Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შპს „მექანიზატორი“ - შესაბამისობის აუდიტის ანგარიში


ავტორი: ირინა გურული

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა რომ ზოგადად არაეფექტურია, ამაზე საქართველოში დიდი ხანია ლაპარაკობენ და სწორედ ამ არაეფექტურობის დასაძლევად დაიწყო გასული საუკუნის 90-იანი წლებიდანვე პრივატიზაციის პროცესის. მათ შორის გამონაკლისი არ ყოფილა აგრარული სექტორი, სადაც, ბოლო წლების მონაცემებით, 71 სახელმწიფო საწარმოდან 15 ფუნქციონირებდა და მათ 3 უწყება კურირებდა.

ეკონომიკის მიმოხილვა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:30 0:00
გადმოწერა

ამ საწარმოებს შორის არის შპს „მექანიზატორი“, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. საწარმოს მთავარი დანიშნულება აგრარული სექტორის საჭირო ტექნიკითა და მექანიზაციით მომსახურება გახლდათ. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ რადგან საქართველოში მიწის მესაკუთრეების უმეტესობას მიწის მცირე ნაკვეთები აქვთ სარგებლობაში და მსხვილი ტექნიკის შეძენის რესურსები არ გააჩნიათ, საქართველოს ხელისუფლებას შეექმნა მსხვილი კომპანია, რომელსაც სხვადასხვა რეგიონში ექნებოდა განთავსებული მექანიზაცია. ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამით, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობდა ხელს, მეორე მხრივ კი, თავად კომპანიაც, ცხადია, მომგებიანი იქნებოდა.

ამ დღეებში საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა შპს „მექანიზატორის“ შესაბამისობის აუდიტი, რომლის მიზანიც არ ყოფილა კომპანიის მიერ სოფლის მეურნეობაში შეტანილი წვლილის შეფასება - აუდიტმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ძირითადი აქტივების მართვა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების აქტივებით მიღებული შემოსავალი შეაფასა.

აუდიტს კომპანიის 2013-2014 წლების საქმიანობა აქვს შეჯამებული, რის შედეგადაც საკმაოდ საინტერესო დასკვნები გამოიკვეთა:

2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიას ბალანსზე ერიცხებოდა, დაახლოებით, 200,000,000 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომლის ინვენტარიზაციაც წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. შესაბამისად, კომპანია არ ფლობს სრულ და ზუსტ ინფორმაციას მის ბალანსზე რიცხული ტექნიკა-იმპლემენტების არსებობისა და მდგომარეობის შესახებ. კომპანიის ზოგიერთი ტექნიკა-აგრეგატის უტილიზაცია საკმაოდ დაბალია. მაგალითისთვის: გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ კარტოფილის მოსავლის ამღებ ტექნიკას, ქვის ამკრეფ ტექნიკასა და თვითმავალ სათიბელას. აღნიშნული ტექნიკა-აგრეგატები კომპანიამ ჯამურად შეისყიდა 3,000,000 ლარად, ხოლო წლის განმავლობაში აღნიშნული ტექნიკით მიღებულმა შემოსავალმა 12,000 ლარი (0.4 %) შეადგინა.

კომპანიას, საბუღალტრო მონაცემებით, 2014 წლის განმავლობაში სულ მიღებული აქვს 19,7 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი, თუმცა ეს რიცხვი არ ედრება კომპანიის მიერ შედგენილ ხელშეკრულებების რეესტრს. ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას აქვს არასისტემატიზებული ხასიათი.

შემოსავლების სრულად აღრიცხვისათვის კომპანიაში არ არის დანერგილი ადეკვატური კონტროლები. შესაბამისად, მაღალია ტექნიკა-იმპლემენტების არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკი.

ეს მონაცემები კარგად აჩვენებს, რომ, როგორც საწარმო, შპს „მექანიზატორი“ არამომგებიანი და არაეფექტიანია. აუდიტის რეკომენდაციები მართვის გასაუმჯობესებლად იქნა გაკეთებული, თუმცა საწარმოს პრივატიზებაც ამ სიტუაციაში, სავარაუდოდ, ასევე გამოსავალი შეიძლება იყოს. ცალკე თემაა, რომ რაც წლები გადის, ტექნიკა, რომელსაც შპს „მექანიზატორი“ ფლობს, სულ უფრო და უფრო ძველდება. ინვესტიციით დაინტერესებას მაინცდამაინც არც აუდიტის წარმოდგენილი ანგარიში უწყობს ხელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG