Accessibility links

„დანერგე მომავალი“ - სოფლის მეურნეობის პროექტების ახალი პერსპექტივა


სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება მომავალი წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად შემცირდება. ყველა დეტალი მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც საქართველოს პარლამენტში გადამუშავებული 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი შევა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ შემცირება ძირითადად სოციალური ხასიათის სასოფლო-სამეურნეო დანახარჯებს, მაგალითად, ხვნა-თესვის ვაუჩერებს შეეხება, ხოლო პროგრამების ნაწილი, რომელიც ახალი ბაღებისა და საწარმოების შექმნას გულისხმობს, ამ ეტაპზე შენარჩუნდება.

ამ დღეებში ასევე ცნობილი გახდა, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება განხორციელდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებულ ერთ-ერთ პროექტში - „დანერგე მომავალი", რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მრავალწლოვანი კულტურების გაშენებას ითვალისწინებს.

აგროპროექტ „დანერგე მომავლის" ფარგლებში ფერმერებს საშუალება ექნებათ გააშენონ მაყვლისა და ჟოლოს კულტურები საქართველოს ყველა რეგიონში. იმავდროულად, პროექტს დაემატა კომშის გაშენების შესაძლებლობა კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

აღნიშნული კულტურების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს, როლებიც აგროპროექტ „დანერგე მომავალში" ჩაერთვებიან, სახელმწიფო ნერგების ღირებულების 70 %-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობის ღირებულების 50 %-ს დაუფინანსებს. ამ ეტაპისთვის აგროპროექტი „დანერგე მომავლის" ფარგლებში გაშენდა/შენდება 2044 ჰა მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები, ხოლო სახელმწიფოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ 9,767,644 ლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ აგროპროექტ „დანერგე მომავლის" განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისისა და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

ზემოთ მოხსენიებული კულტურების გარდა, რეგიონების მიხედვით იმ კულტურების დანერგვაა შესაძლებელი, რომლებიც რეგიონში შედარებით უკეთესი მოსავლიანობით გამოირჩევა. მაგალითად, კაკალი საქართთველოს ყველა რეგიონში ფინანსდება, თუმცა ლურჯი მოცვის და, მაგალითად, მანდარინის პლანტაციების გაშენებას, ისევე როგორც ლიმონისა და სხვა ციტრუსებისას, პროგრამა ძირითადად დასავლეთ საქართველოს, გურიის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფინანსებს. არის კულტურები, - მაგალითად, ვაშლი, მსხალი, ალუბალი და ა.შ., - რომლებიც, ზემოთ მოხსენიებული ჟოლოს, მაყვლისა და კომშის მსგავსად, სოფლის მეურნეობის პროგრამებით, მთელი საქართველოს მასშტაბით შეიძლება გააშენოთ.

პროექტი „დანერგე მომავალი“, ბაღების კომპონენტის გარდა, სანერგეების შექმნის კომპონენტსაც გულისხმობს. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის, თანადაფინანსების სახით, მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას სანერგე მეურნეობის მოსაწყობად ან არსებული მეურნეობის განსავითარებლად. თანადაფინანსების მოცულობაა არაუმეტეს 150 000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG