Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიების საარჩევნო ეკონომიკა


პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებულ სკანდალამდე, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები, ამომრჩეველთა გულის მოსაგებად, ხშირად ლაპარაკობდნენ თავიანთ ეკონომიკურ პროგრამებზე, ანუ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, როგორ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და რა უნდა გაკეთდეს საპენსიო სისტემის გასაუმჯობესებლად, განათლების ხარისხის გასაზრდელად და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების ნაწილი გაცხადებული მემარჯვენეა, ზოგი ცენტრისტობას და ზოგიც მემარცხენეობას იჩემებს, მათი ეკონომიკური პროგრამები ძალიან წააგავს ერთმანეთს. ისინი უმუშევრობის შემცირების, პენსიების გაზრდის, მაღალი ხარისხის იაფი სამედიცინო მომსახურებისა თუ სოფლის მეურნეობის აყვავების მთავარ გასაღებად ეკონომიკაში სახელმწიფოს უფრო მეტად ჩარევას მიიჩნევენ. ასეთ დასკვნას აკეთებს ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისმა ორგანიზაციამ, სამ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, პარტიების პროგრამების განხილვები მოაწყო.

"ძირითადად, რაც ლაიტმოტივად გასდევს ყველა პარტიის პროგრამას, ყველა არის გამოკვეთილად მემარცხენე. ზოგი ნაწილი არის ევროპული სოციალ-დემოკრატიული ყაიდის და ზოგიც უფრო რადიკალური."

ნინო ევგენიძეს ასეთი დასკვნის საფუძველს აძლევს ამომრჩევლისთვის კარგად ცნობილი წინასაარჩევნო დაპირებები უფასო განათლების, გადამზადების, უფასო ჯანდაცვისა თუ კომუნალური ტარიფების შემცირების შესახებ.

დავიწყოთ მმართველი პარტიით, რომელიც, მაგალითად, უმუშევრობის დაძლევას და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში ხედავს და აქვე ჰპირდება ამომრჩეველს, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, 1000 ლარიან ვაუჩერებს დაარიგებს, სოფლის მეურნეობაში მილიარდობით ლარს დახარჯავს, პენსიებს საარსებო მინიმუმზე მეტად გაზრდის, მოქალაქეების გადამზადებას დააფინანსებს და ასე შემდეგ.

ამ დაპირებების შესრულების მთავარ გარანტიად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით დარჩიაშვილი, განვლილ გზას ასახელებს:

დავით დარჩიაშვილი
დავით დარჩიაშვილი
„თუკი ჩვენ შევძელით ლამის 12-ჯერ გაზრდა სახელმწიფო ბიუჯეტის და ერთობლივი შიდა პროდუქტის გასამმაგება, ოჯახებმაც მაქსიმალურად უნდა მიიღონ სარგებელი.“

„ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური პროგრამის თანახმად, მოხერხდება 80 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, ხოლო ტურისტთა ნაკადის 7 მილიონამდე გაზრდა დამატებით 140 ათას ადამიანს დაასაქმებს, დაახლოებით 60 ათასი ადამიანი კი ჰესებისა და გზების მშენებლობაზე დაკავდება.

უმეშევრობის დაძლევა, უფასო საბაზისო ჯანდაცვა და საარსებო მინიმუმთან გათანაბრებული პენსია, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის შექმნა - ასეთია მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტის, კოალიცია „ქართული ოცნების“, პრიორიტეტები. კოალიციის აღმასრულებელი მდივნის, ნოდარ ხადურის განცხადებით, პენსიების ზრდა და ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტის დაფინანსება ბიუჯეტიდან მოხერხდება:

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური
„დღეს საქართველოს ბიუჯეტი არის 8 მილიარდი ლარი. ეს თანხა უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თუ გამოვათავისუფლებთ ადმინისტრაციულ და სხვა ხარჯებს, რომელიც 1 მილიარდი ლარია, და თუ გამოვათავისუფლებთ სხვა არაეფექტიან ხარჯებს, მაშინ შესაძლებელი იქნება ამ ორი პროექტის განხორციელება.“

ბიუჯეტის ხარჯზე აპირებს თავისი ეკონომიკური პროგრამის ძირითადი ნაწილის განხორციელებას „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაც“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს:

"დღეს 8 მილიარდზე მეტია ბიუჯეტი... ბიუჯეტი იქნება 10 მილიარდიანი და მას ვანაწილებთ სხვადასხვა პრიორიტეტებზე..."

ლევან ვეფხვაძე
ლევან ვეფხვაძე
”ქრისტიან-დემოკრატებმა” ამომრჩეველს იმითაც დაამახსოვრეს თავი, რომ დაჰპირდნენ უამრავი მომსახურების გაიაფებას და ზოგიერთის უფასოდ მიწოდებასაც კი.

კიდევ ერთი პარტია, რომლის გაცხადებული ორიენტაცია მემარჯვენეობაა, პოლიტიკური ორგანიზაცია ”ახალი მემარჯვენეებია”, მაგრამ ისიც, სხვა კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების მსგავსად, განათლების სფეროს სახელმწიფო დაფინანსების 2-ჯერ და უფრო მეტად გაზრდაზე საუბრობს. პარტიის ლიდერს დავით გამყრელიძეს არ მოსწონს ასევე თავისუფალ საბაზრო პრინციპებზე დამყარებული ჯანდაცვის სისტემის მომსახურება:

დავით გამყრელიძე
დავით გამყრელიძე
„აი, ამ ფონზე, როცა პენსია არის 100-120 ლარი და ადამიანს, რომელსაც სამსახური არ აქვს, ვეუბნებით, რომ შენი ჯიბიდან უნდა გადაიხადო წამლისა და მკურნალობის საფასური, ვეუბნებით, წადი და შენ თვითონ მიხედე შენს მკურნალობას და არ ვთავაზობთ არანაირ სქემას და საგადასახადო მოტივაციას ამისთვის არ ქმნი, პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები განწირული გვყავს უმძიმესი მომავლისათვის.“

რაც შეეხება მკვეთრად გამოხატული მემარცხენე ორიენტაციის კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს, ლეიბორისტულ პარტიას, ის ამომრჩეველს, ყველაფრის გაიაფების გარდა, ჰპირდება, რომ ქონებას მდიდრებს წაართმევს და ღარიბებს გადაუნაწილებს.

ეკონომიკის ექსპერტთა მნიშვნელოვანი რაოდენობა პარტიების საარჩევნო პროგრამების სოციალურ-ეკონომიკურ ნაწილს მწვავედ აკრიტიკებს. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტის, პაატა შეშელიძის აზრით, პარტიები ამომრჩეველს ახალს არაფერს სთავაზობენ:

„ამას პროგრესულს მე ვერ დავარქმევდი. ეს არის წარსულში დაბრუნება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გავიარეთ ეს ისტორია, როცა სახელმწიფო კისრულობდა ამ ვალდებულებას, მაგრამ ის მაღალ დონეზე ამას ვერ ასრულებდა.”

ამ კრიტიკასთან ერთად, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ, სამწუხაროდ, 1 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო პროგრამების ეკონომიკურ ნაწილს როგორც ელექტორატი, ასევე პარტიებიც ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.
XS
SM
MD
LG