Accessibility links

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 1,5% შეადგინა, 2016 წლის III კვარტალში – 2,2%, ხოლო 2016 წლის დასაწყისიდან ცხრა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ – 2,6%. ეს მონაცემი ოდნავ აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2016 წლის პროგნოზირებულ მაჩვენებელს, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2016 წელს 2.5% უნდა იყოს და ჩამორჩება მსოფლიო ბანკის უფრო ოპტიმისტურ პროგნოზს (3%).

გამოქვეყნებულია ასევე 2016 წლის პირველი კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დეტალური მაჩვენებლები, რომელთა მიხედვით საქართველოს მშპ-ში ძირითადი წვლილი შეიტანა ვაჭრობამ (15.9%), მრეწველობამ (15.7%), ტრანსპორტმა და კავშირგაბმულობამ (11.6%).

ასევე, პირველი კვარტალის მონაცემებით, რეალური ეკონომიკური ზრდა 2016 წლის პირველ ნახევარში იყო 2.8%, რაც ნაკლებია გასული წლების პირველ კვარტალებში დაფიქსირებულ წლიურ მაჩვენებლებზე. აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკური ზრდის მონაცემში ყველაზე მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობასა (0.94 პროცენტული პუნქტი) და ფინანსურ საქმიანობაზე (0.35 პროცენტული პუნქტი). ამასთან, ორნიშნა ციფრებით გამოიხატა შემდეგი დარგების ზრდის ტემპები: სამთომოპოვებითი მრეწველობა – 26.6%, მშენებლობა – 18.2%, სასტუმროები და რესტორნები – 11.2%; კლება აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი

(-3.5%), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (-1.5%) და ვაჭრობა (-0.6%)

უკანასკნელი რამდენიმე წლის კვარტალური ზრდის დინამიკა, გარკვეულწილად, ეკონომიკურ შენელებას აჩვენებს. თუ 2013 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 7.6% შეადგინა, ბოლო ექვსი კვარტალის მანძილზე ეს მაჩვენებელი, საშუალოდ, მხოლოდ 2.6%-ია, რაც საქართველოს მსგავსი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის ძალიან დაბალია.

ეკონომიკური აქტივობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს ეკონომიკისათვის გაცემული სესხების ზრდის ტემპი წარმოადგენს.

როდესაც ეკონომიკის დაკრედიტება კლებულობს, ეს მიუთითებს ადგილობრივი მოთხოვნის შემცირებაზე, რაც ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ეს ინდიკატორი 2016 წელს შემცირებულია, კერძოდ, თუკი 2015 წელს ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების საშუალო წლიური ზრდა 31.9% იყო, 2016 წლის დასაწყისიდან შვიდი თვის განმავლობაში სესხები, საშუალოდ, მხოლოდ 9.3%-ით იზრდებოდა. აღსანიშნავია, რომ დარგების მიხედვით განსაკუთრებით სწრაფად მატულობდა მშენებლობაზე (31.2%) და სასტუმროებსა და რესტორნებზე (18.5%) გაცემული სესხების წილი, მაშინ როდესაც ვაჭრობაზე და ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე გაცემული სესხების მოცულობა მკვეთრად შემცირდა, საშუალო მაჩვენებლებით, შესაბამისად, 8.5% და 11.4%-ით. ასევე მკვეთრად იკლო სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპმა – თუ 2015 წელს საშუალო მაჩვენებელი 21.3% იყო, საანგარიშო პერიოდში ის მხოლოდ 1.6%-ს გაუტოლდა. სერიოზულად შემცირდა ასევე, ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაზე გაცემული სესხების ოდენობაც, თუმცა, ამ კატეგორიის მთლიან სესხებში მათი მცირე ხვედრითი წილიდან გამომდინარე, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს კლება მნიშვნელოვანი არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ კლების ამგვარი ტენდენცია მთელი წლის მანძილზე არსებობს და ზრდის ტემპი კლებულობს იმ დარგებშიც კი, რომელთა დაკრედიტება გაიზარდა წლის განმავლობაში (გარდა მშენებლობის დარგისა, რომელიც წლის დასაწყისში 22-25-იანი ზრდით, ხოლო ივლის-აგვისტოში 41-45%-იანი ზრდით ხასიათდებოდა).

საპროცენტო განაკვეთები კვლავაც უფრო დაბალია უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხებზე, ვიდრე ლარში გაცემულ სესხებზე, თუმცა სახეზეა იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენცია ორივე ვალუტაში და შედარებითი სტაბილურობა სხვა ტიპის სესხების შემთხვევაში.

შესაბამისად, არც ეკონომიკის ზრდისა და არც ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ 2016 წელს მნიშვნელოვან ეკონომიკურ განვითარებაზე ვისაუბროთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG