Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის ზრდა, რომელიც „კმაყოფილების საფუძველს“ არ იძლევა


საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, მაგრამ ვითარდება ნელი ტემპით. ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებით კმაყოფილი არც მთავრობის წარმომადგენლები არიან, მაგრამ პოზიტიურ ტენდენციებს ხედავენ და ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ.

მიმდინარე კვირის მიწურულს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებთან ერთად ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ მიმოიხილა.

გადმოწერა

მისი განცხადებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2016 წლის პირველ 7 თვეში გაზრდილია 17 %-ით. აქედან ექსპორტი 12 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი 25 პროცენტით გაიზარდა. იმპორტირებულ პროდუქციაში დიდი ადგილი უკავია მედიკამენტებს და, კერძოდ, C ჰეპატიტის მკურნალობისთვის განკუთვნილ წამლებს. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება გრანტით ხორციელდება, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროში იმპორტის მოცულობას C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტის გარეშე განიხილავენ. შესაბამისად, იმპორტიც კლების ტენდენციით გამოირჩევა და ის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6 %-ით ნაკლებია. მიუხედავად შემცირებული მაჩვენებლებისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მაოდგილემ ნიკოლოზ გაგუამ მაინც მზარდ მაჩვენებლებზე ისაუბრა:

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უკეთესი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია შევხედოთ ასევე რეალურ მონაცემებს, ანუ ექსპორტის დინამიკას, ფასის ეფექტის გამოკლებით. ხაზი უნდა გაესვას, რომ ექსპორტში კლება გამოწვეულია მხოლოდ ფასისმიერი ეფექტით. პირველ და მეორე კვარტალში გვქონდა პრაქტიკულად ნულოვანი კლება, ხოლო ივნისში გვაქვს რეალური ზრდა 2.9 პროცენტი. რაც შეეხება იმპორტის შემცირებას, აქ კიდევ ერთი პოზიტიური გარემოებაა ის, რომ გაიზარდა საინვესტიციო საქონლის იმპორტი. შესაბამისად, შემცირება მოდის სამომხმარებლო და შუალედურ საქონელზე და ეს არის ძალიან ჯანსაღი სახის შემცირება“.

ნიკოლოზ გაგუა
ნიკოლოზ გაგუა

ნიკოლოზ გაგუა ერთმანეთს უკავშირებს საინვესტიციო პროდუქციის იმპორტის ზრდას და ინვესტიციების მატებას, რაც მას და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. იმედიან განწყობილებას უქმნის მათ ასევე უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირების შეჩერება და ტურიზმის ზრდის ტენდენცია. მიუხედავად ამ პოზიტიური მაჩვენებლებისა, ნიკოლოზ გაგუა ეკონომიკური ზრდის ტემპს დამაკმაყოფილებლად მაინც არ მიიჩნევს:

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა და დღესდღეობით, დაახლოებით, 3 პროცენტის ფარგლებში ფიქსირდება, თუმცა ეს კმაყოფილების საფუძველს არ იძლევა. ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს 3,5 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს ეს მაჩვენებელი, რაც არ არის მაღალი, მაგრამ, არსებული პროგნოზებით, ეს მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება“.

ნიკოლოზ გაგუამ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი ახსენა, რომლის ეკონომიკური განვითარების საშუალო დონე სამჯერ და უფრო მეტად აღემატება საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას. მთავრობა ე. წ. ეკონომიკის სისტემურ რეფორმირებაზე მუშაობს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 4-პუნქტიანი გეგმა მოამზადა, რომელმაც ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებელი უნდა უზრუნველყოს. ამისთვის გადაწყვეტილი აქვთ მთავრობა ეკონომიკაში სხვადასხვა რეგულაციებისა და სუბსიდიების გზით იმაზე მეტად ჩაერიოს, ვიდრე ამჟამად ერევა. ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ზრდა კარგს ვერაფერს მოიტანს. იმისათვის, რომ საქართველო ეკონომიკური კეთილდღეობის დონით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გაუტოლდეს, საჭიროა მთავრობამ ამ რეგიონში ყველაზე მიმზიდველი ბიზნესგარემო შექმნას, მიიჩნევს „ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი“ გია ჯანდიერი:

გია ჯანდიერი
გია ჯანდიერი

„როდესაც რეგიონში გაქვს კონფლიქტები და პრობლემები, უნდა იფიქრო იმაზე, კიდევ მეტი რა მოიფიქრო, რითიც მიმზიდველი გახდება ბიზნესი და ეკონომიკური გარემო საქართველოში, და არა მოიფიქრო კიდევ ახალი პრობლემები და ახალი ტვირთი აჰკიდო ბიზნესს, კიდევ ერთხელ შეაშინო ისინი, რომ ისეთივე რეგულირებები თუ გექნება, რაც სხვაგან, მაშინ რაღა აქ უნდა გააკეთონ ბიზნესი და წავლენ სხვაგან. ხდება კიდეც ასე, რად უნდა ამას დამალვა. გაგვექცა ჩვენ აქედან ინვესტორები იმის გამო, რომ მათ ვეღარ დაინახეს, რა იყო საქართველოში უკეთესი, ვიდრე სხვაგან“.

გია ჯანდიერისა და სხვა ეკონომისტების გამოანგარიშებით, თუ საქართველოს ეკონომიკამ ზრდა მთავრობის მიერ დაგეგმილი ტემპით - საშუალოდ, 3-4 პროცენტით - გააგრძელა, ქვეყნის ცხოვრების დონე თითქმის ვერასდროს მიაღწევს საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ამისათვის საქართველოს მინიმუმ 10-პროცენტიანი ზრდა ესაჭიროება, დაახლოებით, 20-25 წლის მანძილზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG