Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში ლუკაშენკოს „მორჩილ“ პარლამენტს ირჩევენ


არჩევნები ბელორუსიაში
არჩევნები ბელორუსიაში
18 სექტემბერს ბელორუსიაში დაიწყო ექვსდღიანი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც კვირას დასრულდება. საკანონმდებლო ორგანოს, რომელშიც, როგორც წესი, მხოლოდ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ერთგული მაჟორიტარი კანდიდატები ხვდებიან, ბელორუსიაში ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევენ. იმის გამო, რომ არჩევნები ამჟამადაც არათანაბარ პირობებში და ოპოზიციონერი აქტივისტების რეპრესიების თანხლებით ტარდება, ბევრმა წამყვანმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მოხსნა კანდიდატურა, ზოგიერთმა კი საკუთარ მომხრეებს მოუწოდა არ მიიღონ მონაწილეობა „პოლიტიკურ ფარსში“ და ამის ნაცვლად სადმე „სათევზაოდ წავიდნენ“.

საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბელორუსიის ორმა წამყვანმა ოპოზიციურმა ძალამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს, მათმა კანდიდატებმა კი ბელორუსიაში არსებული დისკრიმინაციული საარჩევნო სისტემის მიმართ პროტესტის ნიშნად მოხსნეს საკუთარი კანდიდატურები. ოპოზიციურმა „გაერთიანებულმა სამოქალაქო პარტიამ“ და „ბელორუსიის ეროვნულმა ფრონტმა“ ამომრჩეველს მოუწოდეს დროს ნუ დაკარგავენ ფარსში მონაწილეობით და დრო უფრო შინაარსიანად გაატარონ - „სათევზაოდ ანდა სოფელში მშობლების სანახავად წავიდნენ“. ალექსანდრ კაბანოვმა, დეპუტატობის კანდიდატმა „გაერთიანებული სამოქალაქო პარტიიდან“, ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ ბოიკოტი ეს არის პირველი ნაბიჯი სამართლიანი არჩევნებისაკენ:

„ჩემი მოწოდების არსი იმაში მდგომარეობს, რომ 23 სექტემბერი ეს არის დღე, რომლის გატარებაც გაცილებით უფრო საინტერესოდ შეიძლება -ვთქვათ, წახვიდეთ სათევზაოდ, სოკოს მოსაკრეფად ანდა დაისვენოთ მეგობრებთან ერთად და არ მიიღოთ მონაწილეობა წინასაარჩევნო ფარსში. მთავარი ფრაზა კი ჩემს მოწოდებაში იყო ის, რომ თუკი თქვენ გსურთ სამართლიანი არჩევნები, მაშინ უგულებელყავით უსამართლო არჩევნები და ეს იქნება პირველი ნაბიჯი სამართლიანი არჩევნებისაკენ.“
ოპოზიციონერთა თქმით, სწორედ ამ დროს ხდება ხმების მასობრივი გაყალბება, რადგან ამ ვადამდელი ხმის მიცემის პროცესში ჩაყრილი ბიულეტენები ელემენტარულად იცვლება მთავრობის მომხრე კანდიდატების სასარგებლოდ გაყალბებული ბიულეტენებით...
ალექსეი ზნატკევიჩი

ოპოზიციურ პარტიებს ბელორუსიაში ბევრი მიზეზი აქვთ იმისათვის, რომ ბოიკოტი და უნდობლობა გამოუცხადონ არჩევნებს. უმთავრესი ისაა, რომ საკანონმდებლო ორგანოში არჩევნები მაჟორიტარული პრინციპით ტარდება და იგნორირებულია პარტიული წარმომადგენლობა. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები არ არიან წარმოდგენილნი საარჩევნო ადმინისტრაციის არც ერთ დონეზე; კანდიდატებს არ მიუწვდებათ ხელი მედიის საშუალებებზე და ვერ ახერხებენ წინასაარჩევნო შეხვედრებს ამომრჩევლებთან; მათ სხვადასხვა მიზეზით უარს ეუბნებიან რეგისტრაციაზე; რეპრესირებულია და ციხეებში იმყოფება ოპოზიციის 20-მდე აქტივისტი, რომლებიც რეჟიმმა შეთითხნილი ბრალდებებით 2010 წლის 20 დეკემბერს გამართული საპროტესტო აქციების დროს დააკავა. ასეთ არათანაბარ პირობებში ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურა კიდევ უფრო ზრდის ხმების გაყალბების ალბათობას რეჟიმის მომხრე კანდიდატების სასარგებლოდ, ამბობს ჩემი კოლეგა ალექსეი ზნატკევიჩი, რადიო თავისუფლების ბელორუსიის სამსახურის თანამშრომელი.

„ოპოზიციონერთა თქმით, სწორედ ამ დროს ხდება ხმების მასობრივი გაყალბება, რადგან ამ ვადამდელი ხმის მიცემის პროცესში ჩაყრილი ბიულეტენები ელემენტარულად იცვლება მთავრობის მომხრე კანდიდატების სასარგებლოდ გაყალბებული ბიულეტენებით. და ამ პროცესის გაკონტროლება აბსოლუტურად შეუძლებელია. საარჩევნო კოდექსით, ეს ბიულეტენები, წესით, ცალ-ცალკე უნდა დაითვალონ, მაგრამ ასე არ ხდება. ყოველთვის, როდესაც ხმებს ითვლიან, ერთმანეთში ურევენ ვადამდელი არჩევნებისას ურნებში ჩაყრილ ბიულეტენებს და იმ ბიულეტენებს, რომლებითაც ხალხმა ხმა არჩევნების დღეს მისცა.“
ბელორუსიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა, რომელიც კანონებს უნდა ქმნიდეს, ძირითადად დაკავებულია იმ პროექტების დამტკიცებით, რომელთა შემუშავებაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხდება...
ალექსეი ზნატკევიჩი

როგორც ზემოთ ითქვა, ე.წ. ვადამდელი ხმის მიცემა, რომელიც 18 სექტემბერს დაიწყო, ძირითადად ბელორუსიის საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის არის შემოღებული. სამშაბათ საღამოს ბელორუსიის საკონსულოში გახსნილ საარჩევნო უბანზე პრაღაში ხმა ალექსეი ზნატკევიჩმაც მისცა, მაგრამ ჩემი კოლეგა დარწმუნებულია, რომ მისი არჩევანი ბელორუსიის საკანომდებლო ორგანოში ვერაფერს შეცვლის. ათეულ წელზე მეტია ბელორუსიის საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებენ ბელორუსიის ავტოკრატი ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერები, რეჟიმის მიმართ ლოიალურად განწყობილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ეს კი ევროპის უკანასკნელ დიქტატორს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელსაც, სხვა ავტოკრატი ლიდერებისაგან განსხვავებით, არ ჰყავს საკუთარი პოლიტიკური ძალა, ალექსეი ზნატკევიჩის თქმით, აძლევს აბსოლუტურ კარტ-ბლანშს, აკონტროლოს საკანონმდებლო ორგანო:


„ამასთან, პარლამენტს ძალიან შეზღუდული უფლებამოსილება აქვს. ანუ ბელორუსიის პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს სრულად აკონტროლოს პარლამენტის მუშაობა. გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოს ძალიან შეზღუდული აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაც. ბელორუსიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა, რომელიც კანონებს უნდა ქმნიდეს, ძირითადად დაკავებულია იმ პროექტების დამტკიცებით, რომელთა შემუშავებაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხდება.“

თუმცა ბელორუსიის ოპოზიციის კრიტიკას არ ეთანხმება ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც არჩევნების ბოიკოტს „ამომრჩევლების მიმართ უპატივცემულობად“ მიიჩნევს. საწინააღმდეგო აზრი აქვთ ევროპელ დამკვირვებლებს და უფლებადამცველებს, რომლებიც, წინასაარჩევნო დარღვევების გარდა, ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ ბელორუსიის ციხეებში დღემდე რჩება 2010 წლის 20 დეკემბრის მოვლენების შედეგად ორი წლის წინ დაპატიმრებული 15 პოლიტიკური პატიმარი. ამ ფონზე ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რა შეფასება ელოდება ამჟამინდელ საპარლამენტო არჩევნებსო, - ამბობს ალექსეი ზნატკევიჩი. ბელორუსიაში ორი წლის წინ ჩატარებულ საპრეზიდენტო და 4 წლის წინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებმა გადაჭრით უწოდეს „უსამართლო“ და „არადემოკრატიული“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG