Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთები აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმები აფერხებს „ისლამური სახელმწიფოს“ შეტევას


კობანი, 2014 წლის 8 ოქტომბერი
კობანი, 2014 წლის 8 ოქტომბერი

სირიიდან გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულმა საჰაერო თავდასხმებმა ოთხშაბათს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები აიძულა უკან დაეხიათ სირიელი ქურთების სასაზღვრო ქალაქ კობანიდან. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ექსტრემისტები ამჟამად ქალაქის შემოგარენში არიან გამაგრებულნი, არადა, ცოტა ხნით ადრე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სამკვირიანი შეტევის შემდეგ ისინი ქალაქს მალე აიღებდნენ.

ეს ქალაქი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ისლამისტების შეტევამ ამ ადგილებში მცხოვრები 180,000-მდე ადამიანი, ძირითადად ქურთები, აიძულა მეზობელი თურქეთისთვის შეეფარებინათ თავი. სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, ასეთ ფონზე, ინტერვენციაზე უარით ანკარამ მძაფრი გაღიზიანება გამოიწვია როგორც თავის მღელვარე ქურთ უმცირესობაში, ისე ვაშინგტონში, ნატოელ პარტნიორებს შორის.

კობანიში ძალიან მძიმე სიტუაციაა. ქალაქის ზოგიერთ უბანში ინტენსიური შეტაკებებია. ბრძოლა მიდის პირისპირ და ძალიან სასტიკად...
სალეჰ მუსლიმ მუჰამადი

ორშაბათს კობანის აღმოსავლეთ კიდეში ისლამისტებმა თავიანთი შავი დროშა აღმართეს, მაგრამ მას შემდეგ გაორმაგდა მათ წინააღმდეგ მიმართული საჰაერო იერიშები, რომელთაც აშშ-ის ხელმძღვანელობით ახორციელებს საერთაშორისო კოალიცია. ამ კოალიციის წევრებს შორის არაბული ქვეყნებიც არიან, მათ მიზანს კი ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში ჯიჰადისტების შეტევის შეჩერება წარმოადგენს.

ოთხშაბათს თურქეთის საზღვართან ახლოს ინტენსიური სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა. ქალაქის თავზე შავი კვამლი დგას. გაერო აცხადებს, რომ ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ასეული მცხოვრებიღაა დარჩენილი.

სამშაბათს ჟენევაში გაეროში სირიის ელჩი სტაფან დე მისტურა შემდეგი განცხადებით გამოვიდა:

„ქალაქი კობანი სირიის ჩრდილოეთ საზღვართან მდებარეობს, თურქეთთან ახლოს. მას უკვე სამი კვირაა უტევენ. იქ 400,000 ადამიანი ცხოვრობდა, რომლებიც თავს იცავდნენ. ყველანი ქურთები არიან და თავს დიდი სიმამაცით იცავდნენ, მაგრამ ახლა უკვე ძალიან ახლოსაა მომენტი, როცა თავის დაცვას ვეღარ შეძლებენ“.

სირიელ ქურთთა მოძრაობის პრესმდივანმა სალეჰ მუსლიმ მუჰამადმა ოთხშაბათს რადიო თავისუფლებას ევროპიდან ტელეფონით შეატყობინა, მდგომარეობა მძიმეაო:

„კობანიში ძალიან მძიმე სიტუაციაა. ქალაქის ზოგიერთ უბანში ინტენსიური შეტაკებებია. ბრძოლა მიდის პირისპირ და ძალიან სასტიკად“.

პრესმდივნის თქმით, საერთაშორისო საჰაერო თავდასხმები უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს ქურთთა ძალებს მნიშვნელოვნად ეხმარება.

კობანი, 2014 წლის 8 ოქტომბერი
კობანი, 2014 წლის 8 ოქტომბერი

მაგრამ, თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ექსტრემისტების შეტევა მხოლოდ საჰაერო დარტყმებმა შეაჩეროს. ამის გამო, როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, ვაშინგტონიც და თურქეთში მცხოვრები ქურთებიც სვამენ შეკითხვას, თუ რატომ არ გადაუჭრიათ აქამდე საზღვარი თურქეთის ტანკებს, რომლებიც კობანისთან ახლოს დგას. სამშაბათს თურქეთის მასშტაბით ქურთმა მოსახლეობამ აქციები მოაწყო და გააპროტესტა ქვეყნის მთავრობის მხრიდან გამოვლენილი პასიურობა კობანის „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისგან დამცველთა მხარდაჭერის საქმეში.

თურქეთის პარლამენტმა გასულ კვირაში დაამტკიცა ნებართვა საზღვრის მიღმა ინტერვენციაზე, მაგრამ პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და მისი მთავრობა ოპერაციისგან ამ დრომდე თავს იკავებენ.

როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, თურქეთის ბევრ მოქალაქეს ურჩევნია ქურთების გაუცხოების საფრთხე გაჩნდეს, ვიდრე ქვეყანა სირიაში სახმელეთო ომში აღმოჩნდეს ჩათრეული. ერდოანის თქმით, ის ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ იქნება საერთაშორისო ძალისხმევა, რომელიც, ამავე დროს, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადაყენებასაც გაითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG