Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადაწყვიტა საგარეო უწყებამ ელჩების შეცვლა?


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს გამოიწვიოს ელჩები რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნიდან. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, იმ ელჩების სია, რომელთა გამოცვლასაც სამინისტროს ხელმძღვანელობა მიზანშეწონილად მიიჩნევს, უკვე გადაეგზავნა ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე პრეზიდენტის უმაღლესი სათათბირო ორგანოა. საქმე ის არის, რომ, კონსტიტუციის თანახმად, ელჩების დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. რატომ გადაწყვიტა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩების მასობრივი შეცვლა?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩების ერთ ნაწილს შეცვლა როტაციის ვადის გასვლის გამო შეეხო, ელჩების ნაწილმა კი, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროსა და იტალიაში, თავად მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება. საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ჯამში, იმ ელჩების რაოდენობა, რომელთა შეცვლასაც მთავრობა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ცხრას არ აღემატება. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს ელჩები შემდეგ გარემოებათა გამო უნდა შეიცვალონ:
გასაგებია, რომ შეიცვალა მთავრობა და რომ მათ უნდათ თავიანთი კანდიდატურების დანიშვნა, თუმცა პრეტენზიებს ჩემ მიმართ ნამდვილად ვერ გავიზიარებ ...
სალომე სამადაშვილი

„ეს არის მნიშვნელოვანი საელჩოები, რომლებიც მნიშვნელოვანია დაკომპლექტებული იყოს ისეთი ხალხით, რომელიც ახალი მთავრობის პოლიტიკას სწორად გაატარებს და რომელიც არ ემსახურებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ინტერესებს, ანუ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე დანიშნული იყვნენ პარტიული ნიშნით, ხოლო ის კარიერული დიპლომატები, რომლებიც სამინისტროში მოღვაწეობენ მრავალი წლის განმავლობაში, ისინი ყველანი რჩებიან ადგილზე, თუკი მათ არ გასდით როტაციის ვადა“.

როტაციის ვადა არ გასვლია საქართველოს სრულუფლებიან ელჩს ბელგიასა და ლუქსემბურგში სალომე სამადაშვილს. დიპლომატის თქმით, მას არც სამსახურიდან წასვლის განცხადებით მიუმართავს მინისტრისთვის, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი გვარი შეტანილია უშიშროების საბჭოსათვის გადაცემულ შერისხულ ელჩთა სიაში.

„გასაგებია, რომ შეიცვალა მთავრობა და რომ მათ უნდათ თავიანთი კანდიდატურების დანიშვნა, თუმცა პრეტენზიებს ჩემ მიმართ ნამდვილად ვერ გავიზიარებ და ვფიქრობ, რომ ჩემზე უკეთესად პასუხს სცემს ის წერილი, რომელსაც ხელს აწერს ევროპარლამენტის 18 წევრი, მათ შორის, ყველა ფრაქციის წარმომადგენელი, ისევე როგორც „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების პარტნიორების - „ლიბერალების“ - ხელმძღვანელობა, რომელიც აცხადებს, რომ მე 7 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს და ბევრი რამ გავაკეთე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში გარდატეხის შესატანად“, განუცხადა სალომე სამადაშვილმა რადიო თავისუფლებას.

სალომე სამადაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ელჩობის ვადა მხოლოდ ორი წლის შემდეგ იწურება, მაინც აპირებდა თანამდებობის დატოვებას მიმდინარე წლის ნოემბერში, ანუ ვილნიუსის სამიტის შემდეგ. თუმცა სალომე სამადაშვილისა და, ჯამში, ცხრა ელჩის შეცვლას დროულს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ლევან ბერძენიშვილის თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, ელჩების დანიშვნა არ არის ერთპიროვნულად პრეზიდენტის კომპეტენცია:
შეიცვალა ხელისუფლება და გასაგებია, რომ არსებულ ვითარებაში, კონსტიტუციიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის უნდა იყოს კონსულტაციები ელჩების თაობაზე ...
დავით დარჩიაშვილი

„ეს არის სწორი გადაწყვეტილება როგორც პოლიტიკური, ასევე ადმინისტრაციული თვალსაზრისით. ჩვეულებრივი ამბავია: მინისტრმა უნდა იმუშაოს, მაგრამ როგორ იმუშაოს, თუ ელჩები არ ემორჩილებიან - ვთქვათ, არ აინტერესებთ საქართველოს ბრძანებები? მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ ხვდება აეროპორტში. ჰქონდა ასეთ შემთხვევას ადგილი: ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ვიზიტით ბრიუსელში და ელჩებმა იგნორირება გაუკეთეს, არ ეცალათ იმის გამო, რომ პარტიულ შეკრებაზე ჩასული სააკაშვილი უფრო აინტერესებდათ“.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ თანამდებობას დატოვებენ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პირად სამსახურში მყოფი დიპლომატები, ხოლო ცვლილება არ შეეხება კარიერულ დიპლომატებს, ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი, დავით დარჩიაშვილი, ამბობს, რომ, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მცირე ასაკიდან გამომდინარე, ძნელია იმის გარჩევა, რომელი დიპლომატია კარიერული და რომელი - არა.

„ქალბატონი მინისტრი კარიერული დიპლომატია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით? - ეს ერთი. მეორე: შეიცვალა ხელისუფლება და გასაგებია, რომ არსებულ ვითარებაში, კონსტიტუციიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის უნდა იყოს კონსულტაციები ელჩების თაობაზე. ჩანს, ეს კონსულტაციები მიდის და თუ ეს ხდება ცივილიზებული ფორმით, კარგია“, უთხრა დავით დარჩიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ელჩების შეცვლასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების მცდელობას, როგორც ჩანს, ადრეც ჰქონია ადგილი, თუმცა, თუ პრემიერ-მინისტრის შემდეგი განცხადებით ვიმსჯელებთ, მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

ბიძინა ივანიშვილი: „გავიგე, რომ ელჩების დანიშვნის სანაცვლოდ მათ მოითხოვეს თავიანით მეგობრების ციხეებიდან გამოშვება“.

იმის თაობაზე, არის თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, ერთდროულად შეცვალოს რამდენიმე ელჩი, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსულტაციების შედეგი, ეროვნული უშიშროების საბჭო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. საგარეო უწყება კი, დიპლომატიური ეთიკის პრინციპების დაცვით, არც იმ ელჩების ვინაობას ასახელებს, რომელთა სია უშიშროების საბჭოს გადაეცა და რომლებიც, პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG