Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური პრობლემების გამწვავების წელი


ლარის კურსი
ლარის კურსი

2015 წლის დასაწყისიდან კიდევ უფრო გაღრმავდა წინა წლისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური პრობლემა - ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ლარის ვარდნას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ინფლაციის ზრდაც დაემატა. ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიმწირემ, შემცირებულმა იმპორტ-ექსპორტმა და ბიზნესგარემოს არასტაბილურობამ. მიუხედავად ამისა, მთავრობა მაინც ოპტიმისტურად აფასებდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

2015 წლის დასაწყისიდან კვლავ გრძელდებოდა ლარის კურსის დაცემის პროცესი და, შესაბამისად, მთავრობა ცდილობდა ხან მოსახლეობის დამშვიდებას, ხანაც დამნაშავის პოვნას. თუ თავდაპირველად ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებს, ძირითადად რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ბრალდებოდა, შემდეგ ეტაპზე უფრო კონკრეტული დამნაშავე გამოიძებნა ეროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის, სახით. ამის შესახებ თავდაპირველად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ალაპარაკდა. მისი შეფასებით, ქვეყანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის, "უმოქმედობამ" მიიყვანა. ბიძინა ივანიშვილს მხარი აუბა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა:

„ქადაგიძე დღესდღეობით არ არის თავისი ქმედებებით მიმართული იმისაკენ, რომ მოხდეს ლარის კურსის გარკვეული გამყარება...“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ კი განაცხადა, პოლიტიკურ დებატებში ჩართვას არ ვაპირებ და ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრებაო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აზრით, ლარის გაუფასურების მიზეზი ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იყო:

„რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება, კონკრეტულად კი, ექსპორტის, გზავნილების, ტურიზმის კლების ჩანაცვლება არის არა მარტო არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, არამედ კონტრპროდუქტიული და უშედეგო“.

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

გიორგი ქადაგიძის სიტყვებით, იმისათვის, რომ ლარის დევალვაცია არ გაღრმავებულიყო, ეროვნულმა ბანკმა განახორციელა რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ინტერვენცია. ინტერვენციები შემდეგაც გაგრძელდა და მონეტარული პოლიტიკაც გამკაცრდა, რამაც კრედიტების პროცენტები გააძვირა, მაგრამ ამას ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება არ გამოუწვევია.

ეკონომისტთა ერთი ჯგუფი, რომლის წარმომადგენელიც არის „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი, ხელისუფლებას წარმატებული სავალუტო რეფორმის მქონე ქვეყნების მაგალითის გაზიარებას ურჩევს:

„მაგალითად, მონტენეგრომ ჯერ კიდევ 20 წლის წინ უარყო სერბიული დინარის გამოყენება და გადავიდა დოიჩმარკაზე...“

გია ჯანდიერის მიერ შეთავაზებული რეფორმის გატარების ნაცვლად, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ეროვნულ ბანკს შეუტია. საჯარო კრიტიკის გარდა, რომელიც ბანკის პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასაც კი შეეხებოდა, პარლამენტმა დაიწყო და ბოლომდე მიიყვანა ეროვნული ბანკისა და საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გაყოფის საკითხი. პროცესს უარყოფითად გამოეხმაურნენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციები, ასევე ეკონომისტების უმრავლესობა, ბიზნესსექტორი და თვით საქართველოს პრეზიდენტიც კი.

ეროვნული ბანკი და საფინანსო ზედამხედველობის სამსახური
ეროვნული ბანკი და საფინანსო ზედამხედველობის სამსახური

კანონპროექტის მომხრეთა არგუმენტი პოლიტიკური იყო, რომელიც ძირითადად ეჭვებს ეფუძნებოდა. ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვა ინიციატივის მთავარმა ავტორმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმაც:

„საჭიროა მოვახდინოთ ეროვნული ბანკის დეპოლიტიზება. მათ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია ქვეყნის შიგნით, თუნდაც, ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით, მე მაქვს სერიოზული ეჭვები“.

ამ ეჭვების საფუძველზე მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, ხოლო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო. ამგვარი გადაწყვეტილება პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განმარტა:

„ეს შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან რისკს, ერთი მხრივ, საბანკო სექტორისთვის, მეორე მხრივ, საბანკო სექტორთან დაკავშირებული მოქალაქეებისთვის. და, საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე“.

პრეზიდენტის, ავტორიტეტიანი სამოქალაქო ორგანიზაციების, ბიზნესგაერთიანებებისა და ეკონომიკის ექსპერტების უარყოფითი აზრის მიუხედავად, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და საფინანსო ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს ჩამოაშორა. თუმცა ისტორია ამით არ დასრულებულა და ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც ოქტომბრის დასაწყისში შექმნილი სამსახურის მუშაობა შეაჩერა და ზედამხედველობის ფუნქციის შესრულება კვლავ ეროვნულ ბანკს დაეკისრა.

სასტუმროს მშენებლობა ბათუმში
სასტუმროს მშენებლობა ბათუმში

ამ პროცესმა, რომელიც თითქმის მთელი წლის მანძილზე გრძელდებოდა, ბიზნესში და განსაკუთრებით ინვესტორებში არასტაბილურობის განცდის გაღრმავებას შეუწყო ხელი და, სხვა პრობლემებთან ერთდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება განაპირობა.

თუ გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ გაზრდილ ინვესტიციებზე საუბრისას, ახლა საამაყო არაფერია, რადგან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო 9 თვის მანძილზე 17 პროცენტით შემცირდა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. მიმდინარე წლის სამი კვარტალის განმავლობაში ენერგეტიკის სფეროში მხოლოდ 42 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. ეს ბოლო 3 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. მაგალითად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ენერგეტიკაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 153 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

კახა კალაძე
კახა კალაძე

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არ დაეთანხმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგებს და განაცხადა, რომ ინვესტიციები „სხვა მიმართულებით არის დათვლილი“:

“ვერ დაგეთანხმებით, რადგან ეს სხვა მიმართულებით არის დათვლილი. ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში განცხადების გაკეთებას ვგეგმავთ, რომ ავხსნათ, თუ რა იგულისხმება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. მინდა გითხრათ, რომ ამდენი ინვესტიცია, ამდენი პროექტის განხორციელება – არა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურები, არამედ თბოელექტროსადგურები, ელექტროგადამცემი ხაზები, 70-იანი წლების მერე ასეთი აღმშენებლობა ენერგეტიკის დარგში არ ყოფილა”.

ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების შემცირება არ უკვირთ ეკონომიკის ექსპერტებს. მათ შორის არის „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი:

ექსპორტი მცირდება, იმპორტის შემცირება უჩვენებს, რომ მოხმარებაც მცირდება. ეს შედეგად მიგვიყვანს იქამდე, რაც უკვე ჩანს, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო ნაკლები გვექნება...
ბესიკ ნამჩავაძე

„ენერგეტიკაში ინვესტიცია როგორ უნდა გაიზარდოს, როდესაც ძირითადად არის რეგულირებული დარგი, ტარიფი არის რეგულირებული სემეკის მიერ, რომელიც, მე დარწმუნებული ვარ, დიდი პოლიტიკური წნეხის ქვეშ არის... ამიტომ, როდესაც გაქვს რეგულირებული ფასები ლარში, როცა დღეს ლარის გაუფასურება სახეზე გვაქვს, ამ სექტორში როგორ უნდა ჩადო დიდი ინვესტიციები დოლარში, მე არ მესმის. როგორც ჩანს, არც ინვესტორებს ესმით, ამიტომ არ დებენ ფულს ამ დარგში“.

ინვესტიციების კლება, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, არასახარბიელო გარემოს შედეგია, რამაც ასახვა პოვა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაზეც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ექსპორტი, დაახლოებით, 25 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი - 10 პროცენტით. იმას, თუ რა გავლენას ახდენს ექსპორტ-იმპორტის შემცირება ქვეყნის ეკონომიკაზე, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS-ის) მკვლევარი ბესიკ ნამჩავაძე განმარტავს:

"ორი უმსხვილესი კომპონენტია ეკონომიკაში და ეკონომიკურ ზრდაში: ექსპორტი და მოხმარება. ექსპორტი მცირდება, იმპორტის შემცირება უჩვენებს, რომ მოხმარებაც მცირდება. ეს შედეგად მიგვიყვანს იქამდე, რაც უკვე ჩანს, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო ნაკლები გვექნება".

მიუხედავად მოხმარების შემცირებისა, წლის ბოლოს ინფლაცია მაინც გასცდა ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს და მან 6 პროცენტს გადააჭარბა. სამომხმარებლო ფასების ზრდა განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება ქვეყნის მოსახლეობაზე, რომელიც 2015 წლის მანძილზე თითქმის 700 დოლარით გაღარიბდა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის გამო.

ეკონომიკაში განვითარებული რთული მოვლენების შედეგად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, ნაცვლად მთავრობის მიერ პროგნოზირებული 5-პროცენტიანი ზრდისა, დაახლოებით 2 პროცენტით გაიზარდა. 2013 წლამდე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, საშუალოდ, 7 პროცენტს შეადგენდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG