Accessibility links

logo-print
”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ მომზადებული წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მესამე ანგარიშის თანახმად, ივნისში პოლიტიკური პროცესების მნიშვნელოვნად გააქტიურებას ძალადობრივი ფაქტების მატებაც მოჰყვა. „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიში 4 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

საანგარიშო პერიოდში, ”სამართლიანი არჩევნების” თანახმად, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გაათავისუფლეს, სავარაუდოდ, 7 ადამიანი. იყო მუქარისა და ზეწოლის 17, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების 4, ადმინისტრაციული ზომების გამოყენების 7 და მოსყიდვის 5 შემთხვევა. ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის” საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას თანახმად, აპრილიდან მოყოლებული, ძალადობის ფაქტების ყოველთვიური მატება უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა.

” ძირითადი შეფასება, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ იმატა ძალადობრივმა ქმედებებმა. ანუ თუ, ვთქვათ, პირველ ანგარიშში ნაკლებად იყო მუქარა და ფიზიკური ანგარიშსწორება თითქმის არ იყო, მეორეში უკვე ორი შემთხვევა გვქონდა და დღეს უკვე 4 შემთხვევა გვაქვს და 17 შემთხვევა გვაქვს მუქარისა და ზეწოლის მოქალაქეებსა და აქტივისტებზე. ამიტომ, საერთო ჯამში, ტენდენცია არის ის, რომ ნამდვილად მომატებულია, სამწუხაროდ, დაპირისპირება, რომელიც ხშირად გამოიხატება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში და სხვა ტიპის ძალადობრივ ქმედებებში.”

ნინო ლომჯარია აღნიშნავს იმასაც, რომ მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილი ცალკეული ფაქტები შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. სწორედ ამიტომ ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, ანგარიშში მოყვანილი ფაქტები სათანადო შესწავლისა და რეაგირების გარეშე არ დატოვონ.

მეორე ანგარიშშიც იყო ტენდენცია, რომ პირველ ანგარიშთან შედარებით გაუარესებულია მდგომარეობა. მესამე ანგარიშში, ფაქტობრივად, გაუარესებულია, მეორე ანგარიშთან შედარებით ...

ფაქტები კი, თავის მხრივ, რეგიონების მიხედვითაა გაწერილი და თავმოყრილია ისეთ თემატურ ჯგუფებში, როგორიცაა სამსახურიდან გათავისუფლება, ზეწოლა ბიზნესზე, ზეწოლა მოქალაქეებზე, ზეწოლა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებზე და სხვ. ცალკეა ასევე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების, ფიზიკური ანგარიშსწორების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, სოციალური დახმარების შეწყვეტის საქმეები.

მოყვანილია ასევე პოლიტიკური პარტიების აქტივობის სტატისტიკაც, კერძოდ, ”სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, 2012 წლის 4 ივნისიდან 1 ივლისამდე პერიოდში ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 57 საჯარო შეხვედრა გამართა, ”ქართულმა ოცნებამ” კი მასზე თითქმის ორჯერ მეტი-105. მომდევნო ადგილებზე, 34 და 11 შეხვედრით, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ქრისტიან-დემოკრატები” გადიან. ”სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი შენიშნავს, რომ პარტიების დაპირებები მოსახლეობისადმი თითქმის ერთნაირი გახდა. პარტიები აქცენტს აკეთებენ სოფლის მეურნეობაზე, დასაქმებასა და დაზღვევაზე. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია არ დაუწყია, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე ხშირად წინასაარჩევნო ხასიათის დაპირებები ისმის.

”სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს ყველა ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით 1 აპრილიდან ახორციელებს. ამ დროისათვის გამოქვეყნებულია სამი შუალედური ანგარიში. არჩევნებამდე, სავარაუდოდ, კიდევ 3 ანგარიში მომზადდება. ”არჩევნებისა და პიარ-ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი კახი კახიშვილი ვარაუდობს, რომ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ანგარიშში მოყვანილი კანონსაწინააღმდეგო ფაქტები კიდევ უფრო მძიმე და მასშტაბურ სახეს შეიძენს:

”მეორე ანგარიშშიც იყო ტენდენცია, რომ პირველ ანგარიშთან შედარებით გაუარესებულია მდგომარეობა. მესამე ანგარიშში, ფაქტობრივად, გაუარესებულია, მეორე ანგარიშთან შედარებით, მდგომარეობა და ფაქტია,რომ ყოველთვიურად, რაც უფრო ახლოს მივიწევთ არჩევნების დღემდე, უფრო მეტ ძალადობას აქვს ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ მეოთხე ანგარიში კიდევ უფრო გაუარესებული იქნება, ვიდრე მესამე. თუნდაც კარალეთის და სხვა შეხვედრები ჯერჯერობით მესამე ანგარიშში არ ასახულა და უნდა ველოდოთ, რომ მეოთხე ანგარიშში აისახება.”

მანამდე კი, ვიდრე 12 ივლისს კარალეთის დევნილთა დასახლებაში ხელისუფლების მხარდამჭერებისა და კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტი, მერეთისა და სხვა, ნაკლებად გახმაურებული ინციდენტების დარად, ”სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო მონიტორინგის მასალებში მოხვდება, კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისათვის” ინციდენტში მონაწილე იდენტიფიცირებული საჯარო მოხელეების დასჯას ითხოვს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG