Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური ვარდნა თუ ეკონომიკის გაჯანსაღება?


თბილისის შემოვლითი რკინიგზის შეჩერებული პროექტი
თბილისის შემოვლითი რკინიგზის შეჩერებული პროექტი
2013 წელი ყველას ეკონომიკური პრობლემების შესახებ ცხარე დისკუსიით დაამახსოვრდება. წლის პირველ ნახევარში მთავრობა ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებას არ აღიარებდა, ხოლო მეორე ნახევარში ირწმუნებოდა, რომ ვარდნა ეკონომიკის გაჯანსაღების დასაწყისზე მეტყველებს. ამ მოსაზრების გასამყარებლად ეკონომიკის მინისტრმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ექსპორტის, ტურიზმისა და სხვა სფეროების გაზრდილი მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

წლის მიწურულს მთავრობა აღიარებს, რომ 2013 წლის პირველი ნახევარი არასახარბიელო ეკონომიკური მაჩვენებლებით ხასიათდებოდა და თავს იწონებს, მასთან შედარებით, მეორე ნახევარში გაუმჯობესებული მაჩვენებლებით. ”წლის მეორე ნახევარში ადგილობრივმა თუ უცხოურმა ბიზნესმა რეალურად დაინახა ახალი შესაძლებლობები, რასაც მათ ჩვენი მთავრობა სთავაზობს”, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოხსენებაში:

”მესამე კვარტალში, მაგალითად, 24 პროცენტით არის გაზრდილი საწარმოთა ბრუნვა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2013 წლის მესამე კვარტალში გაზრდილია, პირველ და მეორე კვარტალთან შედარებით, ხოლო მნიშვნელოვნად - 20 პროცენტით - აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მონაცემებს. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, 2013 წლის 11 თვის მონაცემებით, 4 პროცენტით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 20 პროცენტით და 2.6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა”.

ეს ზრდა შედარებულია წინა წლის შენელებულ ეკონომიკასთან, ანუ დღევანდელი ზრდა არ არის რეალური ზრდა, არამედ ეს არის შეფარდებითი ზრდა წინა წლის ბოლო თვეებთან, რომლებიც იყო სრული ჩავარდნა...
გია ჯანდიერი
ექსპორტის ზრდის მიუხედავად, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა მთელი წლის განმავლობაში ჩამორჩებოდა გასული წლის მაჩვენებლებს,წლის ბოლოს კი 4 პროცენტიანი ზრდა აღინიშნება, რაც წინა წლის დასასრულს დაფიქსირებული ვარდნის დამსახურებად უფრო მიაჩნია ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტს გია ჯანდიერს.

”ეს ზრდა შედარებულია წინა წლის შენელებულ ეკონომიკასთან, ანუ დღევანდელი ზრდა არ არის რეალური ზრდა, არამედ ეს არის შეფარდებითი ზრდა წინა წლის ბოლო თვეებთან, რომლებიც იყო სრული ჩავარდნა. ამიტომ ამაში სატრაბახო, ჩემი აზრით, არაფერია. მოდით, შევადაროთ ეს ყველაფერი არა 2012 წლის ბოლოს, არამედ დასაწყისს და ცხადი გახდება, რომ არაფერია მანდ სატრაბახო”.

მიუხედავად იმ ვითარებისა, რაზეც გია ჯანდიერი ლაპარაკობს, საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 2 პროცენტის ფარგლებში იქნება.

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური
არადა, წლის დასაწყისში მთავრობა 6 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებდა და ბიუჯეტის შევსებასაც ეჭვქვეშ არ აყენებდა. მაშინ ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა:

”საქართველოს ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება... ყველაფერი არის ძალიან კარგად, საქართველოს ეკონომიკაში არის აღმავლობა, ბიუჯეტი სრულდება გადაჭარბებით”.

მაგრამ წლის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილს, სულ მცირე, 600 მილიონი ლარი დააკლდება. თუმცა ფინანსთა მინისტრი აქაც ინარჩუნებს ოპტიმიზმს და აცხადებს, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებულ ხარჯებს მაინც დააფინანსებს. ამ განცხადების საფუძველს ხაზინის ანგარიშზე აკუმულირებული თანხები იძლევა, მათი დაგროვება კი ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩაშლის შედეგია, რამაც, თავის მხრივ, დიდი გავლენა იქონია ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელზე. ასეთ დასკვნას აკეთებს ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ექსპერტი ირინა გურული:

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ინიცირება ევროკავშირთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. ქართულ ბიზნესს ახლო მომავალში ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზარი გაეხსნება. შედეგად მივიღებთ ახალ წარმოებებს, მეტ დასაქმებულ მოქალაქეს, გაზრდილ ექსპორტს...
გიორგი კვირიკაშვილი
”2013 წლის ჩავარდნის ძირითადი მიზეზი იყო ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მკვეთრი კლება, რამაც, შესაბამისად, ვერ შემოიტანა იმ რაოდენობის გადასახადები, რაც იყო ნავარაუდევი. და ამიტომ აუცილებელი იყო ბიზნესის გააქტიურება, რისი გარანტიც შეიძლება სახელმწიფო ყოფილიყო, პირველ რიგში”.

ეკონომისტების ნაწილი ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიურობას არ ემხრობა. მათი აზრით, მთავრობამ ისეთი ბიზნესგარემო უნდა შექმნას, რომ ინვესტორები თავად დაინტერესდნენ საქართველოში საქმიანობით. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირწმუნება, რომ 2013 წელს სწორედ ასეთი გარემოს შექმნას ჩაეყარა საფუძველი.

ამას ემატება ევროკავშირთან პარაფირებული ასოცირების შეთანხმება, რომელიც მომავალში ქართული ბიზნესისთვის საბაჟო გადასახადების გარეშე ხელმისაწვდომს ხდის ევროპის დიდ ბაზარს:

”თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ინიცირება ევროკავშირთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. ქართულ ბიზნესს ახლო მომავალში ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზარი გაეხსნება. შედეგად მივიღებთ ახალ წარმოებებს, მეტ დასაქმებულ მოქალაქეს, გაზრდილ ექსპორტს, ახალ ინვესტიციებს. ეს ყველაფერი კი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური და შეუქცევადი ზრდის გარანტი იქნება”.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ანგარიშის პრეზენტაცია
ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ანგარიშის პრეზენტაცია
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით განხორციელდა ან განხორციელდება მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ახალი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს. ასეთებია: ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებები, სამშენებლო-ტექნიკური რეგლამენტაციები, სურსათის უვნებლობის სტრუქტურა და კონკურენციის სააგენტო. ლაპარაკია სხვა ტიპის ცვლილებებზეც, რომლებიც, ეკონომისტების აზრით, ბიზნესს არასტაბილურობის განცდას უქმნის. და ასეც რომ არ იყოს, რეგულაციებით გადატვირთულ საქართველოს ეკონომიკას გაუჭირდება კონკურენციის გაწევა, ფიქრობს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი:

”ევროკავშირის ბაზარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ მოტივატორი. მაგალითად, ამავე გარემოში თუ გართულებული არის შრომის კანონმდებლობა, მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ უნდა აირჩიონ საქართველო. საქართველოს გარდა, არავის აქვს ასოცირების შეთანხმება, თუ ევროკავშირის ქვეყნები დაილია, სადაც შეიძლება ინვესტიციის განხორციელება?”

გია ჯანდიერი, ისევე როგორც ეკონომიკის ბევრი სხვა სპეციალისტი, არ იზიარებს მთავრობის მიერ ეკონომიკური მდგომარეობის ოპტიმისტურ შეფასებებს. მათი პესიმიზმი რომ უსაფუძვლო არ არის, ამის დასტურად წლის ბოლოს ლარის კურსის დაცემა გამოდგება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა თითქმის 5 პროცენტით გაუფასურდა, რაც საგრძნობლად არყევს ნდობას და აღრმავებს ინფლაციურ მოლოდინებს.
XS
SM
MD
LG