Accessibility links

logo-print

საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება გაუმჯობესდა


ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი 2012 წლის მონაცემების მიხედვით.

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი 2012 წლის მონაცემების მიხედვით.

ახლახან გამოქვეყნდა ანგარიში ”ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2014”, რომელსაც ავტორიტეტიანი ორგანიზაცია ”ფრეიზერის ინსტიტუტი” ყოველწლიურად ამზადებს. კვლევის თანახმად, საქართველომ 25-ე ადგილიდან მე-16-ზე გადაინაცვლა და ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში პოზიციები გაიმყარა. აქვე აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ეყრდნობა 2012 წლის ეკონომიკურ მონაცემებს და მასში ჯერ არ შესულა 2013 - 2014 წლებში საქართველოში განხორციელებული ცვლილებები.

ყოველწლიური კვლევა ”ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში” 152 ქვეყანას შეეხება და ხუთ ძირითად კრიტერიუმს ეყრდნობა. ესენია: მთავრობის ზომა, რომელიც სამთავრობო ხარჯების მოცულობას ასახავს; საკუთრების უფლების დაცულობა და სასამართლო; ჯანსაღი ფულადი პოლიტიკა; საგარეო ვაჭრობის თავისუფლება; კრედიტების, დასაქმებისა და ბიზნესის რეგულაციები. ეს ხუთი კრიტერიუმი 40-ზე მეტ ქვეპუნქტს აერთიანებს, რომელთა მიხედვით განისაზღვრება ეკონომიკური თავისუფლება მთელ მსოფლიოში.

წლევანდელ რეიტინგში საქართველოს პოზიცია საგრძნობლად გაუმჯობესდა და მან მე-16 ადგილი დაიკავა. იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა საქართველოს წინსვლა, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე საუბრობს:

„გაუმჯობესება ძირითადად სახელმწიფოს სიდიდის პარამეტრებს ეხება. ეს არის შედეგი საკმაოდ საინტერესო პროცესის, რასაც ჰქვია პრივატიზება, ანუ სახელმწიფოს წილის შემცირება საკუთრებაში. ასევე 2012 წელს იყო აღებული გეზი იმისკენ, რომ სახელმწიფო ხარჯები შემცირებულიყო მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო სამართლებრივი სისტემის მიმართულებით; მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა სასამართლო დავებში კერძო პირების ინტერესების დაცვა“.

პაატა შეშელიძე

პაატა შეშელიძე

პაატა შეშელიძე ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ მცირე გაუმჯობესებაზე, რომელიც 2012 წელს საგადასახადო დავების განხილვისა და გადაწყვეტის სისტემას ახასიათებდა. საქართველოს ინდექსის ზრდაზე იმოქმედა მონეტარული პოლიტიკისა და ინფლაციის საკითხის მოწესრიგებამ და რეგულირებების შემცირებამაც. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 7.61-დან 7.73-მდე გაიზარდა და ამ ცვლილებამ, რომელიც მეასედებში გამოიხატება, გამოიწვია ის, რომ საქართველომ გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ესტონეთი, გერმანია, იაპონია და ა. შ.

რას ნიშნავს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში ამ ქვეყნების უკან ჩამოტოვება და აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან მიახლოება? ამ სიახლოვისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ურთიერთკავშირის შესახებ პაატა შეშელიძე ამბობს:

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მაღალი საფეხური ავტომატურად არ ნიშნავს, რომ უკვე მიღწეულია კეთილდღეობის მაღალი ხარისხი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში თუკი მსგავსი პოლიტიკა გაგრძელდება საკმარისად ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შესაძლებელია ეკონომიკური კეთილდღეობისკენ უფრო სწრაფი ნაბიჯებით წინ წასვლა. მაგალითად, ამ რეიტინგს ლიდერობს ჰონგ-კონგი და სინგაპური. ორივე ეს ქვეყანა 50 წლის წინ საკმაოდ ღარიბი და ერთი შეხედვით უპერსპექტივო იყო, მაგრამ დღეს ეს ქვეყნები ლიდერობენ მსოფლიოს ეკონომიკური კეთილდღეობის ხარისხით“.

პაატა შეშელიძე აღნიშნავს, რომ ჰონგ-კონგსა და სინგაპურს სიღარიბიდან გამოსვლა და კეთილდღეობის მაღალი დონის მიღწევის საშუალება მისცა ეკონომიკური თავისუფლების განუხრელმა ერთგულებამ.

კვლევა 2012 წელს ეხება და თუ ჩვენ წინასწარ შევაფასებთ 2013 და 2014 წლის მონაცემებს, ვფიქრობ, გაურესება გვექნება იმის გამო, რომ გადასახადები არ შემცირდა და აქციზი გაიზარდა, მთელი რიგი რეგულაციები შემოვიდა, სახელმწიფოს ვალდებულებები გაიზარდა, პრივატიზაცია თითქმის შეჩერებულია...

ჰონგ-კონგისა და სინგაპურის მსგავსად ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ლიდერობის შენარჩუნება ვერ შეძლეს აშშ-მა და დიდმა ბირიტანეთმა და, 2012 წლის მონაცემების მიხედვით, მათი რეიტინგი ოდნავ გაუარესდა. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძის აზრით, ამგვარი უკუსვლა ძლიერი ქვეყნების კეთილდღეობაზე სწრაფად არ აისახება:

„როდესაც მილიარდერი ხარ და კარგავ რამდენიმე მილიონს, შეიძლება ეს არ შეგეტყოს და მაინც კარგად ცხოვრობდე და წარმატებული იყო, მაგრამ როდესაც ხარ დამოკიდებული ყოველდღიურ ხელფასზე და მისი ნახევარი გაკლდება, მაშინ დიდი არის პრობლემა და განსხვავება. ასე უნდა შევხედოთ სიტუაციას. როდესაც ამერიკა იუარესებს პოზიციას, მას ჯერ კიდევ აქვს რესურსები და გაუარესება არის რამდენიმე წლის პოლიტიკის შედეგი. ეს შეიძლება შეიცვალოს და ის კეთილდღეობა, რაც არის, არც დაიკარგოს ასე მალე“.

თუმცა არსებობს ვენესუელის მაგალითიც, როდესაც ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურმა გაუარესებამ ეს ქვეყანა რეიტინგის უკანასკნელ ადგილზე გადაისროლა. პაატა შეშელიძის აზრით, ეს შემთხვევა თვალსაჩინოს ხდის იმას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის განუხრელ ზრდას. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტის აზრით, საქართველოში სწორედ ბიუროკრატიის ზრდისა და სახელმწიფოს მოცულობის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა:

„კვლევა 2012 წელს ეხება და თუ ჩვენ წინასწარ შევაფასებთ 2013 და 2014 წლის მონაცემებს, ვფიქრობ, გაურესება გვექნება იმის გამო, რომ გადასახადები არ შემცირდა და აქციზი გაიზარდა, მთელი რიგი რეგულაციები შემოვიდა, სახელმწიფოს ვალდებულებები გაიზარდა, პრივატიზაცია თითქმის შეჩერებულია. ჯამში, ჩვენ გვაქვს სურათი, რომ ამ კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით, ამ პოზიციებში იქნება გაუარესება“.

ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველოში მიმდინარე ეტაპზე არსებულ ვითარებას ყველაზე ნათლად ასახავს უცხოელი ინვესტორების ინტერესის კლება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 151 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ეს ბოლო 8 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

XS
SM
MD
LG