Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერმა რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ მოხსენებაში ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის ე.წ. პრიორიტეტულ სფეროებზე. მისი თქმით, საქართველოს, როგორც რეგიონალური ცენტრის, როლის განსამტკიცებლად მთავრობამ დაადგინა პრიორიტეტული სექტორები, რომლებიც განვითარებასა და ინვესტიციებს საჭიროებს. ესენია: ტრანსპორტი, წარმოება, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ტურიზმი.

შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროთა ნაწილი, არსებითად, მართლაც წარმოადგენს უცხოურ საინვესტიციო აქტივობათა მთავარ სამიზნეს.

მაგალითად, 2014 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, უცხოელ ინვესტორთა დაინტერესების თვალსაზრისით, პირველ ადგილზე იყო ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მეორეზე - დამამუშავებელი მრეწველობა, მესამეზე - ენერგეტიკა, მეშვიდეზე - სოფლის მეურნეობა.

სხვათა შორის, ტურიზმს, ანუ სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესს, ერთობლიობაში, წელს და გასულ - 2013 - წელსაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი აქვს: 2013 წელი სექტორმა 13 მილიონით დაამთავრა, 2014 წლის მეორე კვარტალი კი, ასევე მინუსიანი მაჩვენებლით, ანუ 1,9 მილიონი აშშ დოლარით, აღინიშნა.

თუ ბოლო წლების ტენდენციებს გადავხედავთ, აქაც საკმაოდ საინტერესო მაჩვენებლები გვხვდება. მაგალითად, სტატისტიკის თანახმად, ბოლო 3-4 წლის მანძილზე ენერგეტიკის სფერო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სფეროა ინვესტორებისთვის. 2011 წელს ამ სფეროში მოზიდული იყო 203,9 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, 2012 წელს - 179 მილიონი აშშ დოლარი, 2013 წელს კი - 245 მილიონ აშშ დოლარამდე. ამ თვალსაზრისით, აშკარა კლებაა 2014 წლის პირველ ორ კვარტალში, როცა, ჯამში, ენერგეტიკაში მოზიდულია დაახლოებით 57 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში მოზიდული უცხოური ინვესტიციების პიკი 2008 წელზე მოდის: 400 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, რაც საერთაშორისო დახმარებებთან არის კავშირში. საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იყო 2010 წელსაც: დაახლოებით 210-მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა. 2012 წელი, ამ თვალსაზრისით, წარუმატებელი იყო: სულ 72 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2013 და 2014 წლებში კი ამ კუთხით მნიშვნელოვანი ზრდაა: 2013 წელს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში 140 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2014 წლის პირველ ორ კვარტალში კი უკვე 145 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციაა განხორციელებული.

უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ინვესტიციებით ვერ დაიკვეხებს სოფლის მეურნეობის სექტორი. ინვესტიციების მაქსიმუმი ამ სექტორში 2009 წელს აღინიშნა, როცა მასში 22 მილიონ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. 2010-ში ინვესტიცია 8 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში იყო, 2011 წელს - 14 მილიონის, 2012 წელს - 16 მილიონის, შემდეგ კი ინვესტიციების მასშტაბმა ისევ დაიკლო და 2013 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობასა და თევზჭერის სექტორში 12 მილიონ აშშ დოლარამდე შემოვიდა, 2014 წლის პირველ ორ თვეში კი ინვესტიცია დაახლოებით 5 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებშია.

აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ, პრიორიტეტულობის მიუხედავად, თითქმის ყველა მიმართულებით, გარდა ტრანსპორტის და კომუნიკაციებისა, საინვესტიციო აქტივობებში უკანასკნელი წლის მანძილზე კლება დაფიქსირდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს ტურიზმის სფეროსა და სოფლის მეურნეობაში, რაც, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ასევე - ახალ სავიზო რეგულაციებთანაც.

ცხადია, სექტორების პრიორიტეტულად გამოცხადება, სავარაუდოდ, არ უნდა გულისხმობდეს მხოლოდ შიდა საინვესტიციო პროექტებისა თუ სუბსიდირების პროგრამების წარმოებას ამ სექტორში და ძირითადად მიმართული უნდა იყოს სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების ხელშეწყობისკენ, რაც, ცხადია, ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ხელსუფლების რა ნაბიჯები მოჰყვება პრიორიტეტების განსაზღვრას და როგორ აისახება ეს ნაბიჯები რეალურ ეკონომიკურ სტატისტიკაზე.

XS
SM
MD
LG