Accessibility links

logo-print

ბრექსიტის შესახებ გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთს კეთილდღეობის შემცირებად დაუჯდა, უკუსვლის გარეშე გასულ წელს არც რუსეთისა და ჩინეთისთვის ჩაუვლია, იაპონია კი, ტრადიციულად, მაღალი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს. Global Wealth Report-ის კვლევის თანახმად, რომელსაც რეგულარულად ატარებს შვეიცარიული ბანკი Credit Suisse, 2016 წელს მსოფლიო კეთილდღეობის დონე 1,4 %-ით გაიზარდა. 2015-2016 წლებში დედამიწის მოსახლეობა 3,45 ტრილიონი დოლარით,ანუ 255,6 ტრილიონამდე, გამდიდრდა.

ამ რეიტინგში უპირობოდ ლიდერობს იაპონია, რომლის მოქალაქეთა ჯამურმა ქონებამ 3,9 ტრილიონით მოიმატა და 24 ტრლნ. დოლარი შეადგინა, თუმცა კვლევის ავტორები ამ მონაცემების საფუძვლად ქვეყნის ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებით გამყარებას ასახელებენ.
მეორე ადგილზეა აშშ, სადაც ეროვნულმა სიმდიდრემ 1, 7 ტრლნ. დოლარით მოიმატა და ამჟამად 85 ტრლნ. დოლარს შეადგენს.

6 ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთის, კანადის, ახალი ზელანდიის, ინდონეზიისა და ბრაზილიის - მოსახლეობის სიმდიდრის დონემ, ჯამურად,100 მლრდ. დოლარით მოიმატა.

რეიტინგის მთავარი აუტსაიდერი გახდა ბრიტანეთი - პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია ბრექსიტის შემდეგ ფუნტის კურსის გაუფასურებასთან.

საფონდო ინდექსების შემცირების გამო 680 მლრდ. დოლარი დაკარგა ჩინეთის მოსახლეობამ, ბოლოდან მე-3 ადგილს იყოფენ რუსეთი და მექსიკა - მათი მოსახლეობის ჯამურმა გაღარიბებამ198 მლრდ. დოლარი შეადგინა.

ოჯახური კეთილდღეობის მაჩვენებლები შედარებით განსხვავებულ სურათს იძლევა. ყველაზე მეტად ამ პერიოდში გამდიდრდნენ ოჯახები იაპონიასა და ახალ ზელანდიაში - მათი ქონება 19 და 14 პროცენტით გაიზარდა.
მე-3 ადგილზე გავიდა ჰონკონგი, სადაც ოჯახების ქონებამ საშუალოდ 10%-ით მოიმატა. გაღარიბების ლიდერები არიან არგენტინა (-27 %), რუსეთი (-18 %), და უკრაინა (-14, 4 %.)

კვლევის შედეგების მოხედვით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყნები, რომელთა საშუალო პირადი კეთილდღეობა აღემატება 100 000-ს ერთ სულ მოსახლეზე, მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპაში, ამ სიაშია, ასევე, იაპონია.
საშუალო-მაღალი კეთილდღეობის ქვეყნებში (25 000 - 100 000 დოლარი ერთ ადამიანზე) მოხვდნენ პორტუგალია, სლოვენია, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ბაჰრეინი, ლიბანი, ომანი, საუდის არაბეთი, ჰონკონგი, ტაივანი, ჩილე, კოსტა-რიკა და ურუგვაი.

რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესი ქვეყნები, ჩინეთი, ბრაზილია, მექსიკა და ინდონეზია შედიან საშუალო პირადი კეთილდღეობის ქვეყანათა სიაში (5-25 ათასი დოლარი).

უფრო ღარიბია ცენტრალური აზიის, ცენტრალური აფრიკის, ინდოეთის, ბანგლადეშის, კამბოჯის, ბელარუსის, მოლდოვასა და უკრაინის მოსახლეობა, რომლის უმეტესობის პირადი კეთილდღეობა 5 000 დოლარს არ აღემატება.

კვლევამ ცხადყო, რომ 2000 წლიდან მსოფლიოში სიმდიდრის განაწილებაში იზრდება განვითარებადი ქვეყნების წვლილი - ამ მაჩვენებელმა 16 წელიწადში მოიმატა 12-დან 18 %-მდე.

ამავე დროს იზრდება ქონებრივი უთანასწორობა - 2010 წელს დედამიწის უმდიდრესი 10 % ფლობდა მთელი მსოფლიო აქტივების 50 %-ს, დღეს კი ფლობს უკვე 89 %-ს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG