Accessibility links

logo-print

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური „როსპოტრებნადზორი“ ორი ქართული კომპანიის ღვინისა და კონიაკის 10 პარტიას იწუნებს და რუსეთის ბაზარზე არ უშვებს. მიზეზად პროდუქციის უხარისხობა სახელდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში მითითებული პროდუქციის შესწავლა დაიწყო. ამასთან, „რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაავალა ანტირუსულ სანქციებში მონაწილე ქვეყნების გადამოწმება, რათა შესაბამისი სამრეწველო ემბარგოს საკითხი განიხილონ. როგორ აღიქვეს თბილისში რუსეთიდან წამოსული განცხადებები?

უსაფრთხოებისა და ხარისხის მოთხოვნის შეუსაბამობის გამო ორი ქართული კომპანიის ღვინის პროდუქტი „როსპოტრებნადზორმა“ რუსეთის ბაზარზე არ დაუშვა. როგორც „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში ვკითხულობთ, „მოწოდებული პროდუქციის ხარისხის და უსაფრთხოების ანალიზი ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა წარმოების ტექნოლოგიის სისტემატურ დარღვევებს და გამოშვებული პროდუქციის არასაკმარის კონტროლს როგორც მწარმოებლების, ისე საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან“.

განცხადების თანახმად, წელს რუსეთში 45 ქართული კომპანიის მიერ წარმოებული, დაახლოებით, 6.7 მილიონი ლიტრი ალკოჰოლური სასმელის - ძირითადად ღვინის - იმპორტი განხორციელდა.

„როსპოტრებნადზორის“ განცხადებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ასევე წერილობით გამოეხმაურა. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის განცხადებაში მოყვანილ ინფორმაციას შეისწავლიან. ამასთან, „სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და მოწმდება შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში. ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა და როგორც სახელმწიფო, ასევე მეწარმეები და ექსპორტიორები მაქსიმალურად დაინტერესებულნი არიან პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით“,- ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

ქართული კომპანიების უმეტესობა, რომლებიც პირველ ემბარგოს მოესწრნენ და გადარჩნენ, საკმაოდ მოძლიერდნენ. ეს არის ქართული კომპანიების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც რუსეთის ბაზრის გარეშეც არ დაიღუპებიან...

ამ ფონზე კი, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა წინადადებაზე, ემბარგო დაუწესდეს იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებს შეუერთდნენ, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„ამ დროისთვის მუშავდება მთავრობის დადგენილების პროექტი შვიდ ქვეყანასთან დაკავშირებით“, - უთხრეს „რია ნოვოსტის“ უწყებაში. მათივე თქმით, ჯერ უცნობია ვადა, თუ როდისთვის დასრულდება დოკუმენტზე მუშაობა.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაადასტურეს, რომ კონტრზომების შემოღების საკითხი საქართველოსთან მიმართებაშიც მუშავდება. „ქვეყნების სია ზუსტდება" , - უთხრეს „რია ნოვოსტის“ სამინისტროში.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა კი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრს დაავალა გადაამოწმოს, რამდენად სწორია ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც დღემდე არ მონაწილეობდა ანტირუსულ სანქციებში, შეუერთდა ამ სანქციებს, და თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, განახორციელოს საპასუხო სამრეწველო ემბარგოს კორექტირება და შესაბამისი წინადადებით პრეზიდენტს მიმართონ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მედიასთან საუბარში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო არავითარ ახალ სანქციას არ მიერთებია და საუბარია ევროკავშირის 15-იდან ერთ სანქციაზე, რომელიც ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის იმპორტს ზღუდავს. ზურაბ აბაშიძე რუსეთის მხრიდან შესაძლო ემბარგოზე საუბარს სწორედ ამ საკითხს უკავშირებს.

„ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის რომან გოცირიძის თქმით, რუსეთის ხელისუფლება არ არის ისეთი გულუბრყვილო, რომ არ იცოდეს ევროკავშირის მიერ დაწესებულ რომელ შეზღუდვებსაა საქართველო მიერთებული. საქართველოს არც ყირიმთან აქვს რაიმე სპეციფიკური სავაჭრო ურთიერთობა. რომან გოცირიძის თქმით, ერთი წლის წინ რუსეთმა არაფრად ჩააგდო ევროკავშირის ეს სანქცია, ვინაიდან მაშინ რუსეთის პოლიტიკა საქართველოში მაქსიმალურად შემოსვლა და საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვება იყო. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსეთმა ევროკავშირის სანქციების მხოლოდ ერთ პუნქტთან საქართველოს მიერთების თემა საბაბად გამოიყენა და ამ ფონზე, რომან გოცირიძის თქმით:

რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

„რუსეთი უკვე ცდილობს საქართველოზე ზეწოლას, ვინაიდან მან ჩათვალა, რომ საქართველოში უკვე არის ნაყოფიერი ნიადაგი იმისათვის, რომ გარკვეული მომხრეების მობილიზება მოხდეს. მთავრობა შეშინებულია, ხელისუფლება რუსეთის მიმართ, ფაქტობრივად, კაპიტულანტურ პოლიტიკას ეწევა. ძალიან ბევრი კეთილგანწყობილი პირია რუსეთისადმი ხელისუფლებაშიც, ეკლესიაშიც და ა.შ. და ასეთი მუქარით რუსეთს სურს კიდევ უფრო მეტად დაათმობინოს საქართველოს ევროპისაკენ სვლა, მისი ინტეგრაცია ნატოში, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა და იყენებს მას მუქარის საბაბად, რომელსაც თავისი პოლიტიკური ქვეტექსტებიც აქვს“.

ამასთან, რომან გოცირიძის თქმით, რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო რუსეთის ბაზრის, ერთი შეხედვით, პერსპექტიულობა ნელ-ნელა დაიკარგა და ეს გაგრძელდება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში.

სს „თელავის ღვინის მარნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილი კითხვაზე, არის თუ არა რამდენიმე კომპანიის მიმართ „როსპოტრებნადზორის“ მიერ გამოთქმული პრეტენზია საფრთხის შემცველი ღვინის მწარმოებელი სხვა ქართული კომპანიებისთვის, 2006 წელს რუსეთის მიერ დაწესებულ ემბარგოს იხსენებს და ამბობს:

„ქართული კომპანიების უმეტესობა, რომლებიც პირველ ემბარგოს მოესწრნენ და გადარჩნენ, საკმაოდ მოძლიერდნენ. ეს არის ქართული კომპანიების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც რუსეთის ბაზრის გარეშეც არ დაიღუპებიან, ანუ ისინი სტაბილურობას შეინარჩუნებენ. მაგრამ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ წამოიწიენ და მთავარი გაყიდვები რუსეთის ბაზარზე აქვთ და სტატისტიკაც ამას მოწმობს, რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შემთხვევაში სერიოზული პრობლემები ექნებათ“.

რუსეთის ბაზარზე მიჯაჭვულობა ქართულ ეკონომიკას და, კერძოდ, მეღვინეობას პერსპექტივას უკარგავს, მიიჩნევენ ოპოზიციაში. თუმცა, რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით და ძირითადად რუბლის დევალვაციის გამო რუსეთსა და უკრაინაში ქართული ღვინის ექსპორტი მკვეთრადაა შემცირებული. 2015 წლის იანვარ-ივლისში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 59%-ით და უკრაინაში 63%-ით შემცირდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აცხადებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის ექსპორტი 16 ქვეყანაში ხორციელდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG