Accessibility links

logo-print

სტუდენტები თვითმმართველობის არჩევნების ხარვეზებზე საუბრობენ


სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

18 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობას სტუდენტური ორგანიზაციები "ერთიანი სტუდენტური მოძრაობა", "სტუდენტები სტუდენტებისთვის" და "თავისუფალ სტუდენტთა ალიანსი" იღებდა. წლევანდელ არჩევნებში დარეგისტრირდა 10 დამოუკიდებელი კანდიდატიც. როგორც თსუ-ს სტუდენტები ამბობენ, წინასაარჩევნო პერიოდში თვითმმართველობის წარმომადგენლები სტუდენტებს მხარდაჭერის მოთხოვნით უკავშირდებოდნენ. სტუდენტების მტკიცებით, დარღვევები შეინიშნებოდა საარჩევნო უბნებშიც.

თათია ღელეყვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მან დამოუკიდებელ კანდიდატს მისცა ხმა. როგორც ის გვიყვება, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თვითმმართველობის ლიდერი ორგანიზაციის, ”ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” წარმომადგენლები სტუდენტებს უკავშირდებოდნენ და მათი კანდიდატების მხარდაჭერას ითხოვდნენ:

”სანამ საარჩევნო კამპანია დაიწყებოდა, მანამდეც გვირეკავდნენ. ფეისბუქის საშუალებითაც მიკავშირდებოდნენ ჩემი მეგობრები და მეუბნებოდნენ, ხომ ჩვენ მოგვცემ ხმასო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემ მეგობრები არიან, მიმაჩნია, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღო”, - ამბობს თათია.

მას შემდეგ, რაც მესამედ შეგვაცვლევინეს დოკუმენტები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ბოლოს და ბოლოს, დაგვარეგისტრირეს. მიზეზები ძირითადად თითიდან გამოწოვილი იყო ...
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობას სამი სტუდენტური ორგანიზაცია იღებს, მათ შორის - ლიდერი ორგანიზაცია ”ერთიანი სტუდენტური მოძრაობა”, ”სტუდენტები სტუდენტებისთვის” და ”თავისუფალ სტუდენტთა ალიანსი”. წლევანდელ არჩევნებში რეგისტრაცია გაიარა ათმა დამოუკიდებელმა კანდიდატმაც. როგორც ისინი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებდნენ, რეგისტრაციის პროცესში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათ სერიოზული პრობლემები შეუქმნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე ის ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში დარეგისტრირება მოახერხა.

”მას შემდეგ, რაც მესამედ შეგვაცვლევინეს დოკუმენტები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ბოლოს და ბოლოს, დაგვარეგისტრირეს. მიზეზები ძირითადად თითიდან გამოწოვილი იყო: თითქოს სადღაც ციფრი არ იყო სწორად ჩაწერილი, თითქოს სადღაც რაღაც არ იკითხებოდა და ა.შ.”, - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.

ამ ბრალდებებს უარყოფს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი გეგენავა. მისი მტკიცებით, დამოუკიდებელ კანდიდატთა დარეგისტრირება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობის გამო ვერ ხერხდებოდა:

”ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან არანაირი შეფერხებები არ ყოფილა. ყველა შეფერხება რეალურად დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობის გამო მოხდა.”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილ თორმეტივე საარჩევნო უბანთან სტუდენტების აქტიურობა დილიდანვე შეინიშნებოდა. მესამეკურსელმა თამთა თვალავაძემ სასურველ კანდიდატურას ხმა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მისცა. ამბობს, რომ არსებული თვითმმართველობა, რომლის უმრავლესობას ”ერთიანი სტუდენტური მოძრაობა” წარმოადგებს, არ არის ორიენტირებული სტუდენტების ინტერესებისა და მოთხოვნების დაცვაზე და მათი აქტიურობა უმეტესად მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდება:

”სტუდენტური თვითმმართველობის მთავარია ფუნქცია თვითმმართველობის დებულების მეშვიდე მუხლში ნათლად არის გაწერილი და ის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის შუამავლის როლის შესრულებას გულისხმობს. დღეს თვითმმართველობა ამ ფუნქციას არ ასრულებს და ერთ-ერთი პრეტენზია, რაც ჩვენ მათ მიმართ გვაქვს, სწორედ ეს არის. გარდა ამისა, ყველასათვის ცნობილია, რომ ისინი გარკვეულ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდებიან”, - ამბობს თამთა თვალავაძე.

თვითმმართველობის კანდიდატებს სტუდენტები თავად შეჰყავთ კაბინეტში. არადა, წესით, ისინი საერთოდ არ უნდა იყვნენ საარჩევნო უბნებთან ...

ლაშა ხელაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი, თვითმმართველობის წლევანდელ არჩევნებზე სწორედ ”ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” ერთ-ერთი კანდიდატია. უკვე თვეებია „სტუდენტურ მოძრაობაში“ მოხალისედ მუშაობს, რადგან, მისი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციას შესწევს უნარი უნივერსიტეტის სტუდენტებს არა მხოლოდ მათთვის საინტერესო ღონისძიებები შესთავაზოს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო დახმარებაც გაუწიოს.

”ერთხელაც კი არ მქონია ისეთი შემთხვევა, რომ პოლიტიკური მოსაზრების გამო რაიმე ისეთი ღონისძიების გაკეთება დამვალებოდა, რომელიც ჩემს პრინციპებს არ შეესაბამება”, - ამბობს ლაშა ხელაძე.

ლაშასგან განსხვავებული აზრი აქვს თვითმმართველობის მუშაობაზე ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს ნიკოლოზ აგლაძეს. ის ”ერთიან სტუდენტურ მოძრაობას” რამდენიმე პრეტენზიას უყენებს:

”მაგალითად, სტუდენტებმა ცოტა ხნის წინ მოაწყეს გიორგი ახვლედიანის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია. თვითმმართველობას დაახლოებით 150-200 ლარიანი თანადგომა ვთხოვეთ, მაგრამ ამისათვის მათ თანხები ვერ მოიძიეს.”

თინა ყიფშიძე, სიციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი და დამოუკიდებელი სტუდენტური ორგანიზაციის, ”ლაბორატორია 1918”-ის წევრი, თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ამის მიზეზი კი, მისი თქმით, ბუნდოვანი საარჩევნო პროცესია. ის რადიო თავისუფლებასთან არჩევნების ხარვეზებზე საუბრობს.

”თვითმმართველობის კანდიდატებს სტუდენტები თავად შეჰყავთ კაბინეტში. არადა, წესით, ისინი საერთოდ არ უნდა იყვნენ საარჩევნო უბნებთან. ასევე მათ სტუდენტები გამოჰყავთ ლექციებიდან და ამბობენ, ადმინისტრაცია ათავისუფლებთ ლექციებიდანო, და მიჰყავთ საარჩევნო უბნებში. ჩვენ ამის დამადასტურებელი კადრებიც გვაქვს გადაღებული”, - ირწმუნება თინა ყიფშიძე.

აქვე გეტყვით, რომ, საბოლოო მონაცემებით, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში 120 ადგილზე 154 კანდიდატია რეგისტრირებული. მათგან 120 - ”ერთიანი სტუდენტური მოძრაობიდან”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG