Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის არჩევნების თარიღი უცვლელი დარჩება


შეხვედრა ”ქორთიარდ მარიოტში”
შეხვედრა ”ქორთიარდ მარიოტში”
უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის არჩევნების თარიღი - 1 ოქტომბერი - არ შეიცვლება. არ გაიზრდება არც საარჩევნო უბნების რაოდენობა, როგორც ამას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი მოითხოვდა. არჩევნებში საკუთარ ხმას ვერ მისცემენ ვერც რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, - კიდევ ერთხელ განმარტა 7 სექტემბერს სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გამართული შეხვედრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის აზრი, რომ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს საქართველოს ხელისუფლება ხელოვნურ ბარიერს უქმნის, უცვლელი რჩება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესულ 18-მდე წერილს, 2000 ადამიანის ხელმოწერით, ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვაც დაემატა. წერილების მთავარი მოთხოვნა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის არჩევნების თარიღის წინსწრებით 23-30 სექტემბრისათვის გადმოწევა და სხვადასხვა ქალაქებში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაა. მსგავსი შინაარსისაა 5-7 სექტემბრის ამბასადორიალის მონაწილეების სახელზე
ის, რომ არჩევნების დღე არის ორშაბათი, ჩვენი აზრით, არ არის ის ბარიერი, რომ ამომრჩეველმა ხმის მისაცემად მისვლა ვერ შეძლოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩევნების დღედ საზღვარგარეთ არ ცხადდება არც პარასკევი და არც შაბათ-კვირა. ეს დღე არ არის დასვენების დღე...
ზურაბ ხარატიშვილი

გაგზავნილი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართვაც, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებაში შეტანილმა ცვლილებამ, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებმა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად უნდა წარადგინონ ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, რეგისტრაციის პრობლემები შეუქმნა როგორც არალეგალურად მყოფ ემიგრანტებს, ისე უცხოეთში ლეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც.

”დიპლომატიური მისიებიდან დიდი მანძილით დაშორებულ ქალაქებში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა მოითხოვეს დამატებითი უბნების გახსნა. ამისთვის მათ კოლექტიური განცხადებითაც კი მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორშაბათ დღეს არჩევნების დანიშვნა კიდევ უფრო ართულებს მათთვის არჩევნებში მონაწილეობას. მიუხედავად მათი თხოვნისა, არც ცესკო და არც საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ითვალისწინებს საკუთარი მოქალაქეების თხოვნას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ წაართმევთ ჩვენს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას”, – ვკითხულობთ მიმართვაში.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ მსგავსი რამ ხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, როცა ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობს, როგორც ეს მოხდა ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისათვის და მათთვის არჩევნების თარიღად 23 სექტემბერი განისაზღვრა. დღეს, ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს:

”თუ რაღაც მიზეზების გამო ვერ ესწრება არჩევნების ჩატარება 1 ოქტომბერს, ოღონდ არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის, არამედ საერთოდ, ჩვენ მაშინ მივმართავთ პრეზიდენტს, რომ გადაიწიოს თარიღმა რამდენიმე დღით. ის, რომ არჩევნების დღე არის ორშაბათი, ჩვენი აზრით, არ არის ის ბარიერი, რომ ამომრჩეველმა ხმის მისაცემად მისვლა ვერ შეძლოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩევნების დღედ საზღვარგარეთ არ ცხადდება არც პარასკევი და არც შაბათ-კვირა. ეს დღე არ არის დასვენების დღე.”
პარიზსა და ბერლინში, დიდ ქალაქებში, გასაგებია, არის ეს უბნები და მართლაც შესაძლებელია, რომ დილით ან საღამოს მივიდნენ ხმის მისაცემად, მაგრამ 200 და 500 კილომეტრით მოშორებულ ქალაქში როდესაც მუშაობენ, მათ ერთმევათ საშუალება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან სამსახურის გაცდენის გამო მისი დაკარგვის რისკი მაღალია...
გელა ნიკოლაიშვილი

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც ცესკოს სახელზე გაგზავნილი მიმართვის ხელმომწერია, ფიქრობს, რომ რადგან საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს არჩევნების დღეს, 1 ოქტომბერს, უქმე დღედ არავინ გამოუცხადებს, ამ ადამიანებს - განსაკუთრებით კი საარჩევნო უბნებიდან შორს მცხოვრებ ნაწილს - ხმის მიცემის უფლება შეეზღუდებათ:

”პარიზსა და ბერლინში, დიდ ქალაქებში, გასაგებია, არის ეს უბნები და მართლაც შესაძლებელია, რომ დილით ან საღამოს მივიდნენ ხმის მისაცემად, მაგრამ 200 და 500 კილომეტრით მოშორებულ ქალაქში როდესაც მუშაობენ, მათ ერთმევათ საშუალება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან სამსახურის გაცდენის გამო მისი დაკარგვის რისკი მაღალია.”

7 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ”ქართული დასის” წარმომადგენელმა ცესკოში გიორგი ბაშარულმაც შენიშნა, რომ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის ერთ-ერთ ყველაზე ხელის შემშლელ ფაქტორად საკონსულო აღრიცხვისას საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის წარმოდგენა რჩება.

ცესკო ამის პასუხადაც აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებას უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლებისათვის ხელი არ შეუშლია. იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ ანასაშვილი განმარტავს:

”კანონი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობენ ის პირები, ვინც არიან საკონსულო აღრიცხვაზე აყვანილი. და თუ საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა სურს ვინმეს, მან უნდა წარმოადგინოს საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა - სხვა შემთხვევაში მას არ ექნება საკონსულო აღრიცხვა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ პირს ექნება არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, მას არ ექნება საშუალება საარჩევნო უბანზე მივიდეს და მარტივი საარჩევნო რეგისტრაცია გაიაროს.”
ზურაბ ხარატიშვილი
ზურაბ ხარატიშვილი

არ გაიზრდება არც საარჩევნო უბნების რიცხვი, რადგან, ზურაბ ხარატიშვილის თქმით, მათი რაოდენობა (42 უბანი 40 ქალაქში) სრულიად აკმაყოფილებს ამომრჩეველთა მოთხოვნებს. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ საარჩევნო უბნები გახსნილია ყველგან, გარდა რუსეთისა, რადგან, მისი თქმით, რუსეთი არ იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის გადაცემული იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც საარჩევნო უბნის გახსნა იქნებოდა შესაძლებელი. შესაბამისად, რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

დაბოლოს, იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებიან, თუმცა ამჟამად არიან საქართველოში ( და ასეთი ადამიანების რიცხვი, ოფიციალური მონაცემებით არის 18 000), თბილისში საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის უფლება არ ექნებათ იმ მარტივი მიზეზით, რომ ისინი უკვე არიან რეგისტრირებულნი შესაბამის საარჩევნო უბნებზე საზღვარგარეთ. შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა ასეთ მოქალაქეს მოუწოდა, რომ მოითხოვონ საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს 3 სექტემბრის მონაცემების მიხედვით, საკონსულო აღრიცხვაზე სულ 53 000 ადამიანია რეგისტრირებული.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG