Accessibility links

logo-print

ვინ არიან და როგორ მუშაობენ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები?


ზუგდიდი

ზუგდიდი

ზუგდიდის N67 საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული 6 წევრი და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის 7 წარმომადგენელია.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ კომისიაში თითო წარმომადგენელი ჰყავთ. საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“ კომისიაში ორი წევრით არის წარმოდგენილი. ბლოკში შედის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“. ერთ ბლოკშია გაერთიანებული: „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ და „ხალხის პარტია“.

ნანა ოყუჯავა, რომელიც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას 2006 წლიდან ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ კომისია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც ჩვეულებრივად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ნანა ოყუჯავას თქმით, კომისიის ყველა წევრს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ერთი მიზანი აქვს:

„როცა სხდომას ვიწყებთ და ვიკრიბებით, ჩემი პირველი სიტყვა არის, რომ ჩვენ ვაკეთებთ ერთ საქმეს. ჩვენ ბოლომდე ვინარჩუნებთ ამ ურთიერთობას“, – ამბობს ნანა ოყუჯავა. მისივე განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე შერჩეული ჰყავს საუბნო კომისიის წევრები და საარჩევნო უბნებზე გამოკრულია ამომრჩეველთა სიებიც.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“ ირაკლი მიქაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელია. ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას და საუბნო კომისიის წევრი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
თუ ადამიანი ადრე იყო უბანზე კომისიის წევრი, ეს ჩემთვის კრიტერიუმი არ არის. ჯერ ერთი, ამ ადამიანების მისამართით ადრინდელი არჩევნების დროს იყო ძალიან ბევრი უნდობლობა გამოხატული...

მიმდინარე წლის 12 ივნისს ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესმა“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში მოსახლეობასთან შეხვედრისას გადაიღო ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ აკვირდება ირაკლი მიქაია საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან ერთად კოალიციის შეხვედრას. მაშინ ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჟურნალისტი აცხადებდა, რომ საკრებულოს აპარატის რამდენიმე თანამშრომლის, მათ შორის, ირაკლი მიქაიას მხრიდან ადგილი ჰქონდა მისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობას. თავად ირაკლი მიქაიას განცხადებით, გავრცელებული კადრები მომხდარს სრულად არ ასახავს:

„მე შემიძლია ფოტოაპარატით ისეთი კადრები გადაგიღო, რომ ლაპარაკის მიმიკაში შენში აღმოჩნდეს რაღაც ემოციური და მრისხანე.“

ირაკლი მიქაიასვე განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი წევრები, განურჩევლად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ, ქმნიან ერთ გუნდს და გუნდური პრინციპით მუშაობენ. ირაკლი მიქაიას თქმით, მათი მთავარი მიზანია არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ”ქართული ოცნებიდან“ ემზარ კაკულიას არ უმუშავია არც საოლქო საარჩევნო და არც საუბნო კომისიის წევრად. ემზარ კაკულიას თქმით, მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების სერტიფიკატი მიიღო, რათა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი გამხდარიყო.

ემზარ კაკულიამ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც საუბნო კომისიის წევრების არჩევა ხდებოდა, კენჭისყრის პროცესში მხოლოდ ნაწილობრივ მიიღო მონაწილეობა. ემზარ კაკულიას თქმით, ის კანდიდატების დიდ ნაწილს არ იცნობდა და მიუღებლად მიიჩნია კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება, რადგან კომისია მხოლოდ ხელის აწევით უყრიდა კენჭს და არ იყო კონკურსანტებთან გასაუბრება. ემზარ კაკულიასთვის ასევე მიუღებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევისას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დასახელებული მთავარი კრიტერიუმი - სამუშაო გამოცდილება.

„თუ ადამიანი ადრე იყო უბანზე კომისიის წევრი, ეს ჩემთვის კრიტერიუმი არ არის. ჯერ ერთი, ამ ადამიანების მისამართით ადრინდელი არჩევნების დროს იყო ძალიან ბევრი უნდობლობა გამოხატული“, – განაცხადა ემზარ კაკულიამ.
ყველა საჯარო მოხელე, ყველა პედაგოგი ითვლება პოტენციურად სახელისუფლებო წრედ. ამ ხალხის საუბნო კომისიებში მუშაობა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შემაფერხებელი პირობაა...

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად სკოლის პედაგოგებისა და მანდატურების დანიშვნას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შემაფერხებელ პირობად მიიჩნევს ბლოკ „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი კახა სარია.

„ყველა საჯარო მოხელე, ყველა პედაგოგი ითვლება პოტენციურად სახელისუფლებო წრედ. ამ ხალხის საუბნო კომისიებში მუშაობა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შემაფერხებელი პირობაა“, – განმარტავს კახა სარია.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნანა ოყუჯავას განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით, ამომრჩეველთა სია წელს ბევრად დახვეწილია და ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ხარვეზი - ამომრჩევლის არასწორად ჩაწერილი პირადი ნომერი - გამოვლინდა.
XS
SM
MD
LG