Accessibility links

logo-print

15 სექტემბერს თბილისის ქუჩებსა და სახლებში ბუნებრივი აირის მძაფრმა სუნმა მოსახლეობის დიდი ნაწილი შეაშფოთა. მალევე გახდა ცნობილი, რომ თბილისის გაზმომმარაგებელმა კომპანიამ ქსელში ბუნებრივ აირს სპეციალური ნივთიერების (ოდორანტის) დამატებით სპეციფიკური სუნი მისცა იმ მიზნით, რომ ადვილად შეენიშნათ, სად ჟონავდა გაზი.

სუნმა, რომელიც ქალაქში მცხოვრებლებმა იგრძნეს, დაადასტურა, რომ თბილისის გაზმომარაგების სისტემა მწყობრში სულაც არ არის, გაჟონვის კერებიც უხვადაა და სერიოზულ რეაბილიტაციას და, შესაბამისად, ინვესტირებას საჭიროებს.

ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესო გახლავთ ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს, შესაძლოა, საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა (GIG) იყიდოს. ეს ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ ენერგეტიკის სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მოლაპარაკების დეტალების შესახებ არაფერი იციან.

„’ყაზტრანსგაზის’ მფლობელი „ყაზმუნაი გაზის“ მხრიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით ყაზახური მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა პროცესის დეტალები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის ცნობილი არ არის“, - ამბობენ უწყებაში.

ინდუსტრიულ ჯგუფში ჯერჯერობით „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ შესყიდვაზე საუბრისგან თავს იკავებენ და აღნიშნავენ, რომ სანამ ხელშეკრულება ოფიციალურად არ გაფორმდება, ამ ინფორმაციას ვერც უარყოფენ და ვერც დაადასტურებენ.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ 2009 წლიდან „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დანიშნული მმართველი ჰყავს იმის გამო, რომ კომპანიას დიდი ოდენობის - დაახლოებით, 80 მილიონამდე - ვალი აქვს როგორც “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“,ასევე ფინასთა სამინისტროსი.

ცნობისათვის: საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი 2005 წლიდან ქართული ელექტროენერგიის ბაზარზე მნიშვნელოვანი მიმწოდებელია. მის მფლობელობაშია 8 მცირე ჰიდროსადგური, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგური.

რაც შეეხება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”ყაზტრანსგაზ-თბილისს”, რომელიც ყაზახური კომპანია ”ყაზტრანსგაზის” შვილობილია, თბილისში 2006 წლის 9 მარტს დაფუძნდა. ამ დროისათვის კომპანია, დედაქალაქის მასშტაბით, გაზს 384 055 აბონენტს აწვდის, მათ შორის, მოსახლეობის სექტორში 370 026 აბონენტს, 1 740 მსხვილ მომხმარებელსა და 12 289 სამრეწველო და კომუნალურ მომხმარებელს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG