Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფლაციური ტენდენციები და მოლოდინი საქართველოში


ახალი აქციზები ნავთობპროდუქტებზე, მანქანებსა და სიგარეტზე საქართველოში 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, რამაც, პირველი დაკვირვებით, უკვე მოახდინა ზეგავლენა ფასების ზრდაზე საქართველოში. ოფიციალური სტატისტიკა, ცხადია, თებერვალში გახდება ცნობილი, მანამდე კი სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2016 წლის მიწურულის მონაცემებს აქვეყნებს.

2016 წლის დეკემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 1,0 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე), 1,8 პროცენტი შეადგინა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 19,0 პროცენტით გაიზარდა.

ამ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,47 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (9,2 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის (2,9 პროცენტი), ხორცისა და ხორცის პროდუქტების (2,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 2,3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,27 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8,5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,0 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

მოცემულ პერიოდში ფასების 13,1-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფზე, რაც 0,80 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

ფასები მკვეთრად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (23,2 პროცენტი). ფასების მატება დაფიქსირდა, ასევე, ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფებზე (4,6 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,6 პროცენტით და ჯგუფმა 0,51 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფზე - შაქარი, ჯემი, თაფლი, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი (16,3 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,26 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,7 პროცენტი);

ფასები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფზე შემცირდა 5,7 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე -0,19 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

როგორც აღვნიშნეთ, აქციზების ზრდიდან გამომდინარე, მიმდინარე თვეში ინფლაციური მოლოდინი უფრო მაღალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG