Accessibility links

საქართველოს ეწვევა კორპორაცია „მიცუბიშის“ სამუშაო ჯგუფი


ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის „მიცუბიშის“ (Mitsubishi) სამუშაო ჯგუფი საქართველოს ეწვევა - გადაწყვეტილება ჩინეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას მიიღო კორპორაციის ხელმძღვანელმა იორიჰიკო კოჯიმამ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა იორიჰიკო კოჯიმას გააცნო საქართველოში არსებული ბიზნესგარემო.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობითვე, საქართველოში შესაძლოა, ახალი საგზაო მაგისტრალის პროექტი დაიწყოს ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ „Zhuhai Da Heng Qin Company Limited"-მა, რომლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორისაა პეკინის ოლიმპიური სტადიონი. საქართველოში დაგეგმილი საგზაო მაგისტრალის პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება. ჩინური კომპანიის ხელმძღვანელების და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და მისი თანმხლები დელეგაციის დღევანდელი შეხვედრისას აღინიშნა, რომ პროექტზე იმუშავებენ მსოფლიო ათეულში მყოფი სამშენებლო კომპანია და ჩინეთის განვითარების ბანკი, რომელიც ქვეყნის ინფრასტრუქტურული მშენებლობების უდიდეს ნაწილს აფინანსებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორ კვირაში თბილისს ეწვევა სპეციალისტების სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროექტის დეტალებზე მოლაპარაკებას გამართავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლებთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG