-7,6 პროცენტი) და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელსა და მომსახურებაზეც (-2,9 პროცენტი). ეს მონაცემები საკმაოდ უცნაურია იმ ფონზე, როცა ჩამოთვლილ მოწყობილობათა თუ საშუალებათა უმეტესობა საქართველოში იმპორტირებულია, იმპორტი კი, მოგეხსენებათ, პირდაპირ არის დამოკიდებული ვალუტის კურსზე, რომელიც ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა.

შედარებით მაღალი ინფლაცია ფიქსირდება თამბაქოსა და ალკოჰოლურ ნაწარმზე. ამ ჯგუფში საქონლის ღირებულება, წინა წელთან შედარებით, 10.9 %-ითაა გაზრდილი, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება.

ეს მონაცემები წლიური ინფლაციის ფორმირების საფუძვლებს ნათელყოფს, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ სექტემბრიდან ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიც ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირებაა და რომელიც ფასების შეკავებაზე სერიოზულ ასახვას პოვებდა, საქართველოს ეკონომიკას გამოაკლდა. ამას დაუმატეთ ლარის კურსის სექტემბერ-ოქტომბრის ცვლილება და ცხადი ხდება, რომ როგორი მეთოდოლოგიითაც უნდადაითვალოს ინფლაცია, ფასები ქვეყანაში უდავოდ გაიზრდება. ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი ამ დროს მოთხოვნის შემცირებაა. კერძოდ, როცა ეკონომიკა არ იზრდება, მოთხოვნაც დაბალია, თუმცა ეს ფაქტორი ფასების ზრდის გარდაუვალობისგან, სამწუხაროდ, ვერ დაგვაზღვევს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG