Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკური პრობლემების პარამეტრები


ეკონომიკური მიმოხილვა და ინდიკატორები - საგადასახადო შემოსავლები - იანვარი-აგვისტო 2013
ეკონომიკური მიმოხილვა და ინდიკატორები - საგადასახადო შემოსავლები - იანვარი-აგვისტო 2013
საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები გაღიზიანებას ვერ ფარავენ ხოლმე, როდესაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები ეკონომიკური ვარდნის შესახებ საუბრობენ. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მისი მინისტრები ირწმუნებიან, რომ გაცემულ დაპირებებზე მეტის გაკეთება შეძლეს. სტატისტიკური მონაცემები და ექსპერტთა ანალიზი კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკონომიკა თითქმის არ ვითარდება და პრობლემები კიდევ უფრო მრავლდება.

ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2013 წელს 2.5%-მდე შენელდება. ეს მაჩვენებელი გასულ წელს, მიუხედავად დაძაბული პოლიტიკური ფონისა, 6 პროცენტზე მეტი იყო. სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში შემცირებულია სამუშაო ადგილების რაოდენობაც და უმუშევრობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ფონდის მოხსენებაში ვკითხულობთ:

„მოსალოდნელია, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის შენელება მოჰყვება შემცირებულ კერძო ინვესტიციებს, კრედიტების სუსტ ზრდას და საბიუჯეტო თანხების ეკონომიურ ხარჯვას“. სავალუტო ფონდის აზრით, „ინვესტორთა ნდობის აღსადგენად საჭიროა ბოლოდროინდელი პოლიტიკური გაურკვევლობის მოგვარება“.

ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ასეთმა შეფასებამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის უკმაყოფილება გამოიწვია:

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური
”ცხადია, ვმუშაობდით ამ პროგნოზებზე და არ ვეთანხმებით მათ, მაგრამ ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ სრულიად წარმოუდგენელი პროგნოზი დაიდო სავალუტო ფონდის მიერ დასაქმების შემცირებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე საერთოდ არ ყოფილა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, ფინანსთა სამინისტროსთან და არანაირი ფაქტობრივი მონაცემები არ ადასტურებს იმას, რომ შესაძლოა რაიმე პრობლემა იყოს. პირიქით”.

ფინანსთა მინისტრის გარდა, საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ირწმუნებიან, რომ ყველაფერი პირიქით და კარგად ვითარდება. ამას ირწმუნება პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. მან ორიოდე კვირის წინ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე უკმაყოფილება გამოთქვა ეკონომიკის არასწორად გაშუქების გამო:

”რაც შეეხება ზოგადად ეკონომიკას და მის პერსპექტივას, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, იმაზე მეტი გავაკეთეთ ამ დროში. ამის პრეტენზია მაქვს მე”.

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მომავალი წლები კიდევ უფრო უკეთესი იქნება. ასეთი განცხადებების არ სჯერა მმართველი პოლიტიკური ძალის ოპოზიციას - ”ნაციონალურ მოძრაობას”. პარლამენტში 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, განაცხადა, რომ ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსისკენ მიექანება:

გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე
”არასწორად არის დაგეგმილი და აბსურდული ციფრები არის მოტანილი. ფინანსთა სამინისტრო არაპროფესიულად უდგება ამ საკითხს და, სამწუხაროდ, ჩვენ ამის გამო ეკონომიკური კრიზისიდან შევალთ ეკონომიკურ კოლაფსში”.

ვაშაძის ამ და სხვა კრიტიკას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უკუბრალდებებით უპასუხა. მათ შორის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ცხარე კამათი გაიმართა:

ნოდარ ხადური: ”თქვენ ბიზნესი მოკალით...”

გიორგი ვაშაძე: „ბიზნესი ჩვენ კი არ მოვკალით, თქვენ მოკალით, როდესაც ეკონომიკური ზრდა არის 1,6 პროცენტი“.

ნოდარ ხადური: „პასუხს გაძლევ, ზუსტად ეგ არის: შენ მოკალი კომპანია და ახლა მე უნდა გავაცოცხლო...“

გიორგი ვაშაძე: „თქვენ მოკალით ბიზნესი, ნულზე არის დასული ყველაფერი“.

მთლიანი საგადასახადო შემოსავლები 2013 წლის აგვისტოში, 2012 წლის აგვისტოსთან შედარებით, არის 6.7 პროცენტით შემცირებული, ხოლო 2013 წლის ივლისთან შედარებით, 22.3 პროცენტით არის შემცირებული...
თამარ ჯუღელი
ამ ურთიერთბრალდებებში სიცხადის შესატანად ეკონომისტები სტატისტიკას მოუხმობენ, რომელსაც ეყრდნობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში, ისევე როგორც ეკონომიკური პროფილის ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები. მათ შორის არის ”პი-ემ-სი ჯგუფი”, რომელიც რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს ეკონომიკურ მიმოხილვას და ინდიკატორებს. უკანასკნელი კვლევა იანვარ-აგვისტოს პერიოდს შეეხება და საგადასახადო შემოსავლების დინამიკას ასახავს, ანუ იმას, თუ რა მოცულობის თანხის გადახდა შეძლეს საქართველოს გადასახადის გადამხდელებმა. ”პი-ემ-სი ჯგუფის” წარმომადგენლის თამარ ჯუღელის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შემოსავლები საგრძნობლად შემცირებულია:

”რადგანაც დღგ - მოგებიდან და საშემოსავლო გადასახადებიდან შემოსავლები - შემცირებულია, - ეს არის გადასახადები, რომლებიც ძირითადად ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის დონეზე მიანიშნებს... თუ ამ გადასახადებიდან შემოსავლები შემცირებულია, ეს თავისთავად მიუთითებს, რომ ეკონომიკური აქტივობაც შემცირებულია ქვეყანაში ამ აღნიშნულ პერიოდში.”

თამარ ჯუღელს ასეთი განცხადების საფუძველს სტატისტიკური მონაცემები აძლევს:

”მთლიანი საგადასახადო შემოსავლები 2013 წლის აგვისტოში, 2012 წლის აგვისტოსთან შედარებით, არის 6.7 პროცენტით შემცირებული, ხოლო 2013 წლის ივლისთან შედარებით, 22.3 პროცენტით არის შემცირებული”.

„პი-ემ-სი ჯგუფის“ წარმომადგენლის თამარ ჯუღელის მიერ მოყვანილი მონაცემების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და მომავალი წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შემცირებას გეგმავს. არადა, ეკონომისტების მნიშვნელოვანი ნაწილი - ისევე როგორც ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა - მიიჩნევს, რომ სწორედ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების წამოწყებას და მათი დაფინანსების გაზრდას შეუძლია ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური პრობლემების დაძლევა.
XS
SM
MD
LG